ნიკოლოზ სამხარაძე ავსტრიის ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას საგარეო პოლიტიკის შესახებ, საპარლამენტო კავშირების გაძლიერებას, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების და საგარეო კომიტეტების ურთიერთობების ინტენსიფიკაციის გზით.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ პარლამენტის რეზოლუციას. ასევე ვისაუბრეთ საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხსა და თანამშრომლობაზე როგორც საკომიტეტო, ასევე მეგობრობის ჯგუფების დონეზე, რაშიც ელჩმა თავის მხრივ დახმარება აღვიქვა. ელჩმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ავსტრიის პოზიცია საქართველოს მხარდაჭერის მიმართ, მათ შორის, დეოკუპაციის საკითხში”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ხელაშვილი მონაწილეობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები