ნათია თურნავა: 1-ელი თებერვლიდან მივიჩნიეთ შესაძლებლად, რომ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა გავაუქმოთ

საქართველოში პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა მოიხსნება. ყველა ავიაკომპანია, რომელიც უკვე საქმიანობდა ან საქმიანობს საქართველოში, ან სამომავლოდ გეგმავს ქვეყნის ავიაბაზარზე შემოსვლას, რეგულარული ფრენების დაგეგმვას და შესრულებას შეძლებენ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, მინისტრის თქმით, ავიაკომპანიები ფრენების განხორციელებას მხოლოდ ყველა არსებული სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით შეძლებენ.

„მსოფლიოში ბევრი ავიაკომპანია ამას ისედაც ახორციელებს. ამდენად, ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილება რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვის მოხსნის შესახებ დამატებითი საფრთხის მომტანი არ იქნება. ჩვენ მომავალ კვირას ჩამოვყალიბდებით, თუ როგორ შევამსუბუქოთ ქვეყანაში შემოსვლის რეჟიმი სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორებისთვის, რადგან ეს ორი გარემოება ურთიერთკავშირშია.

ჩვენ ვითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მსოფლიოში თანდათან ტემპს იკრებს ვაქცინაცია, მათ შორისაა ისეთი ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის ტურისტულად განსაკუთრებით მიმზიდველია. მაგალითად, ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები და რა თქმა უნდა, ევროკავშირის სახელმწიფოები. აქედან გამომდინარე, ველით, რომ უახლოეს პერიოდში გაზაფხულის სეზონზე ჩვენ შევძლებთ, ყველა წესის დაცვით, უსაფრთხოდ ვუმასპინძლოთ ტურისტებს უფრო დიდი რაოდენობით,” – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, მომავალ კვირას დაგეგმილია შეხვედრა ტუროპერატორებსა და ტურისტულ კომპანიებთან.

„ჩვენ ერთად ვიმსჯელებთ, თუ როგორ მოემზადონ ისინი, რათა ეს ახალი გარემოება ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოიყენონ,” – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები