გიორგი ვაშაძე: პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ის, ფაქტობრივად, „ქართული ოცნების“ მიერაა შექმნილი

“მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან ვიხსნათ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილვის საგანი, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა.

„ვფიქრობ, მოლაპარაკების რესურსი კიდევ არსებობს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ ვცვლით იმ განცხადებას, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ერთი კვირის წინ გავაკეთეთ. მზად ვართ მოლაპარაკებისთვის და იმისთვის, რომ ქვეყანა მძიმე პოლიტიკური ჩიხიდან ვიხსნათ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანია ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა და ადამიანების პრობლემების დაბრუნება პოლიტიკურ დისკურსში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება განხილვის საგანი, ვინ შედის პარლამენტში და ვინ – არა, მთავარია შეთანხმება“, – განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არ აპირებს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვას.

„ჩვენ ამ კომისიაში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ის, ფაქტობრივად,  „ქართული ოცნების“ მიერ არის შექმნილი. მათ ხელოვნური პროცესის შექმნა უნდათ, რითაც საკუთარ პოზიციებს გაამართლებენ. ვფიქრობ, საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა, ამის არაერთი ფაქტი გვაქვს წარდგენილი. ამ ტიპის სამუშაო პროცესში მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმურ პარლამენტს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები