თეა ახვლედიანი: სტრასბურგის გადაწყვეტილება ისტორიულია, რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე

„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ნამდვილად უპრეცედენტო და ისტორიულია, რაც წარმოადგენს საქართველოს გამარჯვებას რუსეთის ფედერაციაზე 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეში”, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

როგორც ახვლედიანი აღნიშნავს, აღნიშნული მნიშვნელოვან წილად განპირობებულ იქნა 2013 წლიდან საქართველო ხელისუფლების მიერ გაწეული ინტენსიური ძალისხმევითა და წარდგენილი მტკიცებულებებით.
„პირველად საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უხეში დარღვევით, ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე.
ეს კი შესაბამისად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს, როგორც საოკუპაციო ძალას, ეკისრება სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, წამების აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მიმოსვლისა და საკუთრების უფლება. რუსეთის ფედერაცია ასევე პასუხისმგებელია იმაზეც, რომ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს დღემდე არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.
ბუნებრივია, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ჩვენ აქტიურად გამოვიყენებთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა შემდგომშიც დავიცვათ ინტენსიურად საქართველოს ეროვნული ინტერესები და უზრუნველვყოთ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებები”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები