22 იანვარი ბაირონის დაბადების დღეა

ლორდ ბაირონის დაბადების დღეს ფეისბუქის გვერდზე ეხმაურება ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ბაირონის საზოგადოების პრეზიდენტი, აკადემიკოსი ინესა მერაბიშვილი.
„დღეს, 22 იანვარს, ლორდ ბაირონს შეუსრულდა 233 წელი. გთავაზობთ ლორდ ბაირონის ორ ლექსს ჩემეულ თარგმანში“, – წერს ინესა მერაბიშვილი.

სტანსები

თუ შენს სამშობლოს არ სჭირდება ალალი სისხლი,
გასწი, მეზობელს მოუპოვე თავისუფლება,
თუ ძველი რომის და ელადის ღირსებას იხსნი,
გმირის სიკვდილით დიდი ნატვრა აგისრულდება.
იყო რაინდი კაცთა მოდგმის – რჩეულთ ხვედრია,
თავისუფლებას არ სჭირდება ბრმა სამანები,
და თუ სიკვდილსაც გადაურჩი, გწამდეს, გელიან
დაფნა, დიდება, შეძახილი და ფანფარები.

ლორდ ბაირონის მიძღვნა ერთადერთი შვილის,
ადა ბაირონისადმი პოემიდან – „ჩაილდ ჰაროლდი“

დედას თუ ჰგავხარ, პაწაწინა ასულო ჩემო,
ადა, ძვირფასო, ერთადერთო ნუგეშო კერის?
ვიცი, გშორდები სამუდამოდ, იმედს არც ვჩემობ,
კვლავაც მსხვერპლი ვარ უმოწყალო ბრმა ბედისწერის.
აზვირთებულა ზღვა ჩემს ირგვლივ, ბობოქრობს, ღელავს,
ქარიც ავარდა და ზუზუნით იწყო გნიასი,
ვტოვებ ალბიონს, არ მაღელვებს, ვფიცავარ ზენას –
ჩამოვიტოვე ნაპირები ქვეყნის დიადის,
ან სად მომისწრებს ხვალ დაისი თუ განთიადი.
ადა, ძვირფასო, ეს სიმღერა დავიწყე შენით,
და მსურს, შენითვე დავასრულო ჩემი სათქმელი,
ვიცი, დღითიდღე აღივსები ხიბლით და მშვენით,
სხვას გაუღიმებ, სხვას შეჰხარი, მამას არც ელი.
თუმცა განგებამ გაგვიმეტა და სურთ, გაგვყარონ,
როგორც არასდროს, მაწვალებენ შენზე ფიქრები,
ჩემი თვალებით დაინახავ მაინც სამყაროს,
მჯერა გამიგებ, როს ამქვეყნად აღარ ვიქნები
და მაშინ, შვილო, ჩემს მეგობრად გარდაიქმნები.
აღზარდო შვილი და იხარო მისი ხარებით,
ბედნიერების განიცადოთ ერთად წუთები,
რომ შენს კალთაზე მიიძინოს მან ნეტარებით,
ასწავლო ფიქრი, ფიქრი შენებრ ნასათუთევი.
და თუ ღაწვებზე შვილს ამბორი მამის ატყვია,
ბედნიერია აქ უსაზღვროდ ორივე, ადა,
კრძალვით გაუმხელს მამაშვილი ერთურთს ხვაშიადს,
რასაც ვნატრობდი სიყრმიდანვე და რაც მეწადა,
რაც მე, საბრალოს, არ მეღირსა გამომეცადა.
ჩაგაგონებენ ჩემს სიძულვილს, ენას გესლიანს
ატარტარებენ, რომ დაანთონ ცეცხლი ჭორიდან,
ვინ იცის, კიდევ მერამდენედ გულში მესვრიან,
რომ ვეღარ შევძლო სიყვარული თუნდაც შორიდან.
ჩემზე აუგი შენს ღირსებას ბევრჯერ შელახავს,
და მამის საფლავს დაიტირებ მრავალგზის კენტად,
ჩემი ქომაგი უანგარო მხოლოდ შენა ხარ
და სისხლი ჩემი შენს ძარღვებში გადარჩა ბედად,
მწამს, შემიყვარებ სიცოცხლეზე კიდევაც მეტად.
შენ სიყვარულის ნაყოფი ხარ, თუმცა ქვეყანას
როს მოევლინე, უმალ დაგხვდა ღვარძლი, სიმწარე,
მსგავსად მამისა, გზად სიავე გადაგეყარა,
მაგრამ დაგინდობს განსაცდელი, ადა, იწამე.
მშვიდად იძინე, ანგელოზო ცისფერთვალებავ,
და ჭირ-ვარამით ნურასოდეს ნუ შემედრები,
შენთვის ვლოცულობ, აგაშორო იქნებ წამება,
მაღალ კალთებზე გარინდულან მწვანე კედრები,
თუმცა კურთხევას შენგან ველი, შენ გევედრები.

თარგმნა ინესა მერაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები