სოსო ფხაკაძე: საზოგადოება ხედავს, რომ ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, ბევრი რამ გაეხსნა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, სოსო ფხაკაძეს განცხადებით, ასოციაცია თანაზიარი იყო მთავრობის იმ მოსაზრების, რომ პირველ ყოვლისა  ეპიდსიტუაცია უნდა დარეგულირებულიყო და ამის შემდგომ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი.

ამის შესახებ ფხაკაძემ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და მსხვილ დამსაქმებლებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან სკურპულოზურად ვუყურებდით ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და, აქედან გამომდინარე, თანაზიარი ვიყავით იმ მოსაზრებისა, რომ პირველ ყოვლისა ეპიდსიტუაცია უნდა დარგეულირებულიყო და ამის შემდგომ შეიძლებოდა უკვე ეკონომიკის გახსნაზე საუბარი და ა.შ. ფაქტია, მთელი საზოგადოება ხედავს, რომ ამ მხრივ სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია, რამაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, რომ დღევანდელი დღიდან ბევრი რამ გაეხსნა და ამისთვის ძალიან მადლობლები ვართ”, – აღნიშნა ფხაკაძემ.

მისივე თქმით, ეს პოზიტიური სიგნალია ბიზნესისა და ეკონომიკისთვის.

„ეს პოზიტიური სიგნალია ეკონომიკისთვის და პოზიტიურ ვიბრაციას შექმნის, ბუნებრივია, ბიზნესებისთვის. ასევე, ჩვენ დავაყენეთ ძალიან კონკრეტული საკითხი, დარჩენილი შეზღუდვები რაც არის, მათზე ძალიან მალე ვიმსჯელოთ და ისევ და ისევ მივიღეთ დაპირება, რომ დააკვირდებიან მომავალი ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას, ვისაუბრეთ რაღაც პარამეტრებზე კორონავირუსის ახალ შემთხვევებთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ორ კვირაში ჩვენ იმასაც მივაღწევთ, რომ დარჩენილი შეზღუდვები რაც არის ისიც თანდათანობით გაუქმდეს,” – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა პრემიერის მხრიდან რაიმე მითითება, საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა თქვა, რომ „იყო თხოვნა და ეს ჩვენთვის გასაგებია, რომ ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოთხოვნები, რაც გვაქვს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებული, ზედმიწევნით დავიცვათ. ამას ჩვენ ისედაც ვაკეთებთ და, ბუნებრივია, მომავალში კიდევ უფრო მეტად გავაკეთებთ, რათა თითოეული მოქალაქისა და ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობა იყოს დაცული”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები