თენგიზ ცერცვაძე: უნდა დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ ვაქცინა გაიკეთონ

ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული სამედიცინო შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ ვაქცინა გაიკეთონ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ მედიასთან განაცხადა, რითაც NDI-ის კვლევას გამოეხმაურა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ცერცვაძის თქმით, ანტივაქსერების მოძრაობის ფონზე სერიოზული მუშაობაა საჭირო.

„ეს ძალიან დიდი პრობლემაა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, არა მხოლოდ კოვიდვაქცინის, არამედ ყველა ვაქცინის დროს. ანტივაქსერების მოძრაობა ძალიან ძლიერია. სერიოზული მუშაობა გვმართებს, ჯანდაცვას, სახელისუფლებო სტრუქტურებს, დაავადებათა კონტროლის ცენტრს, კლინიკებს, ექსპერტებს. მოვუწოდებ მოსახლეობას, მათ შორის განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის, მქონე ტელევიზიებს, ექსპერტებს, ექიმებს, რომლებიც ჩვენთან პოლემიკაში ხშირად შემოდიან სხვადასხვა საკითხებზე, კოვიდპაციენტების მართვის, ტაქტიკის, თუ სტრატეგიის საკითხებზე, კი ბატონო, შემოვიდნენ პოლემიკაში, იყოს მსჯელობა სხვა საკითხებში, მარგამ ჩემი თხოვნა და მოწოდება იქნება, რომ ვაქცინაციის საკითხში იყოს ერთიანი პოზიცია, რამეთუ აქ 41 პროცენტი ძალიან ცოტაა. მესმის, ვიღაცის ბუნებრივი სკეპტიციზმი, ვიღაცას რაღაც მოტივი აქვს, რომ ვაქცინა არ გაიკეთოს, აქ ჩვენ ყველამ ერთად შევეცადოთ, უთანხმოებები გადავდოთ სხვა საკითხების მოსაგვარებლად, ვაქცინაციას რაც შეეხება, ქვეყანა უნდა იყოს ერთიანი. ყველა პოლიტიკური ორიენტაციის თუ განსხვავებული სამედიცინო შეხედულების ექსპერტი უნდა დადგეს ერთად და დავარწმუნოთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდი მასა, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. ითვლება, რომ სამიზნედ ქვეყანაში 60-65 პროცენტი. თუ ჩვენ მივაღწიეთ, რომ მოსახლეობის 60-65-მა პროცენტი აიცრა, ნიშნავს, რომ ქვეყანაში გვეყოლება იმუნური ფენა, რასაც დაემატება კიდევ ის პაციენტები, რომელთაც კოვიდი გადაიტანეს და ბუნებრივი იმუნიტეტი აქვთ. ეს იქნება 100 – პროცენტიანი გარანტია, რომ ქვეყანაში პანდემიის და ეპიდემიის შემდგომი ტალღები არ იქნება“,- განაცხადა ცერცვაძემ.

NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის თითქმის ნახევარი (41 პროცენტი) ამბობს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრისგან თავს შეიკავებს. კითხვაზე, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა რომ არსებობდეს, აიცრებოდით თუ არა თქვენ და თქვენი შვილები? – 41 %-ის პასუხია დიახ, გამოკითხულთა 41% აცხადებს, რომ არა, ხოლო 17% აცხადებს, რომ არ იცის. ამასთან, კვლევის თანახმად, კაცები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე ქალები და მაღალი განათლების მქონე ადამიანები უფრო დიდი ალბათობით აიცრებიან, ვიდრე საშუალოზე დაბალი განათლების მქონე ადამიანები.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები