„განადგურებული არისტოკრატია – აფხაზეთის მთავრები” – ლევან ჭოღოშვილი
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ლევან ჭოღოშვილის სურათს აქვეყნებს განადგურებული არისტოკრატიის სერიიდან.
„სურათი: „განადგურებული არისტოკრატია – აფხაზეთის მთავრები“ სიმბოლოებისა და საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიული მოვლენების ერთგვარი კოლაჟია. ინტენსიური ფერადოვანი წითელი ლაქა 1921 წელს ასახავს. თეთრი პირველადი შრე გადაფარულია ყავისფერი ფერით, გაფანტულად იკვეთება ლურჯი ლაქების დინამიკა, თუმცა ემოციური და ვიზუალური აქცენტი დასმულია აფხაზეთის თავადის წითელ სამოსსა და სუფრაზე. ასახულ სცენაში წითელი ფერი აგრესიულად იჭრება და არღვევს ზომიერი ფერებით მიღწეულ მშვიდ საოჯახო ატმოსფეროს.
ტრაგიკულ ტრაპეზზე დაცლილი ჭიქა წაქცეულ მდგომარეობაში, ხილით სავსე ჯამი, ღვინის ბოთლი და წითელ სუფრაზე ყავისფრად დაცემული განათება ქმნის დისონანსს. ლაკონურ თხრობაში მხატვარი გარკვეულ დეტალებს არ ასრულებს. ავტორი ოჯახის წევრებს ანიჭებს დამწუხრებულ იერს, თითქოს მათი ჩვეული ყოფის მთლიანობა აღარ არსებობს, ოჯახი განიცდის დანაკლისს დაკარგული ადამიანების სახით. ასევე, მნიშვნელოვანია ლათინური სიტყვები, რაც ქართული ფეოდალიზმის დასავლურ-აღმოსავლურ ფესვებზე მეტყველბს. საინტრესოა, მულტიკულტურული, ქართული ფეოდალური ყოფის ღირებულებათა სინთეზი, სადაც ჩოხა-ჩიხტიკოპი ჰარმონიულად თანაარსებობს ევროპულ სამოსთან“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციაში.
ლევან ჭოღოშვილი. სერიიდან „განადგურებული არისტოკრატია – აფხაზეთის მთავრები”. 2015. ქაღალდი ტემპერა.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.