„შეხვდი მეცნიერს“ – წიგნი-ალბომი „ანატოლი კალგინი – 145“

26 იანვარს, 16:00 საათზე, ZOOM-ის პლატფორმაზე გაიმართება წიგნი-ალბომის „ანატოლი კალგინი -145“ წარდგენა, რომელიც ინჟინერისა და არქიტექტორის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გრძელდება ონლაინსაუბრების სერია – „შეხვდი მეცნიერს“. სერიის ფარგლებში, ხსენებულ  შეხვედრაზე  მუზეუმის ახალგაზრდა მეცნიერები – გვანცა ბერძენიშვილი და დავით ნიორაძე წარადგენენ წიგნ-ალბომს „ანატოლი კალგინი -145“,
ანატოლი კალგინი XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული სახელოვნებო საზოგადოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელია. 1900-1930-იან წლებში მისი უშუალო მონაწილეობით მიმდინარეობდა ქვეყნის კულტურული ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პროცესები. წინამდებარე წიგნი-ალბომი არის პირველი გამოცემა, რომელიც ანატოლი კალგინს ეძღვნება.
წიგნში პირველად გამოქვეყნდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების ფონდში დაცული ანატოლი კალგინის შემოქმედების სრული კოლექცია და პარალელური მასალა, მათ შორის, XX საუკუნის პირველი ნახევრის სხვა ავტორების განუხორციელებელი პროექტების საკონკურსო ნახაზები.
წიგნი მოიცავს სახელოვნებათმცოდნეო კვლევას, საარქივო დოკუმენტებს, უნიკალურ დოკუმენტურ ფოტომასალას, რომელთა დიდი ნაწილი გამოქვეყნდა პირველად.
პროექტის ხელმძღვანელია ეკა კიკნაძე; წიგნის ავტორები – გვანცა ბერძენიშვილი და დავით ნიორაძე
პროექტის მხარდამჭერია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.
პრეზენტაციაზე დასასწრებად, სავალდებულოა რეგისტრაციის გავლა: https://bit.ly/2M7rrKa

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები