მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 97 მილიონს გადააჭარბა 2 083 326 პაციენტი გარდაიცვალა – ახალი, უფრო გადამდები შტამი უკვე მსოფლიოს 60 ქვეყანაშია დაფიქსირებული

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 083 326 პაციენტი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 70 მილიონს უახლოვდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ -19-ით ინფიცირების 25 375 572 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს – ბრაზილია, მეოთხეს – რუსეთი, მეხუთეზე კი  გაერთიანებული სამეფოა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, კორონავირუსის ახალი, უფრო გადამდები შტამი, რომელიც პირველად გაერთიანებულ სამეფოში იყო გამოვლენილი, უკვე მსოფლიოს 60 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, 15 იანვარს, მსოფლიოს მასტშაბით, კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა. ექსპერტების განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიის გამოჩენიდან ერთი წლის თავზე ეს მაჩვენებელი შოკისმომგვრელია, კიდევ უფრო მეტია იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც პანდემიას ემსხვერპლა. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში ვერ ტარდება იმ რაოდენობის ტესტირება, რაც საჭიროა და, დიდი ალბათობით, კორონავირუსით იღუპებიან ადამიანები და ექიმებმა არ იციან, რომ ისინი სწორედ კოვიდს ემსხვერპლნენ. „ჩვენი ვარაუდით, რეალური მონაცემები აღრიცხულ მონაცემებს მინიმუმ 20%-ით აღემატება“, – აცხადებენ მეცნიერები.

ამასთან, ჰოპკინსის უნივერსიტეტის განცხადებით, ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის დიდი იმედია მიუხედავად იმისა, რომ, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება სრულიად მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციას.

აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელმა 400 ათასს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია სწორედ პანდემიასთან ბრძოლას მიიჩნევს მთავარ მიზნად.

კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა აშშ-ში 2020 წლის თებერვალში დაფიქსირდა და პანდემიას სამ თვეში 100 ათასი ადამიანი ემსხვერპლა. ინფექციის მზარდი გავრცელებისა და ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვის ფონზე, დრამატულად იზრდება გარდაცვალების მაჩვენებელს, რომელიც დეკემბრის შუა რიცხვებში 300 ათასს შეადგენდა, სულ რამდენიმე კვირა დასჭირდა 100 ათასით გაზრდილიყო.  ჯამურად, ინფიცირებულთა რაოდენობამ პანდემიის დაწყების დღიდან 24 მილიონს გადააჭარბა.

ქვეყანაში მდგომარეობა მძიმეა. ერთ-ერთი ტელეკომპანიის (NBC) კვლევის მიხედვით, ყოველი მეორე ამერიკელი ფიქრობს, რომ კოვიდ მდგომარობა ქვეყანაში უკონტროლოა.

ვატიკანის ინფორმაციით,  გასულ კვირას ვაქცინაცია ჩაუტარდათ რომის მოქმედ და ყოფილ პაპებს. „ვაქცინაცია მართებული გადაწყვეტილებაა, რადგან საქმე ეხება როგორც თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ისე – თქვენი გარშემომყოფებისას“, – განაცხადა რომის პაპმა.

ვატიკანში ვაქცინის პირველი დოზა უკვე მიიღო 25-მა უსახლკარომ და კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრება მომდევნო დღეებში.

19 იანვარს გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა გააკეთა განცხადება კოვიდ რეგულაციების შესახებ. 14 თებერვლამდე ძალაში რჩება ყველა არსებული შეზღუდვა, რომელიც ვრცელდება სკოლებზე, ბარ-რესტორნებსა და კულტურულ ღონისძიებებზე და ემატება პირბადის სავალდებულო ტარება ტრანსპორტსა და მაღაზიებში. ასევე, კანცლერმა მოუწოდა დასაქმებულებს, მინიმუმ 15 მარტამდე იმუშაონ დისტანციურად, თუკი ეს შესაძლებელია. მიმდინარე კვირაში გახდა ცნობილი, რომ მედიკოსებმა ახალი შტამი აღმოაჩინეს ბავარიაში, რომლის შესახებაც დამატებითი დეტალები ჯერ ცნობილი არაა.

დიდ ბრიტანეთში კოვიდ ინფიცირებულთა გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – 1 820, ხოლო უკანასკნელი შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელია 1 218, რაც 15%-ით აღემატება წინა კვირის საშუალო მაჩვენებელს. მაღალია ასევე, ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზების მაჩვენებელიც – 18 იანვრის მონაცემებით, საავადმყოფოებში მკურნალობდა 40 ათასამდე კოვიდ ინფიცირებული.

რაც შეეხება ინგლისს, ნაციონალური ჯანდაცვის სერვისის (NHS) ინფორმაციით, 1 027 კოვიდ დადებითი პაციენტი გარდაიცვალა საავადმყოფოებში, რაც არის პანდემიის დაწყების დღიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იგივე მაჩვენებელი გასულ კვირას იყო 1 012, რაც იმას ნიშნავს, რომ მცირედით, მაგრამ მაინც მზარდია სტატისტიკა.

შოტლანდიაში ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა 2 000-ს შემთხვევას გადააჭარბა, რაც ქვეყნისათვის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია;  შოტლანდიის პირველი მინისტრის, ნიკოლა სტერჯენის განცხადებით, „ლოქდაუნის“ პირობებში, რომელიც სულ მცირე  თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება ძალაში, ქვეყნის მასშტაბით სკოლები არ გაიხსნება.

20 იანვრის მონაცემებით, ესპანეთში ინფიცირების 41 576 და გარდაცვალების 464 ფაქტი გამოვლინდა.  ვითარება რთულია ვალენსიის რეგიონში, სადაც 14 დღეში 100 000 მოსახლეზე, ინფიცირების 896 შემთხვევა მოდის. რეგიონში შემთხვევების ჭარბი რაოდენობა ჯანდაცვის სისტემაზე დიდ წნეხს ქმნის. შესაბამისად,  ვირუსით ინფიცირებული პაციენტების ნაწილი საველე ჰოსპიტლებში გადანაწილდა. 21 იანვარიდან, რეგიონში, კვებისა და სასმელის სარეალიზაციო ყველა სახის დაწესებულება, 14 დღით დაიკეტება. რესტორნები მხოლოდ გატანის სერვისზე იმუშავებს, სასტუმროს სასადილოები კი სტუმრების მომსახურებას კვლავ გააგრძელებენ.  ამასთან, ვალენსიის ადგილობრივი მთავრობა ე.წ. კომენდანტის საათის გახანგრძლივებას (20:00-06:00 საათებში) გეგმავს. რეგიონის საზღვრები 31 იანვრამდე კვლავ ჩაკეტილია.

იტალიის მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის ეროვნული ფედერაცია ქვეყნის მთავრობას ვაქცინაციის პროცესის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ტურიზმის სექტორის 10 თვიანი გაჩერების გამო, ფედერაცია მიიჩნევს, რომ არაუგვიანეს  გაზაფხულისა,  ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამუშავებაა აუცილებელი. ფედერაციამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ივლისამდე გაგრძელების შესახებ მთავრობის ინიციატივას, ტურიზმისთვის მომაკვდინებელი უწოდა.

ნიდერლანდების მთავრობა გეგმავს ე.წ. კომენდანტის საათის დაწესებას ინფიცირების მაჩვენებლის შემცირების მიზნით. 22 იანვრიდან მოსახლეობას ექნება უფლება, დატოვონ საცხოვრებელი ადგილი დროის კონკრეტულ შუალედებში 8.30 – 4.30. შეზღუდვები შენარჩუნდება 9 თებერვლამდე. აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდებში დაკეტილია არაძირითადი მოხმარების მაღაზიები და სკოლები 2020 წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან.

20 იანვრის მონაცემებით, საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირების 26 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც ქვეყანაში 2020 წლის ნოემბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია;  საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო საზოგადოებას ურჩევს, რომ სახლში დამზადებული ქსოვილის ნიღბების ტარებისგან თავი შეიკავონ, ვინაიდან მისი ფილტრები კორონავირუსის ახალი შტამისგან სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. საფრანგეთი შესაძლოა, გერმანიის მაგალითს მიჰყვეს და კლინიკური ნიღბების ტარება სავალდებულო გახადოს.

პორტუგალიაში ეპიდვითარება უარესდება. 19 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 14 647 ახალი შემთხვევა, ხოლო გარდაცვალების 219 ფაქტი გამოვლინდა, რაც წინა დღის ლეტალობის მაჩვენებელთან შედარებით (167) მკვეთრი ზრდაა;  პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის  19 იანვრის განცხადებით, ჯანდაცვის სისტემა რესურსების ამოწურვის საფრთხის წინაშეა. ინფიცირებული პაციენტებისთვის გამოყოფილი საწოლფონდი მთლიანად ათვისებულია.  ამ მხრივ, ყველაზე რთულ ვითარებაში ლისაბონიაა, სადაც საწოლფონდი თითქმის ამოწურულია.

პოლონეთის მთავრობის განცხადებით, ვაქცინებზე კვლავ დეფიციტია. აღნიშნულიდან გამომდინარე,  მიმდინარე კვირას სამედიცინო პერსონალის 330 000 მუშაკის ნაცვლად მხოლოდ 130 000 აიცრება.  იმუნიზაციის პროცესის შენელების მიზეზად 18 იანვარს ვაქცინის დოზების განახევრებული რაოდენობის – 176 000 ერთეულის მიღება დასახელდა.

20 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 21 152 და გარდაცვალების 597 ფაქტი გამოვლინდა.

ისრაელის მთავრობის 19 იანვრის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში „ლოქდაუნის“ ვადა 31 იანვრამდე გახანგრძლივდა. მთავრობის დადგენილებით, მათ, ვინც ისრაელში არაუგვიანეს 72 საათის წინ გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის გარეშე ჩავა, 2 500 შეკელით დააჯარიმებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები