კერძო კოლექციით გამდიდრებული ეროვნული საგანძური – მამუკა ქაფიანიძესთან შეხვედრა

9 თებერვალს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის ონლაინსაუბრების სერიის – „შეხვდი მეცნიერს“ ფარგლებში, მომდევნო შეხვედრა ეროვნული მუზეუმის ისტორიისა და ეთნოლოგიური კოლექციების უფროს კურატორთან, ისტორიის დოქტორთან, მამუკა ქაფიანიძესთან გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, მეცნიერი ისაუბრებს გენერალ ზურაბ კობიაშვილის (1864-1931) კოლექციაზე, რომელიც 1926 წელს საქართველოს მუზეუმმა მისგან შეიძინა საბრძოლო იარაღებთან და ე.წ. „ბუდისტურ კოლექციასთან“ ერთად.
მუზეუმში დაცულია ინდოეთისა და შორეული აღმოსავლეთის ხალხთა ეთნოკულტურის ნიმუშები: ინდუისტურ და ბუდისტურ ღვთაებათა ბრინჯაოს, კერამიკისა და ხის გამოსახულებები, ღვთისმსახურებისათვის განკუთვნილი თუ საყოფაცხოვრებო დანიშნულების საგნები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილია საბრძოლო იარაღები, რომელიც მოიცავს როგორც ქართულ, ასევე კავკასიურ, რუსულ, ევროპულ, ამერიკულ, ახლო და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების ნიმუშებს. წლების განმავლობაში გენერალმა იარაღის მდიდარი კოლექცია შეაგროვა და, როგორც იმდროინდელი კომისია აღნიშნავდა, „გაამდიდრა ეროვნული საგანძური“. ასევე, საინტერესოა მისი ფერწერული კოლექცია. მუზეუმში წარმოდგენილი ექსპონატების ქრონოლოგიური ჩარჩო XVI-XIX საუკუნეებით განისაზღვრება.
მამუკა ქაფიანიძე ისაუბრებს გამოფენასა და კატალოგზეც, რომელიც გენერალ ზურაბ კობიაშვილის კოლექციას მიეძღვნა.
პროექტის მხარდამჭერია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი.
შეხვედრა ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება.
შეხვედრაზე დასასწრებად სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/3cF2ilh

.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები