„მანდარინები ყოველთვის უხვად იყო სოხუმში, გვიყვარდა და გვიხაროდა ერთმანეთთან ურთიერთობა“ – „იმედის დედები“, პანდემია და ბედნიერების ხარი მეოცნებე მხატვრის ფერებში…

მისი ბავშვობის წლები სოხუმს უკავშირდება. როგორც თვითონ უწოდებს, თეთრ ქალაქს, რომელიც ომმა სევდის მანტიით შემოსა. ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. სკოლაც აქ დაამთავრა. პარალელურად თბილისის ნიჭიერთა ათწლედ  სწავლობდა, შემდეგ კი – კულტურის კოლეჯ ტანსაცმლის დიზაინის სპეცალობას დაეუფლა.  დაამთავრა სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულება. შემდეგ  –  მაგისტრატურის  სარეკლამო დიზაინის ფაკულტეტი, პლაკატის სახელოსნო.
არის ხატვარ ავირის რი, გაიმარჯვა  უამრავ კონკურსსა და ფესტივალში,  მათ შორის. აფხაზეთის მხატვართა კავშირის მიერ 2014 და 2017 წლებში გამართული კონკურსების ნომინაციაში – „წლის საუკეთესო გრაფიკული ნამუშევარი“.
ნამუშევრები ინახება როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის კერძო კოლექციებში.
მისი ნამუშევრები გამოფენილია: ესტონეთში, ლიტვაში, ვილნიუსში, ჰოლანდიაში, ლეიდენში, გერმანიაში, ესპანეთში, ჟენევაში,  კორეაში, დიდ  ბრიტანეთში, ამსტერდამში, ჰააგასა და ბრიუსელში…
პანდემიის დროს მისი სოლოგამოფენა ესპანურ საიტზე გამოჩნდა.
ურნალ დილის“ და იალქანის“ მხატვარ-ილუსტრატორია. აქვეყნებს საბავშვო ლექსებს და ზღაპრებს.
მხატვარ-ილუსტრატორ ეკატერინე ქარჩავას პერსონა.

– დავიბადე სოხუმში, 1987 წლის 1 ივლისს. მაშინ სულ რაღაც 5 წლის ვიყავი. მაინც ბევრი დეტალი და ნიუანსი მახსოვს, დროსთან ერთად  ბავშვური კადრები არ უფერულდება, ზუსტად ისე ვინახავ ჩემს მეხსიერებაში, ალბათ ბედისწერაა, რომ უნდა მხსომებოდა, ჩემებურად უნდა მოვფერებოდი იმ ხუთ წელს და ჩემს მონატრებულ ფიქრებს აფხაზეთზე, ის ფერადი კადრები დრო და ჟამმა გააშავთეთრა, თუმცა მუდამ ჭიდილში ვარ, ძველი კადრების აღდგენას ვლამობ.
დაუნდობელი ომის და ბედის უკუღმართობამ დიდი სირთულეები გვარგუნა, ჩემი საყვარელი თეთრი ქალაქი სევდის მანტიით შემოსა, აი, ის  ქალაქზე მეფურად მოდარაჯე ამაყი პალმები მოხარა წელში, დარდით და ვარამით, და ის კამკამა ზღვა და ანცი თოლიები ძველებური სიხალისით უჩვენოდ ვეღარ არიან.

„მგზავრები“

ომის შემდეგ თბილისში დავსახლდით, მრავალი სირთულის მიუხედავად,  ჩვენ, გოგოებს, მე და ჩემს უმცროს დას, ოჯახმა და მშობლებმა არნახული სიძლიერით, სიმტკიცით, შრომით და სიცოცხლის ფასად მაინც ბედნიერი ბავშვობა მოგვცეს!
ვსწავლობდი თბილისის 97-ე საჯარო სკოლაში, სკოლის პარალელურად დავდიოდი ნიჭიერთა სამხატვრო ათწლედში. ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, სკოლის საგნებსაც კარგად ვსწავლობდი და, ასევე, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი.
სკოლაში მონაწილეობდი  საერთაშორისო ოლიმპიადებში, გამოფენებში, დეკლამატორთა კონკურსებში
– ყოველთვის მიყვარდა ლექსების ლამაზად კითხვა. დავდიოდი  მხატვრულ კითხვაზე, ქართულ და სამეჯლისო ცეკვებზე, ვიოლინოზე, ბალეტზე, საესტრადო და გუნდურ სიმღერებზე, მაინც ადრეული ბავშვობიდან  მხატვრობა იმდენად მიმზიდველი იყო ჩემთვის, რომ ბევრჯერ გამხდარა წარმატების საწინდარი.
– 1995 წლის „მის აფხაზეთის ფერია“ – კონკურსში გაიმარჯვეთ 30 მონაწილესთან ერთად…
– ბავშვობიდან ვგრძნობდი მოწიწებას და დიდ სიყვარულს აფხაზეთისადმი. ეს კონკურსი ჩატარდა თბილისში, გრიბოედოვის ულამაზეს დიდ თეატრში.
კონკურსს  „მის აფხაზეთი – 1995“ აფხაზეთის სამინისტროსთან ერთად სხვადასხვა სტუქტურა ატარებდა, ერთ-ერთი იყო დღესაც ძალიან პოპულარული სამეჯლისო სპორტული ცეკვების ასოციაცია „თელა“.
ისე მოხდა, რომ ულამაზეს 30 გოგოს შორის გავიმარჯვე და „მის  აფხაზეთის  ფერია – 95“-ის ტიტული მოვიპოვე, ეს იყო ჩემთვის იმ ასაკში, იმ დროს, ყველაზე ბრჭყვიალა ბავშვობის განცდა და ჯილდო.
კონკურსის ერთ-ერთ ტურზე საკუთარი თავის გაცნობის დროს წარვადგინე ნამუშევარი სახელწოდებით – „დღევანდელი დღის გამარჯვებული ფერია“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა, თითქოს წინასწარი გრძნობა მქონდა სადღაც… ეს ნამუშევარი დღესაც შენახული მაქვს და სულ ღიმილით მახსენდება.
დღემდე მახარებს კონკურსის წითელი ე.წ. ლენტა, ჯილდო, რომელსაც ოქროს ასოებით აწერია – „მის აფხაზეთი 95“.

„იზოლაცია“

არასდროს დამავიწყდება პირველი ინტერვიუები და შთაბეჭდილებები, უამრავი გულშემატკივარი…
მეორე დღეს სკოლაში მისულს ღია კორიდორი მომიწყვეს ტაშით და ყვავილებით ხელში, ეს კადრები არასოდეს ამოიშლება ჩემი ბავშვობის მეხსიერებიდან, იმ დროს პირველმა არხმა და აფხაზეთის ტელევიზიამ გადაიღეს კონკურსი.
სკოლის პერიოდში აქტიურად  თანამშრმლობდი გაეროს საბავშვო ჟურნალ თეთრ წეროსთან“, სადაც დაიბეჭდა თქვენი ნახატები და სტატიები….
– ამ აქტიურობისთვის და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის სპეციალური სერტიფიკატიც კი გადმომცეს.
1998 წელს გაეროს საბავშვო ჟურნალმა „თეთრმა წერომ“ საოცარი საჩუქრით დამაჯილდოვა – ეს იყო ბულგარეთის საგზური, სადაც ორი კვირა დავყავი. საქართველოდან წარმატებული და ნიჭიერი ბავშვები ჩავედით, ქართველებს იქ დაგხვდნენ: სომხები, აზერბაიჯანელები, თვით ბულგარელები და წარმოიდგინეთ, აფხაზეთიდან აფხაზი ნიჭიერი ბავშვებიც კი.
თავიდან შორეულ მხარეში გაუცხოება ვიგრძენით, მერე ნელ-ნელა ისე მივეჩვიეთ ბავშვური უბოროტო გულწრფელიბით, რომ განშორებას უცრემლოდ არ ჩაუვლია. მოვიარეთ ბურგასი, ვარნა, ნესებრი, კრაიმორიე და ბიალე, საოცარი თავგადასავლები და ჯადოსნური დღეები გვქონდა.  ბოლოს,  ზღვაზე დიდი სილამაზის კონკურსი გაიმართა – „მის კრაიმორიე 98 – ზღვის დედოფალი“. იქ მიღებულ დიპლომებს და სერტიფიკატებს, პრიზებთან ერთად, დღესაც სიამოვნებით ვინახავ.
– სკოლის პერიოდი. რატომ გადაწყვიტეთ აკადემიაში ჩაბარება?

„სიყვარულის ტბა“

– სკოლის პარალელურად ვსწავლობდი თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში, მოდის დიზაინზე, ბავშვობიდან მომწონდა ლამაზი კაბების ხატვა და გემოვნებით შერჩეული სტილი, ამიტომ გადავწყვიტე ამ მიმართულებით დავხელოვნებულიყავი.
პირველი პერსონალური ჩვენებაც ამ პერიოდს უკავშირდება – 2004 წელს „შერატონ მეტეხში“ გაიმართა ჩემი შექმნილი კოსტიუმების კოლექციის ჩვენება, ამას მოჰყვა ბავშვების ტანსაცმლის ხაზი და ამ მიმართულებითაც მქონდა ჩვენება, ასევე იყო, 2005 წელს, ჯგუფური მოდების ჩვენება, სხვა დიზაინერებთან, კლუბ „16 რაუნდში“, პაულო კოელიოს სახელობის ბარში, ცოტა მოგვიანებით კი – fasshion Esseblea-ზეც.
კოლეჯი უმაღლეს ქულებზე დავამთავრე, ვმონაწილეობდი ამ უნივერსიტეტის სტუდენტურ კონფერენციებშიც, სადაც ერთ-ერთი სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულიც გავხდი, თემით: „საბერძნეთის იმჟამინდელი მოდა, კერძოდ, ქალის კოსტიუმი“ გადმომეცა დიპლომი და მასმედიამაც გააშუქა.
სკოლის დამთავრების შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ მოდას ძალიან დიდი და წარმატებული ადგილი ეკავა ჩემს ცხოვრებაში, ვინაიდან სიახლეების მოყვარული და შრომის მოყვარე ვიყავი, გამიჩნდა სურვილი რომ ამ ერთ სოეციალობას დიზაინს მიმემატა კიდევ უფრო საინტერესო პროფესია და უმაღლესი განათლება სამხატვრო აკადემიას დამეკავშირა.
– სამხატვრო აკადემია წიგნის ილუსტრაციის და დიზაინის განხრით დაამთავრეთ. როგორი გქონდათ სტუდენტობა? რატომ ილუსტრაცია და დიზაინი?
– 2010 წელს დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ფაკულტეტის გრაფიკის მიმართულების საბაკალავრო პროგრამა და განვაგრძე სწავლა მაგისტრატურაში სარეკლამო დიზაინის ფაკულტეტზე, პლაკატის სახელოსნოში.
– წარმატებული სტუდენტი პრეზიდენტის სტიპენდიატი და  სტუდენტური თვითმმართველობის წევრი იყავით…
– აკადემიაში კულტურის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი, ვიყავი საბჭოს წევრი, უამრავი პროექტის ავტორი,  როგორც აქ, ასევე რეგიონებში ღონისძიებებს, ფესტივალებს ვატარებდით. არ ვაკლდებოდი სხვა კულტურულ აქტივობებს, ვმღეროდი სამხატვრო აკადემიის ანსამბლში, ყველა უნივერსიტეტის ანსამბლები ვმართავდით ფესტივალებს და ვმონაწილეობდით. მახსენდება ერთ-ერთი საერთაშორისო ფესტივალი „ერის ხმა“, სადაც სამხატვრო აკადემიის გუნდი წარმატებით წარდგა ფესტივალზე, მაქვს ამ ფესტივალის კოსტუმირებული სამახსოვრო ფიტოები.
მინდა აღვნიშნო, რომ იმხანად შტუტგარტში მაგისტრატურაში სწავლის  შანსი მქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც სამხატვრო აკადემიაში ვარჩიე სწავლის გაგრძელება. სადაც დიდი სითბო და კომფორტი მქონდა. რაც მთავარია, შესანიშნავი პედაგოგები მყავდნენ.
ქმნით როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს, მაგრამ გრაფიკას მაინც უპირატესობას ანიჭებთ… ლითოგრაფია, ოფორტი, ლინოგრავიურა – ამ ტექნიკით შექმნილი გრაფიკული ნამუშევრები ბევრჯერ გამხდარა თქვენი წარმატების საწინდარი…

„დრო“

– ხატვა მუდმივი შრომის პროცესია. ხელოვნებაში ყოფნა და მსახურება სხვა სამყაროში მოგხაურიბის და აღმოჩენების გზებია, ექსპერიმენტების, ახალი თავგადასავლების, იდეების დაგეგმვის, ემოციებისა და გრძნობების შეგრძნებებია.
გრაფიკას ყოველთვის პრეტენზიული მაყურებელი ჰყავს, მისი განვითარება წიგნის ბეჭდვის დაწყებასთან არის დაკავშირებული, ხელოვნების სხვა დარგებთან შედარებით გრაფიკას აქვს ფართო გამოყენება. მისი შესაძლებლობები მრავალფეროვანია: წიგნის ილუსტრაციები, ჟურნალ-გაზეთების გაფორმება, კარიკატურები, პლაკატები, შრიფტები, დაზგური  გრავიურა  და ლითოგრაფია.
სწორედ ამით მოხიბლულმა გადავწყვიტე, შემესწავლა ეს დარგი, ჩემი ნამუშევრები ნაკლებად დატვირთულია სილამაზით, ყოველთვის ვცდილობ, იდეურად იყოს დატვირთული, იგრძნობოდეს ემოცია, ექსპრესია, დინამიკა, უფრო თხრობითი იყოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებითაც არ ვმუშაობ, ეს სტილი უფრო ჩემეულია. კონკრეტულად ერთ სტილში არ ვმუშაობ, ვხატავ ფერწერულ ნამუშევრებსაც, როგორც ფერში, ასევე გრაფიკულადაც. არასდროს არ ველოდები განწყობას, დროის კარგვა მენანება და თუ ვთქვათ ისეთი მაინც არ გამოდის სასურველი, მაინც არ ვეშვები და ჩანახატებს სულ ვაკეთებ. მუყაოზე, სახლის პირობებში, ნახშირით და ტუშითაც ვმუშაობ. ფერწერაში კი აკრილს და შერეულ ტექნიკას ვიყენებ.
– შექმნილი გაქვთ ბევრი ილუსტრაცია, მათ შორის საავტორო წიგნი, ხელნაკეთი აგიოგრაფიული ნაწარმოები „შუშანიკის წამება“, რომელმაც დიდი წარმატება მოგიტანათ…

„შუშანიკის წამება“

– წიგნში ასახულია მრავალფიგურიანი კომპოზიციები, სიუჟეტები: შუშანიკის წამების სცენა, ვარსქენის მრისხანება, შუშანიკის დატირება, ლოცვა შვილებზე… ილუსტრაციებს ჩაცურთე ძველი ქართული ორნამენტები, ზოგან ცხოველების გამოსახულებით, რომლებიც სურათს უფრო საინტერესოს ხდის. მასალა – გრაფიკა ლინოგრავიურაში.
წიგნში ნახავთ ჩემი ხელით შექმნილ ქაღალდის ფურცლებს. აკადემიაში სწავლისას ქაღალდის ქარხანაში ისინი თავად გამოვიყვანე. ქაღალდებზე არის ხელით დაწერილი და  მხატვრულად გაფორმებული ტექსტები წიგნიდან.
ყველაზე მნიშვნელოვანი და შრომატევადი იყო წიგნის ყდის დამუშავება ხეზე. მთელი წიგნი ხის ყდით არის მოცული, რომელიც ტყავის  ელემენტებით და მომჭერებით მაგრდება. წიგნის ხის ყდის შუაგულში კი ამოტვიფრული ბოლნური ჯვარი  მდიდრულ იერს სძენს მას.
ამ წიგნის შექმნაზე ერთი წელი ვიმუშავე, რომელმაც, უამრავი ამონაბეჭდის, საცდელი გრავიურისა და დიდი ვარიაციების მერე, ასეთი სახე მიიღო.
წიგნს დიდი წარმატება ხვდა წილად. პოლონეთის ელჩმა მირჩია, ხელოვნების მუზეუმში განმეთავსებინა და დახმარებაც კი შემომთავაზა. მაშინ ვერ მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ფსიქოლოგიიურად მზად ვერ აღმოვჩნდი. ისე კი, ნამდვილად დიდი პატივი იქნებოდა ამ მუზეუმში ჩემი წიგნის განთავსება.
სიმართლე გითხრათ, არც ვნანობ, ამ წიგნმა მერეც არაერთი წარმატება მომიტანა. სხვათა შორის, 2014 წელსაც ჩატარდა აფხაზეთის მხატვართა კავშირის კონკურსი – წლის საუკეთესო ნამუშევარი და წიგნი საუკეთესო გრაფიკულ ნამუშევრად დასახელდა.
როგორც ილუსტრატორის საქმიანობა. თანამშრომლობთ ჟურნალ „დილასთან“ და „იალქანთან“. წერთ საბავშვო ლექსებსაც…

– ჟურნალ „იალქანთან“ ჯერ კიდევ 1998 წლიდან დაინტერესდნენ, სადაც ჩემი სტატია დაიბეჭდა სათაურით „პატარა ფერიას დიდი ოცნებები“ ჩემი წარმატებების შესახებ გვიამბიბს ჟურნალისტი, მას მერე უკვე „აფქიოშიც“ იბეჭდება ჩემი საბავშვო ლექსებიც.
ვარ ჟურნალ „დილის“ მხატვარ-ილუსტრატორი, სადაც ჩემი ლექსების და ზღაპრების ილუსტრაციები ხშირად ქვეყნდება. შევქმენი ქართული ზღაპრების ილუსტრაციები, „რწყილი და ჭიანჭველა“ შერეული ტექნიკით და ფერადი კოლაჟებით. ვქმნი ილუსტრაციებს სხვა ცნობილი პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებზე. ჩემს ლექსებს საბავშვო ბაღებშიც ასწავლიან, რაც დიდ სტიმულს მაძლევს. ბავშვის ფსიქოლოგია ყველაზე სათუთი და მოსაფრთხილებელია, მას დიდი ფიქრის შემდეგ უნდა მიაწოდო ისეთი ჯადოსნური სამყარო, როგორიც მას უნდა, რომ აღიქვას.
მუშაობთ აფხაზეთის თემატიკაზე. თქვენი გრაფიკული ნამუშევარი  „დრო და მანძილი“ შევიდა წიგნში „საერთო წარსული საერთო მომავლისკენ“. როგორ დაიხატა ეს ნამუშევარი და რა ჩანაფიქრი ჩადეთ? სხვა რომელი ნამუშევრები მიუძღვენით აფხაზეთს?

2018 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. წიგნის პრეზენტაცია „საერთო წარსულით საერთო მომავლისკენ“ თბილისის საკრებულოს  თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა.
სასიამოვნოა და გასახარია, რომ ამ საამაყო წიგნის მონაწილე მხატვარი ვარ. წიგნში შესულია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე რამდენიმე მხატვრის ნამუშევარი. მე წარვადგინე  ჩემი გრაფიკული ნამუშევარი – „დრო და მანძილი“ და საკუთარი ლექსი აფხაზეთზე, რომელიც აფხაზეთის მონატრებას და იმედს მივუძღვენი. მოგვიანებით ეს ნამუშევარი გადაეცა აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფონდს.
–  ფერწერული ტილო „შერიგება“ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინინსტრის აპარატის მიერ ორგანიზებული ონლაინკონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა და ფულადი პრიზიც დაიმსახურა…

„შერიგება“, 2020 წ. ტილო, ზეთი

–  ამ კონკურსზე მხოლოდ 10 საუკეთესო ნამუშევარი უნდა შერჩეულიყო თემით – „აფხაზეთი ფერებში“. თავიდანვდე ვარჩიე რთული მრავალგამოსახულებიანი კომპოზიციის შექმნა, რომელიც შედარებით მარტივად აღსაქმელი იქნებოდა. მასში ორივე მხარე მოიაზრება, ქართველებიც და აფხაზებიც.
ჩანს შვილმკვდარი დედების მსვლელობა, ზოგს ომში დაღუპული ოჯახის წევრების ფოტოები მოაქვს. ზოგს ხატი, ზოგსაც ჯვარი და სანთელი. კომპოზიციის ცენტრში კი „იმედის დედები“ დგანან, რომლებიც ერთნაირად იყოფენ მანდარინს. ამას სიმბოლური დატვირთვა აქვს. მანდარინები ყოველთვის უხვად იყო სოხუმში, ჩვენ ყველა ერთად შევექცეოდით, გვიყვარდა და  გვიხაროდა ერთმანეთთან ურთიერთობა.
კონკურსი „აფხაზეთი ფერებში“ საქართველოს მასშტაბით გამოცხადდა. დაიბეჭდა კატალოგი, სადაც შევიდა ჩემი ეს ნამუშევარი.
–  ამ ბოლო დროს მნახველების ყურადღება მიიპყრო „ბედნიერების ხარმა“. ხარის წელიწადი მოვიდა და რისი თქმა გინდათ ამ ნახატით? თქვენი სოლო გამოფენა ესპანურ საიტზე გამოჩნდა. რომელი ნამუშევრებია გამოქვეყნებული და როგორ მიგიწვიეს?  გვიამბეთ.

„ბედნიერების ხარი“

„ბედნიერების ხარი“ – ასე ჰქვია ჩემს ფერწერულ ტილოს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, პანდემიის ჟამს, შევქმენი. ხარს სიმბოლური დატვირთვა აქვს, ძალიან ემოციური, ნაღვლიანი, მეოცნებე ამდენი ჭირვარამგამოვლილი უფერული წლის გაფერადებას ცდილობს, ახალ ენერგიას და სიძლიერეს, წარმატებას და ბედნიერებას გვპირდება. ორი ემოციის გამომხატველია, რაც ხალხმა ზუსტად გაიგო და გულთან მიიტანა.
ხარით მოიხიბლნენ და შემდეგ ჩემი შემოქმედებით დაინტერესდნენ ესპანელები. გალერეა „გარტზე“ შემომთავაზეს ვირტუალური პერსონალური გამოფენის გამართვა.
მათ საიტზე განთავსდა ჩემი ნამუშევრები. დამთვალიერებელს 11-დან 14 იანვრამდე შეეძლო  ჩემი შემოქმედების გაცნობა. ძალიან ლამაზი საგამოფენო აფიშა დაბეჭდეს და მალე საგამოფენო კატალოგითაც გამახარებენ. ეს ენით აუწერელი სიხარული და წარმატება იყო. მოულოდნელად ეს ამბავი გააშუქა მედიაჰოლდინგმა „კვირამ“ და წარუდგინა საზოგადოებას.
მსგავსი  ყურადღება და ჩართულობა ხელოვანისთვის, შემოქმედების გაცნობა ფართო მასშტაბით საჭიროა მხატვრის პოპულარიზაციისთვის.
ამ დროს დიდ როლს ასრულებს მედია. მინდა  დიდი მადლობა და პატივისცემა  გამოვხატო მის მიმართ.
– პამდენია და შემოქმედი. როგორ იმოქმედა კარანტინმა თქვენზე, როგორც შემოქმედზე – დადებითად თუ უარყოფითად?

„აბსტრაქცია“

– ბევრი რაღაცის გადაფასება დავიწყეთ, ადამიანებს ერთმანეთი ძალიან მოგვენატრა, მივხვდით, როგორ გვყვარებია ერთმანეთი.
ჩაკეტვისა და წესების დამორჩილების დროს ხელოვნება ერთ-ერთი ანტიდეპრესანტია. ალბათ ამიტომაც იყო ეს პერიოდი ნაყოფიერი: ბევრი გათენებული ღამე, უამრავი ნამუშევარი, სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობა… თბილისის საკრებულოს ონლაინგამოფენაზე „დარჩი სახლში“ წარვადგინე ფერადი გრაფიკული ნამუშევარი „დრო“, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. მას მალე თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გამოფენენ.
– ჰობი…
– ჰობი თავიდან ლექსების წერა იყო, მერე სერიოზულად მოვკიდე ხელი, ძალიან მიყვარს სიმღერაც, სტუდენტობის პერიოდში დავდიოდი გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელაში, ასევე – სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრ „თეთრ ტალღაში“.  მოგვიანებით მიმიწვიეს „თეთრი ტალღის“ სპექტაკლზე – ლოპე დე ვეგას „ცეკვის მასწვლებლის“ კოსტიუმების დიზაინერად. ასე რომ, ამ კუთხითაც მაქვს  პრაქტიკა.
– ოჯახი…

„ვირუსის გავრცელება“

– მყავს მეუღლე და ორი შვილი – ბიჭები, ოჯახი, რომელიც მუდამ ჩემს გვერდით არის, მამხნევებს და მგულშემატკივრობს.
ხელოვნება რთული და თავგადასავლების პროფესიაა. ვცდილობ, ორივეზე ვიზრუნო, როგორც ოჯახზე, ასევე საყვარელ  საქმეზე. ორივე ძალიან მიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება გადავანაწილო, მახარებს ისიც, რომ უფროს შვილს, ანდრიას უკვე აქვს ხატვის ნიჭი.
– სამომავლო გეგმები…
– როგორც ყველა, ვისურვებდი პანდემიის რაც შეიძლება მალე დასრულებას, მეტ ჩახუტებას, მონატრებულ და გულწრფელ ღიმილს, სიმშვიდეს, ძველებურად დამთბარ  თბილისს, თბილისს ენატრება ჩვენი გავლილი ქუჩები და გამთბარი გულები. ბევრი პროექტი და  გამოფენა გადაიდო იმ იმედით, რომ სულ მალე ახალი ენერგიით და შთაგონებით შევძლებთ, უკეთეს სამყაროში მოგზაურობას, სადაც ჩვენი საკუთარი ფუნჯებით კიდევ უფრო მოვეფერებით ყველას და ყველაფერს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები