„დილიდან საღამომდე ვქარგავ“ – ლენტებით შექმნილი საოცრებები, „ბალერინა“ და… დაბნეული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი

თბილისში დაიბადა. მე-7 საშუალო სკოლა დაამთავრა.
პროფესიით ფილოლოგია, ქსოვა 7 წლის ასაკში დაიწყო. როგორც ამბობს, დეიდას ასწავლიდა მეზობელი და თავადაც მშვენივრად აითვისა. ქსოვდა ყველაფერს, 19 წლიდან კი ჯვარედინად ქარგავს.
4 წელია, ლენტებით ქარგვამ გაიტაცა. მას მერე არ გავჩერებულვარ, ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობაო. – ამბობს. მხოლოდ 2020 წელს 140-ზე მეტი ნამუშევარი მოქარგა.
ოცნებობს პერსონალურ გამოფენაზე. – ხელოვან ნინო მოლაშვილის პერსონა.

– რატომ მოგეწონათ  ლენტებით ჯვარედინი ქარგვა?
– მეზობელთან ვნახე ჯვარედინი ნაქარგით შესრულებული ნამუშევარი და გადავწყვიტე, მეც მეცადა, ეს ის დროა, როცა ძნელად იშოვებოდა მასალები, ჟურნალებს ვთხოულობდით და ბიაზის ქსოვილზე ვქარგავდით.
კიდევ  ერთი ქალბატონის ნამუშევარი მომეწონა ლენტებით, მეც ვსინჯე და გამომივიდა. ეს ქალბატონი ნანა გელაშვილია, ზოგი ჩემით და ზოგიც მისი დახმარებით მივაღწიე მიზანს.
ვმუშაობ პრინტებზე. თავად ვაბეჭდინებ ნახატის პრინტს, და მერე ვიწყებ ქარგვას ლენტებით. უფრო ხშირად, რაც მომწონს, იმ სურათს ვპრინტავ, ძალიან მიყვარს გვირილები და ყაყაჩოები.
ბევრს მოსწონს ჩემი ნაქარგები და მიკვეთავენ.  მიხარია, როცა ჩემი ნამუშევრებით ინტერესდებიან.

– ფანტაზია და ფერების შეხამება თქვენს ნაქარგებში, მართლაც, ახდენს ეფექტს…
– ზოგს ფანტაზიით, ზოგს სურათის მიხედვით ვაფორმებ..
– ფეისბუქზე გაქვთ გვერდი: ნინო მოლაშვილის ნამუშევრები/Nino Molashvilis ART. მაინც რომელი ნამუშევრები მოსწონს მნახველს?
 ძალიან მოსწონთ გვირილები, ყაყაჩოები, შერეული ყვავილები…
რამდენჯერმე ოჯახში სასწრაფო დახმარების გამოძახება დაგვჭირდა და… სანამ ავადმყოფის ამბავს იკითხავდნენ, ნამუშევრები სტაცებდათ თვალს და მოწონებისგან დაბნეულობა ეტყობოდათ სახეზე.
– პანდემიამ თქვენზე დადებითად იმოქმედა თუ უარყოფითად?
კი, დადებითად იმოქმედა, ეს პერიოდი ძალიან ადვილად გადავიტანე. 2020 წელს 140-ზე მეტი ნამუშევარი მოვქარგე და სახლში არცერთი აღარ დამრჩა. მათ შორის, ჩემი გამორჩეული სურათებიც. ყველა გაიყიდა,  მაგრამ აუცილებლად მოვიქარგავ ზუსტად ისეთ ნამუშევრებს.
ამ თვეში 11 სურათს ვქარგავ… ეს ისევ პრინტებია. იმედი მაქვს, სამომავლოდ ჩემი საავტორო ნამუშევრები მექნება.

„ბალერინა“

სიტყვამ მოიტანა და… ხშირად მეკითხებიან, როგორ ელევი ნახელავსო, მაგრამ მათ ვეტყოდი, რომ ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, როცა ჩემი ნამუშევრები სხვის ოჯახშია, მოსწონთ  და მადლობას მიხდიან…
როცა ჩაივლის ეს ყველაფერი, პანდემია დასრულდება, პერსონალური გამოფენის დიდი სურვილი მაქვს.
ორჯერ მივიღე მონაწილეობა საქართველოს მქარგველების და ხელმარჯვეების ასოციაციის მიერ გამართულ ჯგუფურ გამოფენებში. ამ ასოციაციის  წევრი ვარ.
– რა მასალას იყენებთ?
– ატლასის ლენტებს, მულინის ძაფებს… დღე არ გავა, რომ რამე არ გავაკეთო, დილიდან საღამომდე ვქარგავ. უამისოდ არ შემიძლია.
– „ბალერინა“ როგორ მოიქარგა?
– მომეწონა ნახატი და პრინტი შევიძინე, არ მეგონა, თუ ამდენ მოწონებას დაიმსახურებდა, ჩემთვის დიდი სტიმულია ასეთი თბილი კომენტარები. მაშინვე შეიძინეს და შეკვეთებიც მომცეს. ბალერინაც შემიყვარდა.
– ჰობი?
– ჩემი ჰობი ქარგვაა…
– რომელი ყვავილები გიყვართ?
– ყველაზე მეტად გვირილები, ყაყაჩოები და ტიტები, თუმცა ყველა ყვავილი ლამაზია.
– ხატვა?
– ყველას უკვირს, ხატვა რომ არ ვიცი. არასდროს მიცდია, თუმცა ძალიან მინდა, რომ  ვიცოდე. წლების წინ გობელენიც მომიქსოვია და თექაზეც მიმუშავია, მაგრამ დახატვით არასდროს დამიხატავს.

– ოჯახში ალბათ ხელს გიწყობენ…
– მშობლები და და-ძმა შესაფერის გარემოს მიქმნიან. ძმა დაოჯახებულია, სამი შვილი ჰყავს. ჩემი ოჯახი ყველანაირად  ხელს მიწყობს საქმიანობაში.

 

                                                                                                                                თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები