პაპუაშვილი – ორგანიზაციაზე “რეპორტიორები საზღვრების გარეშე” – არ მგონია, ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპაში, შეეძლოს თქმა, როგორი პლურალისტური არის მედიაგარემო ამა თუ იმ ქვეყანაში

“ორგანიზაციის – „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია. არ მგონია, ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპაში, შეეძლოს თქმა, როგორი პლურალისტური არის მედიაგარემო ამა თუ იმ ქვეყანაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც ნიკა გვარამია ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანად შერაცხა და შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ თავისი დოკუმენტი ააფარა და მიკერძოებაში ამხილა.

“ამიტომ, მათი სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია. საქართველოში მედიაგარემოს რაც შეეხება, არ მგონია, ბევრ ქვეყანას, მათ შორის ევროპაში, შეეძლოს თქმა, როგორი პლურალისტური არის მედიაგარემო ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას, მათი დაფინანსებულია, ანუ პარტიებს ეკუთვნის. ხაზარაძეს პირდაპირ ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში. საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია.

შეხედეთ „ნეტგაზეთს“, ჩვეულებრივად ქცეულია შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად. საქართველოში რამე ხდება, არ ხდება, არაფერი აინტერესებთ. ნახეთ მათი საინფორმაციო ხაზი, ყოველდღე მხოლოდ მიტინგებთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია, თითქოს ქვეყანაში სხვა არაფერი არ ხდება. ეს არის ზუსტად პროპაგანდა. ერთადერთი, რაც ხდება, არის 20 ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვა-არგადაკეტვის საკითხი. ასევე პროპაგანდისტული მედიაა „პუბლიკა“, რომელსაც პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს და ამას საზოგადოება ეგუება. რა ობიექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი, როცა ეს ორგანიზაცია ხმას როცა არ იღებს იმაზე, რომ აშშ-ის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და აშშ-ის სპეცსამსახურების პროდუქტი – „რადიო თავისუფლება“ პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა, ევროპულმა დაფინანსებამ, არ იმჩნევს, რომ სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული. ზუსტად ამ სპეცსამსახურების პროდუქტის, „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი გახლავთ იოზვიაკი, რომელიც რატომღაც სასწაულებრივად იგებს ხოლმე ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნიდან. რატომ? რადგან ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული, სპეცსამსახურების პროდუქტი, პროპაგანდისტული მედია, რომელსაც ბრიუსელი იყენებს პროპაგანდისთვის, რაზეც უნდა გაჟონოს ინფორმაციამ, მიაწოდოს სხვადასხვა არხით. ჩვენ თვალწინ ევროკავშირის სამსახურები აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ „რადიო თავისუფლებას“. ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, არაფერი კონსპირაცია არ არის. ეს არის ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდის ინსტრუმენტი, რომელიც გადააბარა „დიფ სთეითმა“ ევროკავშირის ბიუჯეტს, მას შემდეგ, რაც ტრამპმა უარი თქვა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე. ისევე როგორც ბევრი სხვა რაღაც, ახლა, „დიფ სთეითისგან“ გადაბარდა ევროკავშირს და ევროკავშირის მხრებზე არის პროპაგანდისტების დაფინანსება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები