უკრაინის დაზვერვის სამსახურმა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ბიულეტენი, სახელწოდებით „თეთრი წიგნი“ მოამზადა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უახლოეს წლებში ქვეყნისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთი დარჩება.
აღნიშნულია, რომ სტრატეგიულ დონეზე უკრაინის მიმართ რუსეთის მიზნები უცვლელი დარჩება, რომელიც გულისხმობს უკრაინის დარჩენას რუსეთის ორბიტის ქვეშ, ასევე, იმას, რომ ქვეყანამ არ მიაღწიოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
“ასეთი რეალობა რჩება მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დონეზე რუსეთს არასახარბიელო ფონი აქვს, ასევე, რიგი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე – საუბარია აშშ-ის არჩევნებზე ჯო ბაიდენის გამარჯვებაზე, ქვეყნის ეკონომიკაში დესტრუქციულ მოვლენებზე, ნავთობის სფეროსა და ხელისუფლების ტრანზიტის საკითხზე.
სულ უფრო ცხადი ხდება, რომ, ვლადიმირ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას სულ უფრო უჭირს ქვეყნის პრეზიდენტის ფუნქციის შესრულება, რუსეთში დე-ფაქტო ხელისუფლების ტრანსფერის პროცესი დაიწყო.
თუმცა, სცენარების მიუხედავად, იქნება ეს “პუტინი, როგორც სამუდამო პრეზიდენტი”, “პუტინი, როგორც ერის ლიდერი”, “პუტინი ვინმესთან ტანდემში”, ან “პუტინის მემკვიდრეები” – საბაზისო სცენარი გულისხმობს რუსეთში “პუტინიზმის” მოდელის შენარჩუნებას, მასთან თუ მის გარეშე.
ასეთ პირობებში კრემლის დამოკიდებულების შეცვლა საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე მოსალოდნელი არ არის. შესაძლოა, მოსკოვი გლობალური უსაფრთხოების საკითხების მიმართ ოდნავ უკან წავიდეს, დაეთანხმოს რეგიონული (და არა გლობალური) სახელმწიფოს სტატუსს, ასევე, დატოვოს ისეთი რეგიონები, რომლებიც გადასახადის რუს გადამხედელებს ტვირთად აწევს, მაგალითად, სირია, ლიბია, ვენესუელა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა. ამასთანავე, რუსეთი არასდროს იტყვის უარს საკუთარი “სტრატეგიული ინტერესების ზონაზე”, რომელშიც შედიან საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები.
ამ ჭრილში რუსეთის მხრიდან მომდინარეობს საკვანძო საფრთხე – უკრაინის შიდაპოლიტიკური მოვლენების სისტემური დესტაბილიზაცია. მუდმივად ვაფიქსირებთ რუსეთისა და მისი სპეცსამსახურების მცდელობას უკრაინის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის ნაწილში, თითქოს, უკრაინელ ხალხს არ შეუძლია სახელმწიფოს შექმნა. ასევე, აქტიურად ვითარდება უკრაინელი ხალხისა და “კიევის ხელისუფლების” დაპირისპირება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება “ცენტრი და რეგიონების”უთანხმოებაზე. ამ ჭრილში რუსეთი აგრძელებს ეთნიკური ავტონომიზმისა და რეგიონალური სეპარატიზმის გაღვივებას, ასევე ცდილობს კონფესიათშორისი შუღლის გაღვივებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.