კონგოს სპილენძის მაღაროში ხიდის ჩამონგრევას ათეულობით მაშველი ემსხვერპლა

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლულუაბას პროვინციაში მდებარე ნახევრად სამრეწველო სპილენძის მაღაროში ხიდის ჩამონგრევის შედეგად სულ მცირე 43 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შემთხვევა კალანდოს მაღაროში შაბათს, 15 ნოემბერს მოხდა. პროვინციის წარმომადგენლების თქმით, დაშავებულთა დიდი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია, რის გამოც მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს.

17 ნოემბრის მონაცემებით, კალანდოს მაღაროში დაკარგული პირების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ხელისუფლება სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დასრულებისა და ცხედრების იდენტიფიცირების შემდეგ განახლებულ დაღუპულთა სიებს გამოაქვეყნებს.

ადგილზე მობილიზებულია სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მძიმე პირობებისა და ტერიტორიის დაზიანების გამო, სამუშაოები გართულებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ხიდის სტრუქტურული დაზიანების შედეგად მოხდა, თუმცა გამოძიება უკვე დაწყებულია და ოფიციალური დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მედიის ცნობით, ლულუაბას პროვინციაში ნახევრად სამრეწველო მაღაროები ხშირად ფუნქციონირებს შეზღუდული უსაფრთხოების სტანდარტებით, რის გამოც უბედური შემთხვევები ხშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები