„ახალი სატრანსპორტო გზების პროექტები რეგიონში – ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს“ – ზაალ კასრელიშვილის განმარტება
“რუსეთი შეეცდება, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი ტვირთები გადაამისამართოს და საქართველო სატრანზიტო ფუნქციის გარეშე დატოვოს”, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი აცხადებს.
კასრელიშვილი მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, სომხეთი რუსეთის ფედერაციას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით დაუკავშირდება.
ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებს? – კასრელიშვილმა განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.
„დღესავით ნათელია, რომ აზერბაიჯანი თავის სტარტეგიული პარტნიორის, თურქეთის გავლენის ქვეშ და თურქეთთან ერთად დარჩა. რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, სომხეთი თავის გავლენის ქვეშ დაიტოვოს მიუხედავად იმისა, რომ იქ არასტაბილური ვითარებაა და არავინ იცის, რა შეიძლება, ამ პროცესებს მოჰყვეს. სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი, ალტერნატიული გზა გაიყვანოს.
საქართველო დარჩა თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად: აშშ-სა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ევროატლანტიკური კავშირის სტარტეგიულ პარტნიორად კავკასიაში. თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის აგრესიულ საგარეო პოლიტიკურ კურსს, სავსებით ბუნებრივია, რომ ის ყველანაირად, ვერაგულად შეეცდება, ხელი შეუშალოს ამ პროცესს. მაგალითად, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ მიმავალი ტვირთები გადაამისამართოს და საქართველო სატრანზიტო ფუნქციის გარეშე დატოვოს. ამასთან ერთად, რუსეთმა იმ მიზნით, რომ სომხების გული მოიგოს და შიდა პოლიტიკურ ბაზარზე სახე არ დაკარგოს, სომხეთიდან აზერბაიჯანის გავლით სატრანსპორტო და სარკინიგზო გზა უნდა გაიყვანოს. რუსეთმა გზა უნდა გაიყვანოს იმისათვის, რომ სომხეთს საქართველოსთან ფიზიკური შეხებაც კი არ ჰქონდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთისთვის ეს ძალიან წამგებიანი პოზიციაა. საქმე ისაა, რომ, ამ გზის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი რუსეთს სთავაზობს, გზა გაიყვანოს აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ, საუბარია ნახიჩევანის გზაზე. რუსეთს იმდენად ეზიზღება ამერიკელი და იმდენად უნდა, როგორმე დააზიანოს საქართველოს იმიჯი, რომ ამ შეთავაზებას დათანხმდა. მოლაპარაკება მიდის და თანხმდება. თუმცა, ჩვენ ძალიან ეჭვი გვეპარება, რომ რუსეთმა სომხეთიდან გზა გაიყვანოს, რადგან ძალიან ძვირი ჯდება და ფულს არ ჩადებს. უბრალოდ, დროსა და სომხების გულს იგებს. მაგრამ აზერბაიჯანი ამ გზას გაიყვანს, რადგან თურქებსა და აზერბაიჯანელებს ამის დიდი თანხა აქვთ. რა შეიძლება, ამას მოჰყვეს? ამას, რა თქმა უნდა, აზერბაიჯანული ნავთობისა და გაზის გავლაც მოჰყვება ამ გზაზე. თურქეთის გავლით ეს ნავთობი და გაზი ევროპაში მოხვდება. რა თქმა უნდა, ამას თურქეთი გამოიყენებს. საბჭოთა შუა აზია თურქულენოვანია, იქ უკვე 25 წელია, ინფრასტრუქტურულ პროექტებს თურქული კომპანიები ახორციელებენ, თითქმის ყველა სერიოზული ბიზნესი თურქეთის ხელშია. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ თურქული კაპიტალი და შუა აზიური ხელისუფლებები ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ამას დავამატოთ განათლების სფეროც. ისევე როგორც რუსეთში, მთელს შუა აზიაში დემირელის სახელობის სკოლები და კოლეჯებია გახსნილი. იქ თურქეთი უცხო არაა. ასე რომ, საქართველოს ჯიბრითა და ამერიკელების ზიზღით, თამამად შეიძლება, ითქვას, რომ რუსეთი მთლიანად კარგავს საბჭოთა შუა აზიას.
რაც შეეხება საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას – ჩვენ ეს ფუნქცია მაინც გვაქვს და გვექნება. ამას დაემატება ავიაგადაზიდვები. გააჩნია, რა გზას აირჩევს ხელისუფლება. თუ მაინცდამაინც ყველა გზა დაკეტეს, რაშიც ძალიან ეჭვი მეპარება, ჩვენ ხელისუფლებას ვასწავლით, როგორ მოიქცეს. უახლოეს წლებში ჩვენ თავისუფლად შევძლებთ, მოვამარაგოთ ევროპა ბულგარეთის გავლით, ნავთობითა და გაზით, იგივე თურქეთის გავლით“, – განაცხადა კასრელიშვილმა.