გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტზე იმსჯელა
2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ის მექანიზმები განიხილეს, რასაც კომიტეტი სამომავლოდ ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით გამოიყენებს.
„2021-2024 წლების განმავლობაში, კომიტეტს აქვს გამოწვევებით სავსე საკანონმდებლო საქმიანობის გეგმა. ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისაღებია შვიდამდე ახალი კანონი მათ შორის, წიაღისეულის მართვის, წყლის რესურსების მართვის, ემისიების კონტროლისა და მასშტაბური ავარიების პრევენციის კუთხით”, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ.
მისი თქმით, კომიტეტი შეჯერდა, რომ კოორდინაცია სხვა დარგობრივ კომიტეტებთან, საქართველოს მთავრობასთან, არასამთავრობო სექტორთან, სამეცნიერო სფეროსთან და კერძო სექტორთან აუცილებელია იმისთვის, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს არა მხოლოდ საკანონმდებლო აქტების მიღების თვალსაზრისით არამედ, შესაბამისი საბიუჯეტო და ინსტიტუციური რეფორმების გათვალისწინებით. კომიტეტის ოფიციალური სხდომა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უახლოს მომავალში არის ჩანიშნული, სადაც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2021-2024 წლების საქმიანობის გეგმას საბოლოოდ დაამტკიცებს.