ვახტანგ მეგრელიშვილი: ზურა ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს პარლამენტში, მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო, თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს
პარტია „გირჩის“ ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 0%-იანი ბარიერით ჩატარების პირობას დაეთანხმება, ისინი პარლამენტში შევლენ.
„პირველ ყოვლისა, ,,ქართული ოცნების,, მხრიდან უნდა დაიდოს ისეთი წინადადება, რომელსაც თქვენც გაიგებთ და მეც არანაირი კითხვა არ მექნება. ამის შესახებ არაერთხელ არის საჯარო სივრცეში ნათქვამი და დაწერილიც. ეს წინადადება ფასილიტატორებთან მაგიდაზე იდო. ჩვენ გვინდა, გავიგოთ, რომ რომელიღაც მხარე უარს ამბობს ხელისუფლების ერთპიროვნულად ხელში აღებაზე. მე მინდა, რომ ზურა ჯაფარიძე შემოვიდეს პარლამენტში. ვერ წარმომიდგენია, რომ ზურა ჯაფარიძე არ შემოვიდეს, თუ ეს წინადადება იქნება. ზურაბ ჯაფარიძისთვის ეს იქნება ტესტი. თუ ეს პირობა იდება, ზურაბ ჯაფარიძეს მორალურად ევალება, შემოვიდეს. მან თქვა, ეს არის მარსზე ნაკვეთიო. თუ მარსზე ნაკვეთი მივიღეთ, შემოღობვაში ხომ უნდა დამეხმაროს,“ – აღნიშნავს მეგრელიშვილი.
ამასთანავე, „გირჩის“ ლიდერის განცხადებით, თუ „ქართული ოცნება“ დაარწმუნებს, რომ არ სურს ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია, მაშინ, პარლამენტში არამარტო შევლენ, არამედ „ოცნებასთან“ ერთად ყველაფერს გააკეთებენ, რათა გარეთ დარჩენილ ოპოზიციას მანდატები ჩაუხსნან.
„თუ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვარწმუნა იმაში, რომ მას არ სურს ამ ქვეყანაში ხელისუფლების უზურპაცია მეტად, მეტად იმას ნიშნავს, რომ საბოლოო ჯამში ის დათანხმდება მართლა პროპორციულ არჩევნებს და ვიღაც პარტიები და პოლიტიკოსები ამაზე არ მოდიან, მე რა მინდა იმ ხალხთან ერთად? რა სიტუაციაში შეიძლება, დავრჩე მათთან ერთად, რომელიც აპირებს, რომ ხელისუფლების უზურპაციით ისარგებლოს იმ შემთხვევაში და ვთქვათ, მიშა სააკაშვილი გახდეს შემდეგი უზურპატორი.
ამ შემთხვევაში, არათუ შევალ, ვეცდები, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ამ ხალხს ჩავუხსნათ მანდატები, ისეთი მოხდეს, რომ ამ ხალხს პოლიტიკაში ადგილი აღარ ჰქონდეთ,“ – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.