თამარ გაბუნია: ვაქცინებთან დაკავშირებით სრული ტექნოლოგიური მზაობაა
“ვაქცინებთან დაკავშირებით სრული ტექნოლოგიური მზაობაა”, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არსებობს შენახვის პირობები იმ ვაქცინის, რომელიც საჭიროებს -80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს, ვაქცინის, რომელსაც სჭირდება -20 გრადუსიანი რეჟიმი, ასევე, 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები.
„რაც შეეხება პერსპექტიულ ვაქცინებს, ხშირად ისმის კითხვა, რომელი ვაქცინა მოხვდება ვაქცინაციის პროგრამაში და რა პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს ვაქცინა, რათა პროგრამაში მოხვდეს. პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევხედოთ ჩვენს ტექნოლოგიურ მზაობას, ცივი ჯაჭვის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობები ქვეყანაში რამდენად არსებობს. გეგმაში ასახულია, რომ ქვეყანას აქვს პირობა, შეინახოს სამივე ტიპის ვაქცინა, რომელიც საჭიროებს -80-გრადუსიან ტემპერატურულ რეჟიმს. ამ ეტაპზე ასეთია „ფაიზერის“ ვაქცინა, ასევე „მოდერნას“ ვაქცინა, რომელიც საჭიროებს – 20 ტემპერატურულ რეჟიმს და 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინები ჩვენთვის არის პრაქტიკულად რუტუნული იმუნიზაციის სქემის მოთხოვნა, რასაც ქვეყანა დიდი ხანია, შეუფერხებლად ახორციელებს. ამდენად ვაქცინებთან დაკავშირებით მზაობა სრულად არსებობს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.