ირაკლი ჩიქოვანი: საქართველო მოწოდებულია, დარჩეს წამყვან დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის

საქართველო მოწოდებულია, დარჩეს წამყვან დემოკრატიულ, რეფორმატორ სახელმწიფოთა შორის და შემდგომშიც გაითვალისწინოს რეკომენდაციები, მათ შორის, თქვენი რეკომენდაციები – ჩვენ უკვე ავიღეთ ვალდებულება, რომ ამას გავაკეთებთ და ასე მოხდება კიდეც, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია, ცარიელი და უსაბუთო ბრალდებების მსხვერპლნი გავხდეთ , – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც “კვირას” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი ჩიქოვანი, დელეგაციასთან ერთად, სტრასბურგში იმყოფება, სადაც ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობაში იღებს მონაწილეობას.

მათივე ცნობით, სესიაზე დღეს მონიტორინგის კომიტეტის ანგარიში განიხილეს, სადაც საქართველოზეა საუბარი და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრმა მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებელს და წევრებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ევროსაბჭოში გაწევრიანების შემდგომ, საქართველომ დრამატული ტრანსფორმაცია განიცადა – 2020 წელს კი ამ ტრანსფორმაციის კულმინაცია მოხდა – საქართველო მინისტრთა კომიტეტის პრეზიდენტი გახდა.

„მჯერა, რომ პანდემიის ფონზე, ჩვენ დავტოვეთ კვალი და გავამდიდრეთ ევროპის საბჭოს დღის წესრიგი. ჩვენთვის პრიორიტეტულ საკითხებს – ადამიანის უფლებებს და გარემოს დაცვას, ჰქონდა ფართო მხარდაჭერა, მათ შორის, პრეზიდენტობის მომავალი კანდიდატებისგანაც.

მსურს, თქვენი ყურადღება შევაჩერო მმართველი პარტიის ახალ დღის წესრიგზე, რომელსაც სახელად „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა” ეწოდება და რომელიც არის სტრატეგიული ეტაპი საქართველოსთვის, 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად”,- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა შეძლო, ჩამოეყალიბებინა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პარლამენტს უზრუნველყოფდა.

„როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ცხარე წინააღმდეგობები უძღოდა წინ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს საქართველოში, თუმცა, ჩვენ შევძელით, ჩამოგვეყალიბებინა ისეთი სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში ყველაზე ინკლუზიურ და მრავალპარტიულ პარლამენტამდე მიგვიყვანდა. მიუხედავად ხარვეზებისა, საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებმა დაასკვნეს, რომ 2020 წლის არჩევნები იყო კონკურენტული, დაცული იყო ფუნდამენტური თავისუფლებები და პარტიებს შეეძლოთ, კამპანია თავისუფლად ეწარმოებინათ. ურჩი და „ყველაფერი ან არაფერი” პრინციპით მოხელმძღვანელე რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ იმ მანდატებზე, რომელიც მათ ქართველმა ხალხმა მიაკუთვნა. ამავე დროს, გვესმის, რომ არ უნდა გავჩერდეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ განვახორციელოთ მეტი რეფორმა და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მეშვეობით, უმაღლეს დონეზე გამოვიძიოთ თითოეული ბრალდება”,- განაცხადა დელეგაციის წევრმა.

ირაკლი ჩიქოვანმა ასევე ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც.

„რამდენიმე დღის წინ, აქედან არც ისე შორს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, საქართველომ იზეიმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მის თანამედროვე ისტორიაში. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, რუსეთის ფედერაცია იურიდიულად არის პასუხისმგებელი საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევაზე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს და ომის შემდეგ. ჩვენ, ქართველებს, როგორც რიგით ევროპელებს, გვჯერა, რომ საერთაშორისო სამართლის მტკიცე პრინციპები გაიმარჯვებს და ადამიანის უფლებები დაცული იქნება”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები