„ქვეტექსტი ის არის, რომ როგორმე ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ამერიკას დაელაპარაკონ, თავი გააცნონ“ – კასრელიშვილი აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაზე
„ოკუპირებულ აფხაზეთში, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის სასურველ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ქვეტექსტი მაინც ის არის, რომ როგორმე ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ამერიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაელაპარაკონ, თავი გააცნონ და შეახსენონ, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა“, – ამის შესახებ “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე, ზაალ კასრელიშვილი აცხადებს.
მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას კასრელიშვილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.
„ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ აფხაზებმა ჩათვალეს, რომ მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. 2008 წლის ომის შემდეგ აფხაზებმა ჩათვალეს, რომ მათ აღიარება მოიპოვეს. მათთვის სამწუხაროდ, იმედები არ გაუმართლდათ, რუსეთმა აფხაზეთის განვითარებაში თანხები არ ჩადო. აფხაზეთი დღეს მძიმე სოციალურ – ეკონომიკურ პირობებში ცხოვრობს. ამას დაემატა ყარაბაღის ომი, სადაც თურქეთის დახმარებით აზერბაიჯანმა თავისი დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა. ბუნებრივია, აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ შეიძლება, აფხაზეთის თემა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებში ვაჭრობის საგანი გახდეს და ამიტომ ისინი ცდილობენ, რამენაირად იქნებ დამოუკიდებელ სუბიექტად დაიფიქსირდნენ.
რა თქმა უნდა, რუსეთისთვის სასურველ განცხადებას აკეთებენ, მაგრამ ქვეტექსტი მაინც ის არის, რომ როგორმე ნატო-ს გენერალურ მდივანსა და ამერიკის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაელაპარაკონ, თავი გააცნონ და შეახსენონ, როგორც დამოუკიდებელმა სუბიექტმა. მაგრამ ამ ინიციატივასაც პერსპექტვა არ აქვს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი საერთაშორისო სამართლის სუბიექტები არ არიან. ასე რომ, საერთაშორისო ორგანიზაციებიდან რაღაც განსაკუთრებული ყურადღების ღირსიც კი არ გამხდარა აფხაზეთის ე.წ. პოლიტიკური ხელმძღვანელობის სურვილები.
რა თქმა უნდა, საფრთხეს გრძნობენ, ფიქრობენ მომავალზე. მას შემდეგ, რაც სამხრეთ კავკასიაში გლობალური გადანაწილების პროცესი დაიწყო, ამას შეეწირა რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ყარაბაღი. სავსებით ბუნებრივია, რომ მომავალში ეს გადანაწილების პროცესი შეეხოს აფხაზეთისა და ცხინვალის სტატუსსაც“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.
ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ იენს სტოლტენბერგს უპასუხა.
„იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატო-სთვის წმინდაა და, ალიანსის ხელმძღვანლის სიტყვებით, მზადაა, დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატო-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანლობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ ფეთქებადსაშიშია“.
„საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტსა და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას”, – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ნატო-ს გენერალური მდივანის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს.
„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია. ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.
თამუნა შეყილაძე