პრემიერმინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის ახალი ხელმძღვანელი და 4 რეგიონის ახალი გუბერნატორები დანიშნა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურს კონსტანტინე ანანიაშვილი უხელმძღვანელებს. სამსახურის ახალი ხელმძღვანელი პრემიერმინისტრმა – გიორგი გახარიამ დღეს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს წარუდგინა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ კონსტანტინე ანანიაშვილი კოორდინაციას გაუწევს რეგიონებთან და სახელმწიფო რწმუნებულებთან მთავრობის ეფექტიან ურთიერთობას.
„გუბერნატორების კორპუსს ეყოლება ახალი ხელმძღვანელი, ეს გახლავთ კოტე ანანიაშვილი. კოტე ანანიაშვილის ძირითადი ფუნქცია იქნება გუბერნატორების კორპუსის მართვა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის გაძლიერება. ამაზე იქნება კოტე პასუხისმგებელი. თქვენი ძირითადი საყრდენი ყოველდღიური მართვის პირობებში იქნება კოტე. ჩვენ ასევე გვექნება შეხვედრები, თავდაპირველ ეტაპზე, კვირაში ერთხელ, ზუსტად ისე, როგორც იმართება მთავრობის სხდომები, გაიმართება ეს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გუბერნატორები“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.
კონსტანტინე ანანიაშვილი იყო აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი და 2005 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. 2013-2016 წლებში იგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უფროსი, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე და სამმართველოს უფროსი. 2016 წლიდან 2018 წლის აგვისტომდე შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა.
დღეიდან ახალი გუბერნატორები ეყოლება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს.
მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას გიორგი სახოკია დაიკავებს, რომელიც დღემდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. 2014 წლიდან გიორგი სახოკია მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის – იყო ადმინისტრაციის უფროსი, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საჯარო ინფორმაციის სამმართველოს უფროსი. 2013-2014 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოში შიდა აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობდა. აქვს კერძო სექტორში, ასევე არაერთ საერთაშორისო პროექტში, მათ შორის მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. გიორგი სახოკია პროფესიით სამართალმცოდნეა, განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე არის არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე.
შიდა ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულად მამუკა საღარეიშვილი დაინიშნა. მამუკა საღარეიშვილი 2005 წლიდან, შინაგან საქმეთა სამინიტროში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობს. იგი 2015 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის აგვისტომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო შემდეგ – შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო. 2018 წლის სექტემბრიდან იყო თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ხოლო 2020 წლის აპრილიდან – სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე იქნება. პარმენ მარგველიძეს, რომელიც 2013-2017 წლებში აღნიშნულ რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული უკვე იყო, საჯარო სამსახურში მუშაობის მდიდარი გამოცდილება აქვს. იგი არაერთი წლის განმავლობაში მუშაობდა შემოსავლების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის იყო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქუთაისის სერვისცენტრის უფროსი, უბნის ოფიცერთა სამმართველოს იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სექტორის უფროსი, მომსახურების სამმართველოს ამბროლაურის სერვისცენტრის უფროსი, გადასახადების ადმინისტრირების სამმართველოს ამბროლაურის განყოფილების უფროსი.
მცხეთა-მთიანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობას დავით ნოზაძე დაიკავებს. დავით ნოზაძე პროფესიით იურისტია, მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დავით ნოზაძეს აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იგი მუშაობდა არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოში, მათ შორის ასრულებდა სააგენტოს უფროსის მოვალეობას, იყო სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი, უწყების იურისტი, 2004-2010 წლებში კი კერძო სექტორში საქმიანობდა.
დანარჩენ ხუთ რეგიონში გუბერნატორებად დაინიშნენ ისინი, ვინც აქამდე მათ მოვალეობას ასრულებდნენ. კერძოდ, სამეგრელო-ზემო სვანეთი – მალხაზ თორია; კახეთი – ირაკლი შიოშვილი; თანამდებობებზე რჩებიან ქვემო ქართლში – შოთა რეხვიაშვილი; სამცხე-ჯავახეთში – ბესიკ ამირანაშვილი, ხოლო იმერეთში – ზვიად შალამბერიძე.