„შეხვდი მეცნიერს“ – ირინა ღამბაშიძე

29 იანვარს, 16:00 საათზე, ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელთან, დოქტორ ირინა ღამბაშიძესთან შეხვედრა გაიმართება.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, შეხვედრა ონლაინსაუბრების სერიით – „შეხვდი მეცნიერს“ ჩატარდება. ირინა ღამბაშიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2020 წელს ხელმძღვანელობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფ. ჭობისხევთან, ნადიკრები/გოგიჩაანთ ღელეს ძეგლზე ჩატარებულ არქეოლოგიურ გათხრებს.
ონლაინშეხვედრის ფარგლებში, ირინა ღამბაშიძე ისაუბრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევთან, სამეცნიერო ექსპედიციისას, XII საუკუნის ნამოსახლარებზე გამოვლენილი ახალი არქიტექტურული ნაგებობების შესახებ.
ნამოსახლარები წარმოადგენენ ლოდოვანი წყობით ნაშენ მეგალითური ნაგებობების კომპლექსებს, რომლებიც თავისი მონუმენტურობითა და მშენებლობის ტექნიკით, შუა საუკუნეების (XI-XIII სს) საერო არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშებია. შენობები ორი სახისაა: ბანური ოთხკუთხა და ერდოიანი წრიული. ისინი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ტერასულადაა განლაგებული, სადაც სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები ფუნქციურად არის განაწილებული (საყოფაცხოვრებო, საცხოვრებელი და საკულტო). ნაგებობებს შორის დომინანტი ერდოიანი შენობებია. სამეურნეო ნაგებობებში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ყურძნის დასაწური საწნახელები, ჭაჭის საწურები, ზეთსახდელი მოწყობილობები, ბოსელი, საცივე, მარცვლეულის ხაროები და საცხოვრებელი სივრცეები. სავარაუდოდ, გოგიჩაანთ ღელეს კომპლექსი ადგილობრივი მდიდარი, გავლენიანი ფეოდალის საცხოვრებელი რეზიდენცია უნდა ყოფილიყო, ხოლო ნადიკრები სამეურნეო დანიშნულებისა.
დღევანდელი არქეოლოგიური მონაცემებით კომპლექსები XI-XIII საუკუნეებით თარიღდება და ქართული საცხოვრებელი არქიტექტურის ლოკალური ხასიათის მატარებელია, რომელიც მხოლოდ თორის ქვეყნისთვისაა დამახასიათებელი.
არქეოლოგიური გათხრების დასრულების შემდგომ, ბორჯომის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური, ტურისტული ობიექტი შეემატება.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო.
პრეზენტაცია ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება
პრეზენტაციაზე დასასწრებად, აუცილებელია რეგისტრაციის გავლა: https://cutt.ly/Bj1iXQZ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები