ხატია დეკანოიძე: თუ რამდენიმე დღეში ბიზნესი საქმიანობას არ გააგრძელებს და ადამიანები საქმიანობას არ დაუბრუნდებიან, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება
“ჩემი მოთხოვნა, როგორც მოქალაქის, ისაა, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას. წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ: შვეიცარიას, საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების მოხსნას ითხოვენ.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში ხდება, მონობაა.
“პირველი დღე არაა, რაც შეზღუდვებს ვაპროტესტებ. მე ვაპროტესტებდი ჯერ კიდევ იმ დისკრიმინაციულ ნორმებსა და სასტუმრო კარანტინების შემოღებას, სადაც ბიუჯეტის ფული დაიხარჯა. თუ რამდენიმე დღეში ქვეყანა არ გაიხსნება, ბიზნესი საქმიანობას არ გააგრძელებს და ადამიანები საქმიანობას არ დაუბრუნდებიან, ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდება. დღეს მე მოვუსმინე პრემიერმინისტრის, ასევე, ეპიდემიოლოგებს და ეს იყო განცხადებები, რომელიც უბრალოდ თითოეულ იმ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს, რომელსაც ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. იყო მანიპულაცია ციფრებით. გახარია ჭორაობას უწოდებს იმას, რაზეც მე და ეს ადამიანები ვსაუბრობთ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩემი მოთხოვნა არა მხოლოდ პოლიტიკოსის, არამედ როგორც მოქალაქის ისაა, რომ ქვეყანა უნდა გაიხსნას და წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელია, როდესაც საქართველოს გაღატაკებულ ეკონომიკას ადარებენ: შვეიცარიას, საფრანგეთს, ავსტრიასა და იტალიას, სადაც ყველა ადამიანს დანაზოგი აქვს. ამიტომ, უნდა გავბრაზდეთ საკმარისად იმისთვის, რომ ბევრი ადამიანი გამოვიდეს, რათა ხელისუფლებას ვაჩვენოთ, რომ ჩვენი უფლებების ბატონ-პატრონი ვართ! აუცილებლად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა გაიხსნას, სწავლა აღდგეს, ტრანსპორტი გაიხსნას. ის, რაც საქართველოში ხდება, ჩვეულებრივი მონობა”, – განაცხადა დეკანოიძემ.