ევროპარლამენტარი რიშარდ ჩარნეცკი – საქართველო დიდი ხანია, წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა

პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი, რიშარდ ჩარნეცკი „ნიუ იუროპზე“ საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.

„ტრამპის პრეზიდენტობის დასრულების შემდეგ გასარკვევია, გაწყვეტენ თუ არა მასთან კავშირს რესპუბლიკური პარტიის მმართველი წრეები. მსოფლიოს ბევრ კონსერვატიულ პარტიას, თუმცა ყველას არა, იმედი აქვს, რომ ძველი ყაიდის რესპუბლიკური პარტია: საბაზრო ურთიერთობებისა და თავისუფლების მომხრე და დასავლური დემოკრატიული ინსტიტუტების უპირობოდ ერთგული, ისევ წამოდგება ფეხზე.“

სტატიაში პოლონელი ევროპარლამენტარი აღნიშნავს, რომ ევროპაში ბევრი კონსერვატორისთვის პრეზიდენტი ტრამპი არაერთგვაროვანი ფიგურა იყო, ნაწილობრივ მომგებიანი და წამგებიანიც.

„რთული რიტორიკის მიუხედავად, მან შეძლო ზოგიერთი მნიშვნელოვანი კონსერვატიული პრინციპის ამოქმედება. ჩინეთიდან მომავალი საფრთხის მიმართ უფრო ძალისმიერი მიდგომა მისასალმებელი და დიდი ხნის განმავლობაში სასურველი გახლდათ ისევე, როგორც ევროპის სახელმწიფოების მიმართ თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ გაჟღერებული მოწოდება. მის მიერ გადასახადების შემცირებამ უდიდესი ბიძგი მისცა აშშ-ის ეკონომიკას“, – აღნიშნულია სტატიაში.

ევროდეპუტატი სტატიაში ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის საკითხსაც ეხება და აღნიშნავს, რომ „ქართველმა მილიარდერმა საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ“.

„ბოლო დღეებში ხშირად ისმის კითხვა: შეიძლება, მსგავსი რამ ევროპაში მოხდეს? ძალიან ცოტა ევროპული დემოკრატია თუ გაუტოლდება ამერიკულს ზრდასრულობით თუ ხანგრძლივი ისტორიით, ხოლო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები კი, დღესაც დაუცველნი არიან შიდა თუ გარე შოკებისგან, რომელთაც შეუძლია, ბოლო ათწლეულებში მიღწეული პროგრესის დესტაბილიზაცია. ამ კონტექსტში იმედისმომცემი იყო ამ კვირაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება საზოგადოებრივი ცხოვრებიდან წასვლისა და ყველა პოლიტიკური თანამდებობის დატოვების შესახებ. ტრამპის მსგავსად, ივანიშვილიც გახლავთ პოლიტიკაში მოსული მილიარდერი ბიზნესმენი, რომელმაც 2012 წელს ყველა პროგნოზის საწინააღმდეგოდ გაიმარჯვა არჩევნებში. საბედნიეროდ, მსგავსება ამით ამოიწურება.

2012 წლიდან მოყოლებული ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც თავდაპირველად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ხოლო ბოლო პერიოდში – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს. მისმა პარტიამ მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა გასული წლის ნოემბერში გამართულ არჩევნებში. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მისი ოპონენტების მხრიდან გაჟღერებული „ტრამპის სტილის“ პრეტენზიების მიუხედავად, დამკვირვებლებმა აღიარეს, რომ საქართველოს არჩევნები პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებს და შედეგები ზუსტი იყო. ამ კონტექსტში ივანიშვილის წასვლა წინსვლის მაგალითია ახალგაზრდა ევროპული დემოკრატიებისთვის.

დიდი ხნის განმავლობაში ამერიკა – „სინათლის ქალაქი გორაკზე“ წარმოადგენდა აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიული შთაგონების წყაროს. დღეს კი, ჩვენი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის უმჯობესია, არ მიაქციონ ყურადღება აშშ-ის მილიარდერ პრეზიდენტს, რომელიც უარს ამბობს თეთრის სახლიდან გამოსვლაზე არჩევნებში დამარცხების შემდეგ – და, ამის ნაცვლად, ეძებონ შთაგონების წყარო საკუთარ სამეზობლოში, კერძოდ, ქართველი მილიარდერის სახით, რომელმაც საკუთარი ნებით დათმო ძალაუფლება არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

რიშარდ ჩარნეცკი აქვე აღნიშნავს, რომ „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროკავშირი და აშშ მხარს უჭერენ ევროპაში წარმოქმნილ დემოკრატიებს, იქნება ეს ფინანსური, საგანმანათლებლო თუ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. მისივე თქმით, ეჭვგარეშეა, რომ ეს დახმარება გაგრძელდება.

ევროდეპუტატი პუბლიკაციაში წერს, რომ 2024 წელს „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის წევრობაზე დაგეგმილი განაცხადის შეტანა მხარდაჭერას იმსახურებს.

„კიდევ უფრო აუცილებელია, თავად ამ ქვეყნებში ლიდერობის ჩამოყალიბება. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი და შეძლებული ადამიანის მიერ საკუთარი ნებით ძალაუფლების დათმობა მიუთითებს სამოქალაქო და დემოკრატიულ სიმწიფეზე, რომელიც იძლევა კარგი პროგნოზების გაკეთების საშუალებას ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი განაცხადის შეტანის კუთხით. ეს განაცხადი იმსახურებს მხარდაჭერას.

საქართველო დიდი ხანია, წარმოადგენს პროგრესის შუქურას რეგიონში და ამ პროგრესის დაჩქარებამ ბოლო წლებში ივანიშვილის ხელმძღვანელობით ყველა მოლოდინს გადააჭარბა. მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმართვის გლობალურ ინდექსში“ საქართველო მეშვიდე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 26-ს. „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოში და უსწრებს ევროკავშირის წევრთა უმრავლესობას. Fraser Institute-ის „თავისუფლების ინდექსში“ საქართველო მერვე ადგილზეა და იმყოფება აშშ-ის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.

ევროდეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს არის „შესანიშნავი შედეგი ქვეყნისთვის, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ დიქტატურის და რეპრესიების პირობებში ცხოვრობდა“.

„ეს შედეგი იმსახურებს აღიარებას ევროკავშირის ლიდერების მხრიდან როგორც სიტყვით, ისე – საქმით.

დემოკრატია არ არის მმართველობის უზადო სისტემა – არც საქართველოში, არც ევროკავშირში და არც თავად ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი. ჩვენ, ვინც „რკინის ფარდის“ მეორე მხარეს გავიზარდეთ, კარგად გვესმის ამ თავისუფლებების ფაქიზი ბუნება.

რონალდ რეიგანს თუ დავესესხებით, „თავისუფლება ფაქიზი რამ არის და მის გასაქრობად მხოლოდ ერთი თაობაა საკმარისი… აუცილებელია, რომ ყველა თაობამ მუდმივად იბრძოლოს მის დასაცავად“.

სწორედ ჯორჯიის შტატმა დაუსვა წერტილი ტრამპის პრეზიდენტობას, როცა შტატის ამომრჩევლებმა უარით გაისტუმრეს პრეზიდენტის მცდელობა, საფუძველი შეერყია აშშ-ის არჩევნების დემოკრატიული პროცესისთვის. 10 000 კილომეტრის დაშორებით კი, ქვეყანაში სახელად ჯორჯია (საქართველო) ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს ნაკლებად რეკლამირებული, მაგრამ ბევრად უფრო შთამბეჭდავი დემოკრატიული გადასვლა ახალ საფეხურზე“, – აღნიშნულია სტატიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები