„ჩვენ რუსეთი, ფაქტობრივად, თითქმის ყველა პუნქტში დავამარცხეთ“ – ამირან სალუქვაძე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე

“ჩვენ რუსეთი, ფაქტობრივად, თითქმის ყველა პუნქტში დავამარცხეთ”, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძე 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს.

სალუქვაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე შეაფასა. მისი განმარტებით, ეს გადაწყვეტილება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

„ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დაფიქსირებულია საქართველოს ოკუპაციის საკითხი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე, დაფიქსირდა ქართველების ეთნიკური წმენდა, ქართული სოფლების მიზანმიმართული განადგურება. ეს გადაწყვეტილება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით, რადგან, ფაქტობრივად, უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში ჩვენს სასარგებლოდ დაფისირებული ეს პოზიციები, რაც შეეხება ოკუპაციას, ეთნიკურ წმენდასა და ა.შ. ყველა დროში ყველა სახელმწიფოს ხელისუფლებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი იქნება, რათა მათ ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებით გადაწყვეტილებები მიიღონ. რა ზეწოლაც  უნდა განახორციელოს შემდგომში რუსეთმა, ეჭვი მეპარება, რომ ისეთმა სახელმწიფომაც კი, რომელიც არ ცნობს საერთაშორისო სამართალს, ან არღვევს მას, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ჩვენ საწინააღმდეგოდ გადაწყევეტილებები მიიღოს.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მართლაც მნიშვნელოვანია. ფაქტობრივად, ჩვენ რუსეთი თითქმის ყველა პუნქტში დავამარცხეთ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სხვა სასამართლოებიც ელის წინ და საქართველოს ინტერესების დაცვა ქვეყნის ფარგლებს გარეთ კიდევ ბევრ ხელისუფალს მოუწევს.

„ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, ჩვენთან ასეთ დუღილს არ გამოიწვევდა. ვგულისხმობ შიდა პოლიტიკურს. 12 წლის განმავლობაში გაწეული შრომის მითვისების მცდელობები არ იქნებოდა. ჩემთვის ყველაზე მეტად საწყენი, თვალსა და გულში მოსახვედრი ზუსტად ეს იყო, რომ ჩვენი პოლიტიკოსები ვერცერთი საკითხის იგვლივ ვერ ახერხებენ გაერთიანებას, რაც ძალიან სამწუხაროა. მე ამ თემაზე მოწოდებებით დავიღალე. რაღაც საკითხები უნდა იყოს, რომელმაც უნდა გაგვაერთიანოს. თუნდაც, დეოკუპაციამ, ოკუპანტი სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო არენაზე ბრძოლამ. ეს ბრძოლა უმნიშვნელოვანესი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხში ყველას როლია აღსანიშნავი, ვინც თავის დროზე სარჩელი შეიტანა, შემდეგ ვინც მთელი წლების განმავლობაში იმუშავა. მერწმუნეთ, მრავალი უწყების შრომაა აქ ჩადებული, იქნება ეს სამთავრობო, თუ პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტი.

შრომის მითვისებას რაც შეეხება: როგორ წარმოგიდგენიათ, 8 წლის განმავლობაში, რაც ეს ხელისუფლება არის, შესაძლებელია, რომ პროცესი თავისით წარიმართოს, ხელისუფლების ჩარევის გარეშე და თავისით დამთავრდეს იმ შედეგებით , რა შედეგებითაც დამთავრდა? ეს ხომ გამორიცხულია. ამიტომ, პოლიტიკოსებს უნდა შეეძლოთ, ერთმანეთის მიმართ გარკვეულ საკითხებში კონსტრუქციული დებატები აწარმოონ. ვნახეთ იუსტიციის მინისტრის პირველი ბრიფინგი. იქ საერთოდ არ არის საუბარი ხელისუფლებებზე, ვინ დაიწყო, ვინ მოიგო და ა.შ. ის საუბრობს საქართველოს სახელით იმიტომ, რომ ზუსტად ასე ეწოდება ამ საქმეს – „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. ჩვენ იმდენი დავა გველის წინ რუსეთის წინააღმდეგ სხვადახვა სასამართლოში, იქნება ეს ადამიანის უფლებათა დაცვის თუ ჰაააგის ტრიბუნალი, რომ შეიძლება, კიდევ ბევრი ხელისუფლება შეიცვალოს. იმდენი სასამართლო გველის წინ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს ინტერესების დაცვა კიდევ ბევრ ხელისუფალს მოუწევს. ვინც  უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ხვალ თუ ზეგ მათ ეს ბრძოლა უნდა გააგრძელონ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსეთსაც ექნება პრეტენზიები.

„ამ ეტაპს შემდეგ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უნდა მოჰყვეს. არ ჩამოვთვლი, რა საკითხებზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული. მოკლედ ვიტყვი, თითქმის მთელი სპექტრია, რაც ომის დროს შეიძლება, დარღვეულიყო: წამება, ღირსების შელახვა, სიცოცხლის უფლების დარღვევა და ა.შ. ახლა მხარეებს ერთი წელი ეძლევათ იმისათვის, რომ თავინთი პოზიციები წარმოადგინონ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ეს ცალკე მიმართულება იქნება, რაზეც ჩვენმა სახელმწიფომ, მთავრობამ უნდა იმუშაოს. რუსეთიც იმუშავებს, თუ ის გააგრძელებს თანამშრომლობას ამ სასამართლოსთან. ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთი არ თანამშრომლობდა.

აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებასა და მთელს პროცესს გასდევს აბსოლუტურად ყველა საბუთი, გამოძიება, გადაწყვეტილება, რომელიც ამ სფეროში ყოფილა, დაწყებული ჩვენთვის ყველაზე მძიმე – 16.33 რეზოლუციით, სადაც ჩვენთვის კატეგორიულად მიღებელი მუხლებია ჩადებული, რაზეც ჩვენ, სამწუხაროდ, ხელი მოვაწერეთ. მაშინ ჩვენს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა იმისათვის, რომ მეხუთე მუხლი და სხვა მუხლები, სადაც მძიმე ფორმულირებებია, თავიდან აგვერიდებინა. თავიდან რომ აგვერიდებინა, სამხედრო მოქმედებები ნორმალურად და ნორმალურად უნდა დაგეგმილიყო და ნორმალურად უნდა გვეწარმოებინა. სამთავრობო დონეზე ამის კვალიფიციური ანალიზი დღემდე არ არის გაკეთებული. ხელისუფლებას მოვუწოდებდი, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს. ჩვენ საკუთარ მძიმე გამოცდილებაზე დაყრდნობით უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა დაიგეგმოს, როგორ უნდა ვაწარმოოთ, როგორ უნდა იმუშაოს სამთავრობო სტრუქტურებმა, მედიამ. რუსეთი ყველგან ატრიალებს 7 აგვისტოს ღამის კადრებს. ჩვენ პირდაპირ ეთერში დავუფიქსირეთ და „საუკეთესო“ კადრები მივაწოდეთ მთელს მსოფლიოს. ზუსტად ეს ჩანაწერია 2008 წლის რეზოლუციაში. ამ ჩანაწერს ეყრდნობიან. პირველი, რაც გამოიყენა რუსეთმა თავისი პროპაგანდისთვის, თავის საზოგადოების მოსატყუებლად, არის ეს საკითხი, საქართველომ ომის დაწყება ვერ დაგვიმტკიცაო. საქართველოს ომი არ დაუწყია. ომის დაწყება სხვა თემაა. ჩვენს ტერიტორიაზე ომს ვერ დავიწყებთ. ომი დაიწყო იმან, ვინც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო მაშინ, როცა მოხდა აგრესიის ფაქტი. ეს მოჰყვა ჩვენს გაუაზრებელ და ცუდად დაგეგმილ მომედებებს იმ პროვოკაციებზე, რასაც თვეების განმავლობაში საოკუპაციო რეჟიმი კრემლის მხარდაჭერით ახორციელებდა.

ჩვენ ვერ დავიცავით ჩვენი პოზიციები, ეს ჩანაწერი მოვახვედრეთ 16. 33 რეზოლუციაში. ხელი მოვუწერეთ. მაგის გარდა კიდევ ძალიან მძიმე ფორმულირებია. ახლა ყოფილი ხელისუფლება ახდენს ჰააგის თემის აჟიტირებას, ეს ხელისუფლება არაფერს გააკეთებს ჰააგაშიო. როგორ ფიქრობთ, რუსეთი არ გამოიყენებს ამ ყევლაფერს? იგივე იმ ჩანაწერებს. როგორც ჩვენ წარვუდგენთ რუსეთს პრეტენზიებს ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, ასევე რუსეთი შეეცდება, იგივე გააკეთოს. ამიტომ ვამბობ  – მთელს ქვეყანას, საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს ერთობა სჭირდება, რასაც, სამწუხაროდ, ვერ ვაჩვენებთ.
უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ რუსეთსაც ექნება პრეტენზიები. მაგრამ  ის ფორმულირებები , რაც 21 იანვარს გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაშია ოკუპაციასთან, ჩადენილ დანაშულებებთან დაკავშირებით, მაძლევს იმის იმედს, რომ ჰააგაში ჩვენი პოზიციები გაცილებით გამყარებული იქნება. რადგან ეს პრეცედენტია. მსგავსი რთულად მოსაძებნია ისტორიაში. რუსეთი, ფაქტობრივად, გაასამართლეს. უმძიმესი ბრალდებები წაუყენეს. ეს გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

რა მოლოდინი შეიძლება, გვქონდეს რუსეთის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით? – ანალიტიკოსმა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთა.

„რუსეთმა ამ წლებში ცვლილებები მიიღო. მე ამას საქართველო-რუსეთის დავას ვუკავშირებ. რუსეთმა მიიღო საკონსტიტუციო ცვლილება და შეიტანა ასეთი ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომ შიდა სამართალი საერთაშორისო სამართლზე მაღლა დააყენეს. ეს ცვლილება 2020 წლის რეფერენდუმით გაიმყარეს. ამიტომ, რუსეთის პასუხი უკვე შეიძლება, პროგნოზირებადიც იყოს. ის გამოაცხადებს, რომ არ თვლის შესასრულებლად ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებს. მოიშველიებს საკუთარ კონსტიტუციურ ნორმებს. ჩვენ მოვუგეთ მას ერთი სასამართლო 2006- 2007 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, ამას მოჰყვა მეორე გადაწყვეტილება. ამ პროცესის პარალელურად, დაიწყეს საკონსტიტუციო ცვლილება. ეს დასრულდება მანამდე, სანამ ჩვენ აღსრულებას ფიზიკურად მოვახერხებთ. რადგან აღსრულებას თავისი ვადები აქვს. რაც შეეხება ჰააგის ტრიბუნალს: იქაც ანალოგიური სიტუაცია იქნება. ღმერთმა დაიფაროს, რომ რომელიმე პუნქტში წავაგოთ რუსეთთან, მაშინ ისინი ამოაყირავებენ საკუთარ სამართალს, საერთაშორისოს დააყენებენ უფრო მაღლა. სადაც წააგებენ, იტყვიან, რომ თავიანთი კონსტიტუციით არ არიან ვალდებულები, შეასრულონ საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებები.

მე მაქვს ღრმა რწმენა იმისა, რომ ჰააგის ტრიბუნალსაც დახლოებით იმავე შედეგებით დავამთავრებთ, როგორიც სტრასბურგის სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილება იყო. ამისთვის სახელმწიფო სტრუქტურები ყველაფერს გააკეთებენ“, – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ცნობისთვის, 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.
„სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.
სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.
სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის“, – ნათქვამია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები