მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა, 2.3 მილიონზე მეტი პაციენტი კი გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 107 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2.3 მილიონზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 78.8 მილიონს მიაღწია. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ – 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რიცხვი 26 მილიონს უახლოვდება.

კოვიდ 19-ის სტატისტიკაზე საუბრისას ასევე აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების მთავრობამ ე.წ. კომენდანტის საათი 2 მარტამდე გაახანგრძლივა, რის შესახებაც ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ფერდინანდ გრაპერხაუუსმა განაცხადა.

„გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან კორონავირუსის ირგვლივ სიტუაცია გაურკვეველია. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველდღიურად მცირდება, ჯერ კიდევ გაუგებარია, შემდგომში როგორ განვითარდება მოვლენები ბრიტანული შტამის გავრცელების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

უცხოური მედიის თქმით, თავის მხრივ, ნიდერლანდების პოლიციაში განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მთავრობის გადაწყვეტილებას და ე.წ. კომენდანტის საათის შესრულებას უზრუნველყოფენ.

„ნიდერლანდებში ე.წ.  კომენდანტის საათი 21:00 საათიდან 04:30 საათამდე მოქმედებს. ეს არის პირველი შემთხვევა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს. აღნიშნულმა შეზღუდვამ რამდენიმედღიანი მანიფესტაციებიც გამოიწვია, რის შედეგადაც პოლიციამ ასობით დემონსტრანტი დააკავა“, – წერს უცხოური მედია.

ასევე,  საუბარია გერმანიაში არსებულ ვითარებაზე და აღნიშნულია, რომ  მოსახლეობის 3 პროცენტიც კი არ არის ჯერ აცრილი.

გასულ კვირას კანცლერმა, მერკელმა განაცხადა, რომ 2021 წლის სექტემბრისთვის სრულიად ქვეყნის მოსახლეობა იქნება ვაქცინირებული და დააანონსა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე.

„ჩვენ გვაქვს ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია, რომელიც მოიცავს ვაქცინაციის გეგმას და ამ გეგმის მიხედვით გაიწერება ვაქცინის დოზების მიღების სავარაუდო თარიღები“, –  განაცხადა მერკელმა

პანდემიაზე საუბრისას ასევე ხაზგასმულია, რომ ბელგიაში პოლიციამ კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის რამდენიმე წვეულება დაშალა.

„ბელგიაში,   ბრიუსელში პოლიციამ დაშალა კიდევ ერთი წვეულება, რომელსაც 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. წვეულების თითოეული დამსწრე პირი დაჯარიმდა 750 ევროთი, ხოლო წვეულების ორგანიზატორი გადაიხდის ჯარიმას 4 ათასი ევროს ოდენობით.

ასევე  ქალაქ ანტვერპენში, პოლიციამ დაშალა სამი სხვადასხვა წვეულება, რომლებიც კოვიდ რეგულაციების უხეში დარღვევებით მიმდინარეობდა. 7 თებერვალს, გამთენიისას, პოლიციის განყოფილება შევიდა  შეტყობინება, რომელიც იუწყებოდა, რომ შეკრებილები  არღვევდნენ რეგულაციებით განსაზღვრულ წესებს. დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას.

გენტში  6-7 თებერვალს სამართალდამცავებმა დაშალეს 87 სხვადასხვა შეკრება, რომელიც კოვიდ წესების დარღვევით მიმდინარეობდა. წვეულებების მონაწილეები პოლიციამ დააჯარიმა 250, წვეულების ორგანიზატორები კი 750 ევროთი. პოლიციის განცხადებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა ხალხმრავალი შეკრებები, ამიტომ, ისინი უფრო მკაცრად გააკონტროლებენ კოვიდ რეგულაციების დაცვის პროცესს.

უკანასკნელი მონაცემების მიხედვით, ბელგიაში ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი გაიზარდა 11%-ით, გასული კვირის მაჩვენებელთან შედარებით. ასევე, მზარდია კოვიდ ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი“, –  წერს უცხოური მედია.

ასევე აღნიშნულია, რომ კვლევების თანახმად დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით კი რესტორნებში, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია.

„პანდემიის პერიოდში ჩატარებული არაერთი კვლევა მოწმობს, რომ დახურულ სივრცეებში, განსაკუთრებით კი რესტორნებში, ინფექციის გავრცელების რისკი მაღალია, რადგან შეუძლებელია პირბადის მუდმივად ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა. იმ შემთვევაშიც კი, თუ რესტორნებში მაგიდები ერთმანეთისგან დაცილებულია, ინფიცირების შანსი მაღალია, რადგან ვირუსის წვეთების გავრცელების მანძილი დიდია, რასაც ხელს უწყობს კონდიცირების სისტემაც. ჯანდაცვის ამერიკელი ექსპერტები შიშობენ, რომ რესტორნების შიდა სივრცეების გახსნა შექმნის კომფორტულ პირობებს ვირუსის გავრცელებისთვის, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში დომინანტია კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამი, რომელიც თითქმის 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება“, – წერს უცხოური მედია.

სტატისტიკაზე საუბრისას ყურადღება გამახვილებულია პორტუგალიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ავსტრიასა და რუსეთში არსებულ ვითარებაზე.

„პორტუგალიის დედაქალაქში, ლისაბონში, არაერთი საავადმყოფო მუშაობს შესაძლებლობების ზღვარზე. ეს იმ პირობებში, როდესაც არ წყდება სასწრაფო დახმარებების მანქანების ნაკადი, რომელთაც კოვიდ ინფიცირებულები გადაჰყავთ. მედიის ინფორმაციით, მედ-პერსონალი ორმაგი დატვირთვით მუშაობს და საავადმყოფოებში მოთავსებული პაციენტების რაოდენობა ორჯერ აღემატება სამედიცინო პერსონალისა და აღჭურვილობის შესაძლებლობებს. არის შემთხვევები, როდესაც ექიმებს კრიტიკული პაციენტის გადაყვანა უწევთ სხვა საავადმყოფოში, რადგან არ არსებობს ადგილზე მათი მოვლის სამედიცინო შესაძლებლობები. ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ასეთი დამძიმება გამოიწვია კოვიდის ე.წ. ბრიტანულმა შტამმა, რომლის ინტენსიური გავრცელება უკავშირდება შობა-ახალი წლის პერიოდში გაზრდილ მობილობას.

8 თებერვლის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 14 104 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 333 ადამიანი კი გარდაიცვალა; 8 თებერვლის მონაცემებით, უელსში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების 13 შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად, უელსში ე.წ კენტის შტამია დომინანტი; უელსში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 000-ის ნიშნულს გადაცდა.

8 თებერვალს, ავსტრიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაფრთხილება გაავრცელეს, რომელიც მოქალაქეებს ალპურ რეგიონ ტიროლში,  არასასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს. მიზეზად, ამ რეგიონში ვირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის დაფიქსირება სახელდება. საერთო ჯამში, ტიროლში ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის 293 შემთხვევაა აღრიცხული, რომელთაგან სულ ცოტა  140 აქტიურ შემთხვევად ითვლება.

ბოლო 24 საათში, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 15 916 და გარდაცვალების 407 ფაქტი გამოვლინდა“, –  წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები