ლევან თარხნიშვილი: ქვეყანა კრიზისშია – “ქართული ოცნება” რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის

“ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე შეეშვება „კლოუნადას“ და აღიარებს არსებულ რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილის თქმით, მათი მოთხოვნები, რომელიც, მათ შორის, ვადამდელი არჩევნების ჩატარებას უკავშირდება, უცვლელია.

„ქართული ოცნება“ ვერაფრით ჩამოყალიბდა, რა უნდა, რადგან, ერთი მხრივ, მისი ლიდერები აცხადებენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და, შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მეორე მხრივ, იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში. რეალობა სულ სხვაა – ქვეყანა ღრმა კრიზისში იმყოფება, ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტალურ ცვლილებებს, რაც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ ადმინისტრაციას, ასევე, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას, ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა ვერავითარი ნულპროცენტიანი ბარიერი, კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც „ევროპული საქართველო“ და არც სხვა ოპოზიციური პარტიები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, „ქართული ოცნება“ კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობასა და “კლოუნადას”, მით უკეთესი იქნება მისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენი პოზიცია უკვე დაფიქსირებულია და რატომ არ იხილავს განცხადებებს, ეს სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განუცხადოს საზოგადოებას და ასევე „ქართულმა ოცნებამ“ უნდა განაცხადოს, როდის დასრულდება ეს „კლოუნადა“. ჩვენ სათქმელი ამ მხრივ არაფერი გვაქვს, ჩვენი მოთხოვნები იგივეა”, – განაცხადა თარხნიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები