ლევან იოსელიანი: NDI-ის კვლევის შედეგებში იკითხება, რომ მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკურ პროცესს ხედავს პარლამენტში და არა – ქუჩაში
პარტია “მოქალაქეების” წევრი, ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ NDI-ის კვლევა არის ერთ-ერთი ყველაზე სანდო კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდება.
მისივე შეფასებით, კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობას სურს მოლაპარაკებების პროცესი გაგრძელდეს.
“არასოდეს ჩვენ არ გვითქვამს, რომ NDI-ის კვლევას არ ვენდობით. პირიქით, ეს არის ერთ-ერთი სანდო კვლევა, რომელიც საქართველოში ტარდება. რაც შეეხება შედეგებს, შედეგებში იკითხება ყველაზე მთავარი, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს და პოლიტიკურ პროცესს ის ხედავს პარლამენტში და არა – ქუჩაში, რასაც ჩვენ მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვამბობდით და ვუმტკიცებდით ჩვენს კოლეგებს, რომ ერთადერთი სწორი გამოსავალი არის, გავაგრძელოთ დებატები პარლამენტში. ჩვენ ამისკენ გადავდგით დამოუკიდებელი ნაბიჯები, იმედია, სხვებიც გაიაზრებენ ამ კვლევის შედეგებს და მიიღებენ შესაბამისს გადაწყვეტილებებს”, – აცხადებს ლევან იოსელიანი.