ლელა რაზიკაშვილი: აზერბაიჯანს სჭირდება დავით გარეჯი იმისთვის, რომ გახდეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თანაზიარი და თანამონაწილე!

ორი დღეა, აზერბაიჯანულ ტელევიზიებში ვრცელდება ქართული თოქშოუების სუბტიტრებიანი კადრები, სადაც ქართველი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დავით გარეჯი საქართველოს ტერიტორია არ არის. ამასთან დაკავშირებით ,,კვირა“ 80-90 წლების გარეჯის დამცველი სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთ აქტივისტს, ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარეს, ლელა რაზიკაშვილს ესაუბრა:

-თქვენმა თაობამ ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა არმიის გამანადგურებელი წვრთნებისგან იხსნა გარეჯი. დღეს იმ თაობის ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გარეჯი საქართველო არ არის…

-აზერბაიჯანის ტელევიზიებში დიდი ზეიმია. ვრცელდება ქართული თოქშოუების კადრები აზერბაიჯანული ტიტრებით, სადაც საზღვრის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე მტკიცებით ფორმაში აცხადებს, რომ გარეჯის სადავო ნაწილი არ არის საქართველოსი, არის აზერბაიჯანის. ზედ მიმონტაჟებულია დარბაზის ტაშის გრიალი. ეს კადრები მეზობელი ქვეყნის მედიამ თარგმნა, როგორც ქართული საზოგადოების აღიარება, რომ სადავო მონაკვეთი აზერბაიჯანისაა! დიახ, რატომ არ დაამონტაჟებდნენ ისე, როგორც მათ აწყობთ და რატომ არ უნდა აჩვენონ ეს მსოფლიოს, ჩვენ ხომ ამის  საშუალება მივეცით?! ყველაზე დიდი ხიფათი მელაშვილის ეთერისა სწორედ ეს იყო! ამაზე მეტს ერთი ან რამდენიმე ადამიანი მეზობელ სახელმწიფოსთან დავაში მყოფ საკუთარ ქვეყანას ვერც დაუშავებდა! რაც ეხება ტელევიზიებს, ზოგადად, ჩვენი საინფორმაციოებით რომ პოულობდა მოწინააღმდეგე ჩვენივე ჯარის პოზიციებს და მერე ბომბავდა, ეს უკვე ვნახეთ და არახალია…

-ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილის გამონათქვამები კიდევ უფრო გაგვირთულებს აზერბაიჯანულ მხარესთან შემდგომ მოლაპარაკებებს საზღვრის დადგენის თაობაზე?

-ეს არის შედეგი, რომელიც უთუოდ გაართულებს ისედაც ჩიხში შესულ მოლაპარაკებათა პროცესს, არადა, ახლა გვაქვს შანსი, გარეჯის უდაბნოს მონასტრებმა და ჩიჩხიტურის ნაწილმა არ გაიზიაროს ბერთუბანისა და სხვა ქართული სავანეების ბედი, რომელთა დაბრუნების ყველა გზა დღემდე ჩაკეტილია. ზოგი პოლიტიკოსი ხშირად გვამუნათებას, რატომ არ გვახსოვს ოშკი, ქურმუხი, საინგილო, ხანდახან სოჭიც. არ გვაქვს სახუმაროდ საქმე. ამ შედარებებით მელაშვილის განცხადების მავნებლობა ვერ გადაიფარება და თუ მართლა აინტერესებს ვინმეს, რა განსხვავებაა ახლა გარეჯის თემასა და სხვა დაკარგულ ძეგლებს შორის, შეგახსენებთ: ტაო, საინგილო და ასე შემდეგ მოხვდა უკვე საუკუნის მსოფლიო წესრიგში და მათ დაბრუნების შესახებ თუნდაც დისკუსიის ყველა შესაძლებლობა უკვე დახურულია! როგორი სამწუხაროც  უნდა იყოს დახურულია ბერთუბნის თემაც, ის რამდენიმე კილომეტრითაა შეჭრილი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე და ძნელად წარმოსადგენია, როგორ და რა პირობებში შეიძლება, ამ თემაზე დისკუსიის დაწყება!
გარეჯის უდაბნოს კომპლექსსა და ჩიჩხიტურზე შესაძლებლობა ღიაა!!! საკითხი სამართლებრივად გადაუჭრელია და ამ შესაძლებლობის გამუყენებლობა, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველა არსებული მშვიდობიანი, დიპლომატიური საშუალებით, ჩვენი სიმართლის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტით ჩვენი პოზიციის ვერ ან არ გატანა, ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას!

-რა არის ის მთავარი მიზეზი, რომლის გამოც გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია ასე მნიშვნელოვანი გახდა აზერბაიჯანისთვის?

-გარეჯის გარშემო ატეხილ მთელს კაკაფონიაში ძალიან ცოტაც ვლაპარაკობთ იმ სიმართლეზე, რის გამოც ვერ თანხმდება ორი მხარე. ეს სიმართლე არის ასეთი: აზერბაიჯანისთვის გარეჯი სულაც არ არის მხოლოდ საძოვრებიანი, თუნდაც სტრატეგიული მაღლობი. აზერბაიჯანის საზოგადოება სწორედ მონასტერს გვედავება, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას! გადახედეთ ინტერნეტცივრცეს და აღმოაჩენთ უამრავ წერილს, რომელშიც ,,ისტორიკოსები“ ამტკიცებენ, რომ გარეჯის უდაბნოეთი არის ალბანური ძეგლი და ა.შ. ანუ აზერბაიჯანს სჭირდება ეს ძეგლი იმისთვის, რომ გახდეს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის თანაზიარი და თანამონაწილე! ამ აზრს ავითარებს და ნერგავს აზერბაიჯანის საზოგადოებისა და სამეცნიერო წრეების საკმაოდ გავლენიანი ჯგუფი და სამთავრობო კომისია, რომელიც მოლაპარაკებებზე გამოდის, ვერ იქნება მათი გავლენისგან თავისუფალი, უფრო მეტიც, ჯერჯერობით ჩანს, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები აზერაბიჯანელი ,,ისტორიკოსების“ დავალებას ასრულებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი ასეთი მცირე მონაკვეთის შესახებ ორ მეზობელ, პარტნიორ ქვეყანას შორის აქამდე შეთანხმებული იქნებოდა.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეისათვის მსოფლიოში ნებისმიერი დავა, ძალისმიერი თუ მშვიდობიანი, ვერ გადაწყდება თანმხლები საინფორმაციო ომის გარეშე, მაშინ ჩავთვალოთ, რომ ამ ომში ივერი მელაშვილის განცხადება, აპლოდისმენტებთან ერთად, ერთიან პაკეტში, გარეჯის გარშემო მიმდინარე საინფორმაციო ომში, ხარაკირი თუ არა, ერთი გემრიელი ავტოგოლი ნამდვილად არის!

-მელაშვილსა და ილიჩოვას ქართულმა ოპოზიციამ წამებულის მანტია მოასხა და ლამის ეროვნულ გმირებად წარმოგვიდგინა…

-მელაშვილი ბევრად უკეთესად გამოიყურებოდა საპყრობილეში. მას ბევრი, როგორც პატიმარს, თანაგრძნობითა და სიფრთხილით ეკიდებოდა. აღმოჩნდა, რომ ციხეში მეტი სარგებლობა მოჰქონდა ოპოზიციისთვისაც, პოლიტპატიმრების თემით უტრირებისთვის. მან ციხიდან გამოსვლის პირველსავე დღეს შეძლო და გასვარა გარშემო ყველა: მისი დამცველი ოპოზიცია, ისინი, ვინც საპროცესო გარიგებისთვის თანხა გაიღო, ელისაშვილიც კი, რომლის პარლამენტში შესვლა მელაშვილის ციხიდან გამოსვლას უკავშირდება. ყველა მათგანი გახდა მელაშვილის პოზიციისა და ქმედების თანაზიარი. ამის შემდეგ ივერი მელაშვილის დამცველ ყველა პოლიტიკოსს მოუწევს, უპასუხოს კითხვას – რატომ აკუთვნებს მელაშვილი სადავო ტერიტორიას საკუთარი ქვეყნის მოწინააღმდეგე მხარეს მაშინ, როცა თავადვე ამტკიცებს და თავდაცვის მთავარ არგუმენტად იყენებს იმ გარემოებას, რომ თემა სადავოა და გადაწყვეტილი არაფერია? ან რატომ ებრძვის ასე დაჟინებით რუკის იმ ვერსიას, რომელიც ჩვენი ქვეყვის პოზიციებს ამყარებს და რომელიც ორივე ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი პროტოკოლით, სახელმძღვანელო დოკუმენტად არის აღიარებული?! ამ კითხვებზე პასუხები ცალსახაა და თუ მელაშვილის ქმედებები არსებულ მოცემულობაში ღალატად აღიქმება, ნურავის გაუკვირდება!

-ოპოზიციამ ამომრჩევლის თვალში საკუთარი თავი აშკარად წამგებიან მდგომარეობაში ჩაიყენა. რატომ?

-მელაშვილმა არამარტო გაუფუჭა ამდენი ნაშრომი თემა ოპოზიციას, არამედ პასუხისმგებლობაც აჰკიდა! ძალიან მარტივია ამის დანახვა. დადგება თუ არა საარჩევნო მოცემულობა, ყველა ამომრჩეველი დასვამს ბუნებრივ კითხვას: დავუშვათ – მოხვედით ხელისუფლებაში, რას აპირებთ, გარეჯის საკითხში მელაშვილის პოზიციით გამოდიხართ თუ თვლით, რომ ის ამ საქმეში ტყუოდა და თქვენ კი ცდებოდით, შეცდომაში შეგყავდათ ამომრჩეველი, როცა იცავდით, ტაშს უკრავდით მას? არგუმენტს, თითქოს, დარბაზი ტაშს მხოლოდ პოლიტიკურ დევნილს უკრავდა, ვეღარავინ ამოეფარება, რადგან ყველა განცხადებაში ოპოზიცია, მელაშვილსა და მის პოზიციას გარეჯის თაობაზე, ერთნაირად იცავდა. გმირიც ამიტომ უწოდეს!

-ოპოზიციის ერთი ნაწილი თავს იკავებს გარეჯის თემაზე კომენტირებისას.

-მე რაც ვნახე, ჯერ მხოლოდ ეკა ბესელიამ მოითხოვა განმარტებები მელაშვილისგან და გარეჯის თემას საერთო აპოლდისმენტებში გაემიჯნა. სანამ გარეჯის პრობლემა აქტუალური იქნება, ქართველ ამომრჩეველს არ დაავიწყდება კადრები, როგორ ამტკიცებდნენ ქართველი პოლიტიკოსები იმას, რომ გარეჯი საქართველო არაა. ყველას, ვინც იმ თოქშოუში ტაშს უკრავდა ივერი მელაშვილს, პოლიტიკური კარიერის მანძილზე საკუთარი აპლოდისმენტების გამო კიდევ არაერთხელ მოუწევს თავის მართლება.

-სანამ სასაძღვრო კომისია მუშაობს, ქართული საზოდადოება ვერ იქნება გულხელდაკრეფილი.

-საქართველომ უნდა აამუშაოს მთელი სამეცნიერო პოტენციალი იმისთვის, რომ მსოფლიოს ხმამაღლა, ათჯერ და ათასჯერ აუხსნას, თუ რატომაა გარეჯი საქართველო. ,,ყველამ იცის, რომ ჩვენია“ 21-ე საუკუნეში არ მუშაობს. ვინც მეტ ფულს ხარჯავს მსოფლიო პიარისთვის, სადაც მეტი ძალაა, გავლენების სიმართლეც იქაა და ასეთი მაგალითები ბევრია დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ჩვენ საკუთარ ქვეყანაზე უკვე ვიწვნიეთ. პაატა ჩეკურიშვილი და დათო გამცემლიძე გამოვიდნენ ინიციატივით, რომ აუცილებელია, გაიმართოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ალბანური ეთნოსისა და მისი კულტურული და გენეტიკური მემკვიდრეობის შესახებ. ამგვარი სამეცნიერო კონფერენცია გარეჯის დავაში ჩვენს ოპონენტს არდათმობის ინტერესს იდეოლოგიურ საფუძველს გამოაცლის. ამგვარი სამეცნიერო კონფერენცია აუცილებელი და საშური საქმეა. მე კი ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ ალბანურ თემაზე, არამედ საქართველოს სამეცნიერო წრეები და ეკლესია ერთობლივად უნდა გამოვიდნენ ინიციატივით, ჩატარდეს აღმოსავლეთმცოდნეების მსოფლიო კონგრესი თუ კონფერენცია, ან რაც გინდათ დავარქვათ, კონკრეტულად დავით გარეჯის უდაბნოეთის კილტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობაზე! გამოყენებული უნდა იქნას სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო და განსაკუთრებით სამონასტრო არქივები, ყველა ქვეყნის სამეცნიერო ჯგუფი უნდა გამოვიდეს მათ მიერ მოძიებული ავთენტური დოკუმენტებით და ა.შ. აღნიშნული კონფერენციის მასალები უნდა დაიბეჭდოს მთელს მსოფლიოში, სამეცნიერო და პოპულარულ საიტებზე! კონფერენციის მასალები გამოდგება იუნესკო-ში გარეჯის კომპლექსის პოზიციონირებისთვის. მართალია, იუნესკო-ს პოზიცია დავაში რომელიმე ქვეყნის პოზიციას ვერაფერს შესძენს, მაგრამ საინფორმაციო ომში ეს არის აუცილებელი! ყველა ეს ღონისძიება არის შეტევა გარეჯის პრობლემის ფარულ, მაგრამ ყველაზე ძლიერ, იდეოლოგიუს მხარეზე! თუ ჩვენ არ დავტოვებთ ისტორიული მემკვიდრეობის შესახებ სიმართლის, ანუ ისტორიის გაყალბების შესაძლებლობას, უბრალოდ, ტერიტორიის, საძოვრების ან თუნდაც სტრატეგიული სიმაღლის პრობლემა ორ ქვეყანას შორის უკვე მოგვარებადი გახდება! სწორედ ეს არის გარეჯის პრობლემის გასაღები! სამწუხაროდ, ამ ახალ საუკუნეში კიდევ ერთხელ უნდა ვამტკიცოთ 15 საუკუნის სიმართლე!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები