მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 444 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 885 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 444 580 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 885 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში კორონავირუსის 102 584 351 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 222 647 ადამიანი გარდაიცვალა.

29 იანვარს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა განცხადა, რომ პანდემიის გავრცელების შესაჩერებლად და მესამე ე.წ. ლოქდაუნის თავიდან ასაცილებლად, ქვეყანაში დაწესდებოდა დამატებითი რეგულაციები. კერძოდ, მიმოსვლა ევროპის არაწევრ ქვეყნებთან და დაიკეტა დიდი სავაჭრო ცენტრები.

თუმცა, ექსპერტები შიშობენ, რომ ეს შეზღუდვები არ იქნება საკმარისი და ქვეყანას მაინც მოუწევს მესამე ე.წ. ლოქდაუნის გამოცხადება. „ამჟამინდელი რეგულაციები საკმარისი არაა და საჭიროა მათი კიდევ უფრო გამკაცრება და რაც უფრო დრო გადის, მით უფრო რთული ხდება ვირუსის ამ ტალღის შეჩერება. ვირუსი უკვე ცირკულირებს ქვეყანაში და საზღვრების დაკეტვა უკვე გვიანია. ვირუსის გავრცელების ამჟამინდელ დინამიკაში გარდატეხას ვეღარაფერი შეიტანს“, – აცხადებენ ეპიდემიოლოგები. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საფრანგეთში კრიტიკულად მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი, რაც ეპიდსიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. საფრანგეთში ეპიდვითარება უარესდება.

29 იანვარს COVID-19-ით გარდაცვალების 820 ფაქტი გამოვლინდა. ქვეყანაში ჰოსპიტალური სექტორის 60%-ი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ეთმობა.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის ცნობით, ყველა უკანონოდ გახსნილ რესტორანს პანდემიის დროს გამოყოფილი ფინანსური დახმარება შეუწყდება.  30 იანვარს, ქ. პარიზის პოლიციამ უკანონოდ მოქმედი 24 რესტორანი გამოავლინა; საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ევროკავშირს, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მოპოვების საკითხში ევროპელი მეზობლებისთვის ქმედითი დახმარების აღმოჩენისკენ მოუწოდა.

1-ელ თებერვალს კომპანიამ Ryanair-ი გაავრცელა განცხადება, რომლის თანხმადაც 2020 წელი არის ყველაზე ცუდი წელი კომპანიის არსებობის ისტორიაში. მხოლოდ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში, კომპანიამ დაკარგა 306 მლნ ევროს შემოსავალი. Ryanair-ის კვარტალური შემოსავლები შემცირდა 82%-ით და კომპანია მოემსახურა, ჯამურად, 8.1 მლნ ადამიანს, რაც ნიშნავს წლიური მაჩვენებელის 78%-იან შემცირებას. „ჩვენ, 2020 წლის ბოლოსკენ გვქონდა იმედი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში გამოჩნდა კოვიდის ე.წ. ბრიტანული და აფრიკული შტამები, სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გამკაცრდა შეზღუდვები მოგზაურთათვის“, – წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

1 -ელი თებერვლიდან მადრიდის 30 მუნიციპალურ ერთეულში პერიმეტრიული „ლოქდაუნი“ დაწესდება. მაცხოვრებლებს საკუთარი მუნიციპალიტეტის დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის, სამედიცინო მომსახურების მიღების ან ბავშვების სკოლაში წაყვანის შემთხვევაში ექნებათ. ბავშვების სათამაშო მოედნები დაიხურება. შეზღუდვების დარღვევისთვის 60-დან 600 ევრომდე ჯარიმაა გათვალისწინებული. შეზღუდვა 15 თებერვლამდეა ძალაში. ამავდროულად, ქ. მადრიდის რიგ მუნიციპალურ ერთეულებში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა იგეგმება.

1 -ელ თებერვალს სლოვენიის დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონში სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების საპროტესტო აქციები გაიმართა. პროტესტის მიზეზი მთავრობის გადაწყვეტილება გახდა, რომლითაც 1 კვირის წინ საბავშვო ბაღებსა და დაწყებით სკოლებში განახლებული სწავლა, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდის გამო, ზოგიერთ რეგიონში, კვლავ დისტანციური სწავლებით შეიცვალა.

სლოვაკეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედი „ლოქდაუნის“ რეჟიმი არაეფექტურია, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა ზრდას განაგრძობს. მინისტრის აზრით, ე.წ. კომენდანტის საათის რეჟიმი უნდა გამკაცრდეს და მოქალაქეებს სახლიდან გასვლა მხოლოდ შესაბამისი უწყების მიერ, ელექტრონული ფორმით (სატელეფონო SMS) გაცემული ნებართვის საფუძველზე, უნდა შეეძლოთ. აღსანიშნავია, რომ მ/წ 18- 26 იანვარში, სლოვაკეთში ჩატარებული მასობრივი ტესტირების შემდეგ, მ/წ 7 თებერვლიდან, იმ მოქალაქეებს რომლებსაც ტესტზე უარყოფითი პასუხის სერთიფიკატი არ აქვთ, სახლიდან გასვლა აეკრძალათ.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 130 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 881 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 26 317 623 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 443 355 ადამიანი გარდაიცვალა.

იტალიაში სამოგზაურო პროტოკოლი გამარტივდა. აშშ-ის ქ. ნიუ იორკიდან და ქ. ატლანტიდან მომავალ თვითმფრინავებში მყოფ მგზავრებს, იმ შემთხვევაში თუ ბორტზემყოფ ყველა მგზავრს კორონავირუსზე ნეგატიური ტესტის პასუხი ექნება, ქვეყანაში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინის გავლას არ მოსთხოვენ. აღნიშნული რეგულაცია მხოლოდ ნიუ-იორკის „ჯონ კენედისა“ და „ნიუარკის“ და ატლანტას აეროპორტებიდან, კომპანია „ალიტალიასა“ და „დელტას“ მიერ რომის „ფიუმიჩინოს“ აეროპორტის მიმართულებით შესრულებულ პირდაპირ რეისებზე გავრცელდება. მგზავრები ვალდებულები არიან გამოფრენამდე მაქსიმუმ 48 საათით ადრე ან გაფრენამდე აეროპორტში ჩაიტარონ ტესტი. ხოლო, იტალიაში ჩასვლისთანავე ხელმეორედ გაიარონ ტესტირება; იტალიაში შესვლის გამარტივებული წესი გერმანიის ქ. მიუნხენიდან და ქ. ფრანკფურტიდან მომავალ რეისებზეც ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები