პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ. ფიროსმანის ,,კახური ღვინოს“ საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების და ,,ყინწვისის“ საქმეზე ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა(ვიდეო)

სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ. ფიროსმანის ,,კახური ღვინოს“ საქმეზე ხუთი ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა.

პროკურატურის ცნობით, გამამართლებელი განაჩენი დადგინდა ასევე ე.წ. ,,ყინწვისის“ საქმეზე 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ.

“თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დავით ზირაქაშვილი, გაიოზ ჯავახიშვილი, გელა სანიკიძე, ალექსანდრე ფურცხვანიძე და ზურაბ დათუკიშვილი ცნობილი იქნენ დამნაშავედ საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა კულტურული მემკვიდრეობის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დადგენილი წესის დარღვევით გადატანის მომზადებაში, საქართველოს სსკ-ის 18, 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული იქნა მსჯავრდებულების გამამართლებელი მტკიცებულებები. წარდგენილი ბრალდების შესაბამისად, მათ ბრალი ედებოდათ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 500 000 აშშ დოლარად გასხვისების მიზნით, საზღვარგარეთ გატანის მომზადებაში. აღსანიშნავია, რომ აბრას „კახური ღვინოს“ არასდროს ჰქონია მინიჭებული მსგავსი სტატუსი. შესაბამისად, მათ ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა. გარდა აღნიშნულისა, იმჟამინდელი გამოძიების მიერ კატეგორიულად ვერ იქნა დადგენილი, ხსენებული ნამუშევარი ნამდვილად მიეკუთვნებოდა თუ არა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედებას. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება შუამდგომლობით მიემართა თბილისის სააპელაციო სასამართლოსთვის მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვის შესახებ. სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი ახალი მტკიცებულებები და 2021 წლის 27 იანვარს ხუთივე მსჯავრდებულის მიმართ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი. შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდგომ, ფერწერული ნამუშევარი „კახური ღვინო“ დაუბრუნდება კანონიერ მესაკუთრეს. გარდა ამისა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ე.წ ,,ყინწვისის“ საქმეზე 12 ყოფილი მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა. 10 პირი სრულად იქნა გამართლებული, ხოლო 2 პირის მიმართ ნაწილობრივ იქნა დადგენილი გამამართლებელი განაჩენი. აღსანიშნავია, რომ გამამართლებელი განაჩენის დადგენას წინ უძღოდა დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მათი დაზარალებულად ცნობა, რომელზედაც გამოძიება ამ პირთა მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. აღნიშნული გადაწყვეტილება გახდა საფუძველი, რათა დეპარტამენტის პროკურორებს მხარი დაეჭირათ შუამდგომლობისთვის გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. დეპარტამენტის მიერ, აღნიშნულ საქმეზე ხელახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება იქნა ჩატარებული. დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულების უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები. საქმის გამოძიების პროცესში დადგენილ იქნა, რომ 2011 წლის 26 მაისს, დილის 10:00 საათიდან 10:30 საათამდე პერიოდში, ყინწვისის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე და ქ. თბილისში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დააკავეს ,,ეროვნულ სარწმუნოებრივი მოძრაობა უფლისა და სამშობლოსათვის“ წევრები და მათი ახლობლები, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე. სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენაში აღიარებითი და განთქმითი ჩვენებების მიღების მიზნით დაკავებისას და შემდგომ პერიოდში მათ მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. 2011 წლის 28 მაისს, ზემოაღნიშნულ პირებს წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც არის შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. ნიკოლოზ გოგუაძეს, ბაქარ ჩიგოგიძეს და მიხეილ ცილიკიშვილს აგრეთვე წარედგინათ ბრალდება სსკ-ის 236-ე მუხლით, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ტარებისთვის. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენებით, ზემოაღნიშნული პირები ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა.

„პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის №76-Iს დადგენილებით, ნიკოლოზ გოგუაძე, დავით შუკაკიძე, რამაზ ღვალაძე, ოლეგ კეშელავა, ჯემალ სურამელაშვილი, ბაქარ ჩიგოგიძე, მიხეილ ცილიკიშვილი, ზაზა გვიმრაძე, მახარე სისაური, დავით თუთარაშვილი, ჯემალ გუნდიშვილი და ირაკლი ჩარბაძე აღიარებული იქნენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ პირებად. ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ნიკოლოზ გოგუაძის მიმართ დადგენილ იქნა კონვენციის მესამე მუხლის როგორც პროცედურული, ასევე მატერიალურ-სამართლებრივი ნაწილის დარღვევა. თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას დადგინდა, რომ ნიკოლოზ გოგუაძის, დავით შუკაკიძის, რამაზ ღვალაძის, ოლეგ კეშელავას, ჯემალ სურამელაშვილის, ბაქარ ჩიგოგიძის, მიხეილ ცილიკიშვილის, ზაზა გვიმრაძის, მახარე სისაურის, დავით თუთარაშვილის, ჯემალ გუნდიშვილის და ირაკლი ჩარბაძის მხრიდან მათთვის ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად სასამართლომ სრულად გაიზიარა მხარეთა პოზიციები და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულთა მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა. საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით, სასამართლოს 87 მსჯავრდებულის საქმეზე მიემართა. დღეის მდგომარეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით 82 პირის მიმართ უკვე დამდგარია გამამართლებელი განაჩენი, მათგან 18 პირს საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის დადგენილებით მინიჭებული აქვს პოლიტპატიმრის სტატუსი. გარდა ამისა, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მუშაობის შედეგად 14 პირის მიმართ, რომელთაგან 12 ატარებდა პოლიტპატიმრის სტატუსს, დადგენილი იქნა უფლებების არსებითად დარღვევის ფაქტები და აღნიშნული პირები ცნობილი იქნენ დაზარალებულად. შესაბამისად, დეპარტამენტის პროკურორების მიერ მხარდაჭერილი იქნა შუამდგომლობები მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის შესახებ. დეპარტამენტის შექმნიდან დღემდე დაზარალებულად იქნა ცნობილი 392 პირი, რომელთაგან 293 პირს პროკურატურის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდა ან/და დაბრუნების პროცესშია დაახლოებით 56 150 000 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები