პარლამენტის ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის წლიური ანგარიში მოისმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფმა საქართველოს დაზვერვის სამსახურის საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების 2020 წლის ანგარიში მოისმინა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია უძღვებოდა. დნობის ჯგუფის მხრიდან სხდომას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, დაზვერვის სამსახურის მხრიდან კი – სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი შალვა ლომიძე და სამსახურის უფროსის მოადგილე გიგი ლილუაშვილი ესწრებოდნენ.

„ჩვენ მოვისმინეთ დაზვერვის სამსახურის 2020 წლის ანგარიში, ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რაც გადაიდგა სამსახურის მიერ ოპერატიული მიმართულებებით და ინსტიტუციური გაძლიერების თვალსაზრისით. მზვერავის საქმიანობა არის განსაკუთრებით საპასუხისმგებლო და რისკიანი. მსურს მადლობა გადავუხადო დაზვერვის სამსახურის პირად შემადგენლობას, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მოწინავე პოზიციებზე მყოფ მზვერავებს, საზოგადოებისთვის უცნობ გმირებს, ვინც საქართველოსთვის მუშაობს მტრულ და სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში და მოაქვს ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ანგარიშის მოსმენისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ დაზვერვის სამსახური აქტიურად ახორციელებდა საგარეო საფრთხეების მონიტორინგს, აგრძელებდა სადაზვერვო ოპერატიულ და ანალიტიკურ საქმიანობას, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და სხვადასხვა უწყებების სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფას. გაუმჯობესდა საქართველოს დაზვერვის სისტემის სუბიექტებთან კოორდინაცია და გაღრმავდა თანამშრომლობა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან. სამსახურში განხორციელდა მნიშვნელოვანი ორგანიზაციულ-სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებები” – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.
ნდობის ჯგუფის სხდომაზე იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, საფრთხეებსა და გამოწვევებზე, დაზვერვის სამსახურის სამომავლო გეგმებზე, აგრეთვე იმ მიმართულებებზე, სადაც აუცილებელია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერა.
ირაკლი ბერაიას თქმით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დაზვერვის სამსახურს მუდმივად გააჩნდეს გაშლილი და მყარი ოპერატიული პოზიციები ყველა საჭირო და მნიშვნელოვან ადგილზე, ჰქონდეს წვდომა ჩვენი მოწინააღმდეგეების დაცულ ინფორმაციაზე, რომლის ცოდნაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აგრეთვე, ჰქონდეს საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების შესაძლებლობები, განსაკუთრებით მათი ფორმირების პროცესში. ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ცვალებადი და მზარდი საფრთხეების, შესაბამისად დაზვერვის სამსახურის ამოცანების გათვალისწინებით, აუცილებელია პარლამენტმაც და მთავრობამაც მეტი ყურადღება დავუთმოთ საგარეო დაზვერვას, გავაძლიეროთ ეს უწყება და გავზარდოთ მისი დაფინანსება”.

ანგარიშის მოსმენისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტსა და დაზვერვის სამსახურს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმების ფარგლებში. გარდა წლიური ანგარიშის წარდგენისა, დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები არაერთხელ ესტუმრებიან პარლამენტს როგორც ნდობის ჯგუფის, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მიერ გამართული საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში. ნდობის ჯგუფისა და კომიტეტის წევრების მხრიდან, დაზვერვის სამსახურში განხორციელდება საზედამხედველო ვიზიტებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები