საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება თითქმის 6%-ით შემცირდა
2020 წლის განმავლობაში ელ. ენერგიის გენერაცია 2019 წელთან შედარებით 5.9%-ით შემცირდა. თბოსადგურების გენერაცია მნიშვნელოვნად არ შეიცვალა (-0.7% წ.წ.), თუმცა, განახლებადი ენერგიის წყაროების გენერაცია წ.წ. -7.7%-ით არის შემცირებული.
როგორც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ენერგომიმოხილვაშია აღნიშნული, პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ელ. ენერგიის მოხმარება, (-10.3% წ.წ.) 2020 წელს, რაც შემცირებული ეკონომიკური აქტივობით, მსხვილი კრიპტომწარმოებლების მოხმარების შემცირებითა და თითქმის განულებული ტურიზმით აიხსნება.
მიმოხილვის მიხედვით, ოკუპირებული აფხაზეთის მზარდმა ენერგომოხმარებამ ენგურჰესის გენერაციის 93% შეადგინა და აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის ერთ სულზე მოხმარება 3.3-ჯერ აჭარბებს მოხმარებას დანარჩენ საქართველოში. 2020 წელს წ.წ. +24%-ით გაიზარდა და რეკორდულად მაღალი იყო აფხაზეთის ელ. ენერგიის მოხმარება (2.5 ტვტ. სთ.). აღნიშნული, გარკვეულწილად, გამოწვეულია ენგურჰესის გენერაციის შემცირებით 2020 წელს.