გარეთავლაბარი, ბზის მოედანი და ბერძენხანა – ძველთბილისური დასახელებების ისტორია

თ. კვირკველიას წიგნი – „ძველთბილისური დასახელებანი“ საინტერესოა იმით, რომ მასში თავმოყრილია როგორც დამკვიდრებული, ასევე, ხმარებიდან ამოღებული ძველთბილისური დასახელებები. იქვეა განმარტებული სახელწოდებების წარმოშობის წყაროები და მოცემულია მოკლე ცნობები ქალაქის მოედნების, ქუჩების, შენობებისა თუ წეს-ჩვეულებების შესახებ. ეს ინფორმაცია განსაკუთებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თბილისი და მისი ისტორია უყვარს. დღეს გვინდა, აშპაშხანაზე, აგარანზე, ამარათზე და ახალ ჰოლანდიაზე მოგიყვეთ და გაჩვენოთ, თუ როგორაა დახასიათებული 1985 წელს გამოცემულ წიგნში თითოეული მათგანი.


გარეთავლაბარი – ასე ეწოდებოდა ავლაბრის იმ ნაწილს, რომელიც ძირითადი გამაგრებული ნაწილის გარეთ მდებარეობდა. 1800 წლის გეგმაზე ამ ნაწილს „ავლაბრის უბანი“ ჰქვია. მე–18 საუკუნის შუა ხანამდე გალავნით შემოფარგლული იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, ისანი, რომელიც მოქცეული იყო ამჟამინდელი მეტეხის აღმართსა და კლდის სწვრივს შორის. შედარებით ვრცელი ნაწილი, შაუმიანის ქუჩას, მუკუზანის შესახვევსა და მტკვრისაგან მოქცეულ კლდეს შორის, ჯერ კიდევ არაბების ბატონობის დროს თხრილით ყოფილა შემოყოლებული. გარეთავლაბარი ვრცელდებოდა ამ თხრილის გადაღმა მდებარე პლატოზე, რომელიც ახლა დაახლოებით ბარათაშვილის აღმართით, მესხიშვილის ქუჩითა და კიბალჩიჩის ხევით იფარგლება. ამ საზღვრებში აქვს ნაჩვენები ვახუშტი ბაგრატიონს ეს უბანი თბილისის 1735 წლის გეგმაზე.

ერეკლე მეორის ზეობის ხანაში შიდაავლაბარი, შაუმიანის ქუჩის ხაზზე, კოშკებიანი გალავნით შემოიფარგლა, ხოლო გარეთავლაბარი კვლავ გარეთუბნად დარჩა. თბილისის 1800 წლის გეგმა პირველია აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის შემდეგ. მასზე მუქი ფერით გამოყოფილია სპარსელების მიერ დანგრეული უბნები. ამ გეგმაზე გარეთავლაბარი ერთიანად გადაბუგული ჩანს. ამ უბანში მინიშნებულია ორი ეკლესია: ქართული და სომხური. ქართულ ეკლესიასთან სასაფლაოც არის აღნიშნული. მე–19 საუკუნეში ეს უბანი ქოტურად განაშენიანდა, თუმცა იყო ცდა გარეთავლაბრის დაგეგმარებისა. რეგულარული ხასიათი მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიღო, დღევანდელი ლომოურის ქუჩის სამხრეთ–დასავლეთით.

ბზის მოედანი – მე–19 საუკუნის თბილისში მრავალი მხრიდან ჩამოსული ვაჭრები გასაყიდად ჩამოტანილ საქონელს ქარვასლების საწყობებში აბინავებდნენ, ხოლო პირუტყვისათვის საგანგებო ადგილები იყო გამოყოფილი ქარვასლების სიახლოვეს. პირუტყვის გასაჩერებელ ვრცელ ადგილს წარმოადგენდა ე.წ. „ბზის (თივის) მოედანი“ ან „ბაზარი“ «Сенний базар»). მოედანი მდებარეობდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე. რიყის სამხრეთ ნაწილში სირაჯხანის სიახლოვეს, ავლაბრის ხიდთან. ხიდის ორთავ ბოლოში ქარვასლები იდგა. მოედანზე გასაყიდად მომარაგებული იყო თივის ზვინები, საიდანაც მოდის ადგილის სახელწოდებაც. ანალოგიური სახელწოდების ადგილები რუსეთის იმპერიის სხვა ქალაქებშიც იყო, კერძოდ – პეტერბურგში.

ბერძენხანა – თათრის (დღევანდელი გორგასლის) მოედნის სამხრეთ–დასავლეთ ხაზზე განლაგებულ დუქნების უკან წმ. ეკატერინეს სახელზე აგებული ბერძნული ეკლესია იდგა. ეკლესიას დავით აღმაშენებლის ზეობის ხანაში ჩაეყარა საფუძველი (XI ს.) იგი თემურ–ლენგის მიერ იქნა დანგრეული XIV საუკუნის მიწურულში. ალექსანდრე პირველის მეფობის დროს, 1430 წელს მონასტერი აღუდგენიათ. 1795 წელს აღა–მაჰმად–ხანის შემოსევის შედეგად ეკლესია ნანგრევებში აღმოჩნდა. პლატონ იოსელიანის ცნობით, მის ნანგრევებზე კვლავ აღუდგენიათ ეკლესია სინას მთიდან მოსულ ბერებს. ეკლესიის გარდა, მონასტერში სხვადასხვა სახის სამეურნეო ნაგებობებიც არსებულა. შემოსავალი სინას მთის ბერებისათვის ყოფილა განკუთვნილი. მონასტერს თავისი დუქნებიც ჰქონია. ერთი მათგანი უშუალოდ თათრის მოედანზე გადიოდა. ეს დუქანი ერეკლე მეორემ უბოძა მონასტერს 1781 წელს. მონასტერშივე მდგარა ბერძენი არქიმანდრიტის სასახლეც. მონასტერს თბილისელები ბერძენხანას უწოდებდნენ. ეს სახელწოდება გვხვდება საბუთებში და ცალკეულ ავტორებთან.

ბერძენხანას მართკუთხა მოხაზულობის უბანი ეკავა თათრის მოედანს, ლილხანასა და ქიაბაბხანას შორის. ქიაბაბხანა (აშპაშხანა) მონასტრის ჩრდილო–აღმოსავლეთ კედელს გასდევდა მტკვრის მხარეზე, ლილახანა კი, მის პარალელურად მიემართებოდა მოპირდაპირე კედლის გასწვრივ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები