კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან 103 წელს აღნიშნავს
8 თებერვალს, კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი დაარსებიდან 103 წელს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდი ინფორმაციას აქვეყნებს.
„ქართული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორთა საბჭო და ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების გამგეობა გთხოვენ მოჰბრძანდეთ ამა თვის 26-ს, პარასკევ დღეს, პირველ საათზედ და უნივერსიტეტის გახსნას დაესწროთ (წყნეთის ქუჩა N51)“ – 1918 წლის 8 თებერვალი ქართული საუნივერსიტეტო განათლების დასაბამის სიმბოლოდ და იმ გამორჩეულ თარიღად იქცა, რომელსაც ქართველი ერის აღორძინების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენა – კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტის დაარსება უკავშირდება.
ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ XIX საუკუნის სამოციანი წლებიდან, ქართველი საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძისა და მისი თანამოაზრეების მეთაურობით დაიწყო. უკვე XX საუკუნეში, მათი გზა ღირსეულად გააგრძელა პეტერბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, ქართული უნივერსიტეტის დაფუძნების ორგანიზატორმა ივანე ჯავახიშვილმა. უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა კრების წევრებთან ერთად, მან გადამწყვეტი როლი ითამაშა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში და საბოლოოდ, 1918 წლის 8 თებერვალს, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობაში კავკასიაში ევროპული ტიპის პირველი უმაღლესი სკოლა საზეიმოდ გაიხსნა.
ახლად გახსნილ უნივერსიტეტში მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი არსებობდა. უნივერსიტეტის პირველ რექტორად, ივანე ჯავახიშვილის წინადადებით, პროფესორთა საბჭომ პეტრე მელიქიშვილი აირჩია, თავად ივანე ჯავახიშვილი კი სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტს ჩაუდგა სათავეში.
დღეს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე 27 000 სტუდენტი სწავლობს. უნივერსიტეტში მოქმედებს 24 უცხოენოვანი პროგრამა, მათ შორის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საჯარო მმართველობის და ქიმიის, ABET აკრედიტებული ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამები. თსუ-ს ჰყავს 300-მდე პარტნიორი უნივერსიტეტი 56 ქვეყანაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5%-ში შედის და ერთადერთი უნივერსიტეტია სამხრეთ კავკასიიდან, რომელიც უკვე მეხუთე წელია თაიმსის მსოფლიო უნივერსიტეტების რანჟირებაში (THE) ხვდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.