“გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში” – მეუფე შიო
“ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის – ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული”, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) მირქმის დღესასწაულზე, ქადაგებისას ისაუბრა.
“ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ მირქმის დღესასწაულს და ასევე – საშინელი სამსჯავროს ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვას, კურთხევას.
როგორც იცით დღევანდელი დღესასწაულის ისტორია, მართალ სვიმეონს სულიწმინდისგან ეუწყა, რომ არ გარდაიცვლებოდა, სანამ არ იხილავდა თავისი თვალებით ქალწულისაგან შობილ მაცხოვარს. და აი, უფალ იესო ქრისტეს შობიდან მეორმოცე დღეს, როდესაც ყოვლადწმინდა ქალწულმა ღვთისმშობელმა რჯულში დადგენილი წესისამებრ ტაძარში მიიყვანა თავისი ახალშობილი ძე, იქ იმყოფებოდა მართალი სვიმეონიც. მან იცნო ჩვილ იესოში სოფლის მაცხოვარი, ხელში აიყვანა, მიიხუტა და წარმოთქვა შესანიშნავი სიტყვები, რომლებსაც დღესაც ვიმეორებთ: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ (ლკ. 2, 29-30). ე. ი. რაკი ჩემი თვალით ვიხილე სოფლის მაცხოვარი, ახლა შემიძლია მშვიდობით შევხვდე სიკვდილს.
ტაძარში იყო ასევე წინასწარმეტყველი ანა, რომელიც უფალს ადიდებდა და ყველას, ვინც მოელოდა გამოხსნას იერუსალიმში, ვინც ტაძარში მოდიოდა, ელაპარაკებოდა მაცხოვრის შესახებ.
ეს დღესასწაული არის შეხვედრების დღესასწაული: მართალი სვიმეონის შეხვედრისა უფალთან, ადამიანის შეხვედრისა ღმერთთან, ძველი აღთქმის – ახალ აღთქმასთან, ეს არის უფალ იესო ქრისტესთან ჩვენი შეხვედრის დღესასწაული.
და აი, ვფიქრობთ ამ საოცარ მოვლენაზე, რაც არის ღმერთთან შეხვედრა. ის ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ის შეიძლება მოხდეს ლოცვაში, ის ხდება დიდ განსაცდელში, სნეულებაში, ღმერთთან შეხვედრა ხდება შეჭირვებული ადამიანის გვერდით, ღმერთთან შეხვედრა შეიძლება მოხდეს დიდი სიხარულის დროს, რომელსაც უფალი გვაძლევს, განსაკუთრებით ღმერთთან შეხვედრა ხდება წმინდა ზიარების საიდუმლოში, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ვერ ვამჩნევთ უფალს, ვერ ვცნობთ მას და გვერდს ვუვლით. რა არის ამის მიზეზი? მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს, მაგრამ უმთავრესი მიზეზი მაინც არის ადამიანის გულის არაწმინდება, რომელიც აბნელებს ჩვენს სულიერ ხედვას და ხელს გვიშლის, დავინახოთ უფალი, დავინახოთ ის, რაც სინამდვილეში თვალნათლივ დასანახი უნდა იყოს. ამიტომ ამბობს უფალი იესო ქრისტე: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5,8).
მაშასადამე, გულის სიწმინდე არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ უფალი ვიხილოთ, მას მივუახლოვდეთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და მასში. ამიტომაც ხშირად ვლოცულობთ ფსალმუნთა სიტყვებით: „გული წმიდა დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა“ (ფს. 50, 10).
ქრისტესთან შეხვედრა მრავალჯერ ხდება ცხოვრებაში, მრავალია ამის შესაძლებლობა. ეს გვეძლევა, როგორც დიდი ნუგეში და წყალობა. ამას ადასტურებს ქრისტიანული ცხოვრების, დიდი სულიერი ადამიანების სწავლება და გამოცდილება. უფალთან ეს შეხვედრები გვეძლევა ასევე, როგორც საწინდარი, ძვირფასო ძმებო და დებო, იმ გადამწყვეტი და უკანასკნელი შეხვედრისა, რომელიც ყველას მოგველის გარდაცვალების შემდეგ.
დღეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროსი და ამ შეხვედრის გამო, უფალი გვამზადებს; ამ შეხვედრის გამო, წმინდა ეკლესია მოგვიწოდებს, ღვთის სიტყვა გვმოძღვრავს და ეს შეხვედრა ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, მისთვის უნდა ვემზადებოდეთ. ეს შეხვედრა არ არის დამოკიდებული ჩვენს ნება-სურვილზე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შეგნებულად თუ შეუგნებლად უგულებელვყოფდეთ ღმერთთან შეხვედრებს, მაგრამ ეს უკანასკნელი და გადამწყვეტი შეხვედრა უფალთან გარდაუვალია. როგორც გითხარით, არ არის დამოკიდებული იმაზე, ჩვენ გვსურს თუ არა, მზად ვართ თუ არა მისთვის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, მირქმის დღესასწაულს; შეგვეწიოს უფალი, რომ ღირსეულად განვვლოთ ჩვენი მიწიური ცხოვრება და მშვიდობით წარმოვთქვათ ჩვენი „აწ განუტევე“, ხოლო როდესაც წარვდგებით ღვთის წინაშე, მოვისმინოთ არა მისი მკაცრი სიტყვები: „წადით ჩემგან, წყეულნო, არ გიცნობთ თქვენ“ (მთ. 25, 41), არამედ მისი მოწყალე სიტყვები: „მოდით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სასუფეველი თქვენთვის გამზადებული დასაბამითგან სოფლისა“ (მთ. 25, 34). ამინ.
ჩვენთან არს ღმერთი!”, – აღნიშნა მეუფემ.