წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე – ოფიციალური გახსნა
3 თებერვალს, 12:00 საათზე, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გაიხსნება.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინფორმაციით, გახსნის ღონისძიება ონლაინ გაიმართება. იგი მიეძღვნება გამოჩენილ ქართველ ფილოსოფოსს, მთარგმნელსა და მწერალს, ბაჩანა ბრეგვაძეს, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 85 წელი შეუსრულდებოდა.
ონლაინშეხვედრაზე მის შემოქმედებაზე ისაუბრებენ: დათო ტურაშვილი, ზვიად კვარაცხელია, გიორგი კეკელიძე და გვანცა ჯობავა. ისინი წაიკითხავენ ფრაგმენტებს მიგელ დე სერვანტესის „დონ კიხოტის” ბაჩანა ბრეგვაძისეული თარგმანიდან.
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეექვსეჯერ აღინიშნება. იგი მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავ ლიტერატურულ ღონისძიებას აერთიანებს.