კორონავირუსთან ერთად, მსოფლიოში ახალი შტამებიც სწრაფად ვრცელდება

19 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 33 355 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  1 610 ადამიანი კი გარდაიცვალა, რაც ლეტალობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

21 იანვრიდან, ინგლისისა და შოტლანდიის მსგავსად, სამგზავრო რეგულაციები ჩრდილოეთ ირლანდიაშიც მკაცრდება. ახალი რეგულაციების მიხედვით, ყველა საერთაშორისო რეისებიდან მომავალმა მგზავრმა საზღვარზე 72 საათით ადრე ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი უნდა წარადგინოს. ამ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, მგზავრები მინიმუმ 500 გირვანქა სტერლინგის ოდენობით დაჯარიმდებიან.

გერმანიაში მოქმედი ე.წ. ლოქდაუნი 14 თებერვლამდე გახანგრძლივდა. არსებული შეზღუდვების პარალელურად, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და მაღაზიებში პირბადეების ტარება სავალდებულო ხდება.

CDC-ის ინფორმაციით, აშშ-ში მომდევნო კვირები კვლავ მძიმე იქნება ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.  CDC-ის ინფორმაციით, შესაძლოა, სიტუაცია კვლავ დაამძიმოს კოვიდის ახალმა შტამებმა. „სავარაუდოდ, თებერვლის თვეში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი ნახევარ მილიონს მიაღწევს. ჩვენ წინ კიდევ რამდენიმე მძიმე კვირა გველოდება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

18 იანვარს საფრანგეთში 75 წელს გადაცილებული პირების ვაქცინაცია დაიწყო და ვიზიტების ონლაინ დაჯავშნის სისტემაც ამოქმედდა. ონლაინ დაჯავშნის სისტემას თავიდანვე კრიტიკა მოჰყვა. პროგრამა ნახევარ მილიონზე მეტი დოზის დარეზერვების შემდეგ გადაიტვირთა. ამ ფაქტს 19 იანვარს ჯანდაცვის მინისტრი გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ პრობლემა მალევე აღმოიფხვრა და რეგისტრაცია კვლავ ხელმისაწვდომია.

საფრანგეთში ადგილობრივი ხელისუფლება ვაქცინის დოზების დეფიციტზე საუბრობს. დიჟონისა და ბეზანსონის ადმინისტრაციული ერთეულის მერებმა ვაქცინაციის კამპანია გააკრიტიკეს. მათ განაცხადეს, რომ მიმდინარე ტემპებით მხოლოდ 75 წელს გადაცილებული პირების ასაცრელად ქვეყანას ოთხთვე-ნახევარი მაინც სჭირდება, რაც დაგეგმილ გრაფიკს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

ჯანდაცვის ექსპერტების პროგნოზით,  თებერვლის ბოლოს ან  მარტის შუა რიცხვებში კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი საფრანგეთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს. ამ ეტაპზე, ვირუსის ამ შტამზე ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსული შემთხვევების მხოლოდ 1,4% მოდის.

15-18 იანვრის პერიოდში ესპანეთში ინფიცირების 84 287 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 14 დღეში 100 000 მოსახლეზე ინფიცირების 689 ფაქტი დაფიქსირდება, რაც ექსტრემალური რისკის მაჩვენებელს 3-ჯერ აღემატება;

ესპანეთში ჰოსპიტალური სექტორი კვლავ რესურსების ამოწურვის რისკის წინაშეა.  18 იანვრის მონაცემებით, საწოლების 18.6% კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ, რაც ჯანდაცვის სისტემისთვის დიდი წნეხია. ამ მხრივ ყველაზე რთული ვითარება, მადრიდში, კატალონიასა და ვალენსიაშია. ვალენსიაში ინტენსიურ თერაპიაში მოთავსებული საწოლების 52.8% კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს უკავიათ. ჯანდაცვის სფეროს ექსპერტების განცხადებით, საწოლფონდის განთავსება ბევრ სხვა ადგილზეც შეიძლება, თუმცა, ამ მხრივ მთავარი პრობლემა  სამედიცინო პერსონალის დეფიციტია.

19 იანვრის ინფორმაციით, კორონავირუსის მესამე ტალღის შეჩერების მიზნით, ვალენსიის რეგიონში ყველა ბარი და რესტორანი დაიხურება. ასევე, ახალი შეზღუდვები ესპანეთის კიდევ ორ რეგიონში – ანდალუსიასა და კასტილია-ლა მანჩაში გამოცხადდა. 20 იანვრიდან ანდალუსიაში ყველა პროვინციული დედაქალაქი პერიმეტრული ლოქდაუნის ქვეშ მოექცევა, რეგიონის 326 მუნიციპალიტეტი კი ჩაიკეტება. 144 მუნიციპალიტეტში კომერციული სივრცეები დაიხურება. კასტილია-ლა მანჩაში 900 მუნიციპალიტეტი ჩაიკეტება, მობილობა მაქსიმალურად შემცირდება. ე.წ. კომენდანტის საათი 22:00 საათიდან დაიწყება. სოციალური თავშეყრის ადგილები დაიხურება. შეზღუდვები 10 დღის ვადით დაწესდა.

19 იანვრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 497 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა,  603 ადამიანი კი გარდაიცვალა. აღნიშული მაჩვენებელი წინა დღის სტატისტიკასთან შედარებით უფრო მაღალია, თუმცა, ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებით, იტალიაში მდგომარეობა უმჯობესდება. კვირის ლეტალობის მაჩვენებლებთან შედარებით, მიმდინარე კვირას 13%-იანი კლება ფიქსირდება. ექსპერტები თვლიან, რომ ეს დაწესებული მკაცრი შეზღუდვების დამსახურებაა.

18 იანვარს, პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამკაცრდა კოვიდ-შეზღუდვები. პრემიერის განცხადებით, აიკრძალა იანვრის თვის ფასდაკლებები მაღაზიებში და, ასევე, ნებისმიერი რაოდენობის ადამიანების შეკრება ღია სივრცეში.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შოტლანდიაში ე.წ. ლოქდაუნი მინიმუმ თებერვლის ბოლომდე გაგრძელდება. მაღალია ჰოსპიტალიზების მაჩვენებელი.

რუსეთში კორონავირუსის 21 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 597 ადამიანი გარდაიცვალა.

ბავარიაში კოვიდის ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, განსხვავდება ე.წ. ბრიტანული შტამისგან, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია, ვრცელდება თუ არა ის უფრო სწრაფად ან ხასიათდება თუ არა გარდაცვალების უფრო მაღალი მაჩვენებლით. კოვიდის ახალი შტამით ინფიცირებულია ერთ-ერთი საავადმყოფოს მედპერსონალი და პაციენტები, ჯამურად, 73 ადამიანი.

ასევე, აშშ-ში კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც CAL.20C დაარქვეს.  სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტი ქვეყანაში ჯერ კიდევ ივლისში გაჩნდა, მაგრამ ნოემბრამდე შედარებით იშვიათად ვლინდებოდა, შემდეგ კი სწრაფი გავრცელება დაიწყო. ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა CAL.20C კორონავირუსის ბრიტანული შტამის შესწავლისას აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიული შტამი COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა. მეცნიერებმა ისიც უნდა დაადგინონ, ვრცელდება თუ არა ის ვირუსის სხვა ვარიანტებზე სწრაფად, თუმცა, ზოგი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სწორედ CAL.20C-მა ითამაშა დიდი როლი სამხრეთ კალიფორნიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი, კორონავირუსის ახალი შტამი 501Y.V2 ვირუსის აქამდე ცნობილ სახეობებთან შედარებით, 50%-ით უფრო გადამდებია. ამასთან, ადამიანის სხეულში არსებული, COVID-19-ის ანტისხეულები ვირუსის ამ სახეობის მიმართ ნაკლებად მდგრადია. ბრიტანელი მეცნიერების ვარაუდით, არსებული ვაქცინები ამ შტამთან მიმართებით შესაძლოა, ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

მეცნიერთა აზრით, კორონავირუსის გავრცელებისა და ახალი ეპიდაფეთქებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება  პირბადეა. კვლევა, რომელიც ჩაატარა The Lancet Digital Health-მა, ეყრდნობა მონაცემების მათემატიკურ მოდელირებას და ცხადყოფს, რომ პირბადის 10%-ით ტარებამ შესაძლოა, გაასამმაგოს ვირუსის გადაცემის კონტროლი. „ჩვენი დაკვირვების თანახმად, პირბადის ტარებას შეუძლია ვირუსის გავრცელების შენელება, რადგან ის წარმოადგენს ბუნებრივ ბარიერს ვირუსისთვის. ცხადია, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი, თუმცა, ჩვენ ვთავაზობთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებს, რომ შეიმუშაონ შესაბამისი რეგულაციები პირბადის სავალდებულო ტარებასთან დაკავშირებით. ასევე, აუცილებელია, აღვნიშნოთ, რომ პირბადის ტარება ვერ ჩაანაცვლებს სოციალური დისტანციის მნიშვნელობას“.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები