მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 96 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 2 049 238 პაციენტი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მსოფლიო, COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინების განაწილების კუთხით, „კატასტროფული ზნეობრივი მარცხის” პირასაა. მისი თქმით, ვაქცინა ქვეყნებს შორის უფრო სამართლიანად უნდა ნაწილდებოდეს. გებრეისუსმა ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებების სიმრავლეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აღნიშნულმა შესაძლოა, დაგეგმილი მიწოდება შეაფერხოს. მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები პანდემიას მხოლოდ გახანგრძლივებს;

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 137 885 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 24 074 657 -მდე გაიზარდა, დღე-ღამეში ვირუსს კიდევ 1 381 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ქვეყანაში დაღუპულთა რიცხვმა,  ჯამურად, 398 981-ს მიაღწია.
კალიფორნიაში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. შტატში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა ბოლო 2 თვის განმავლობაში გასამმაგდა

გერმანიაში კორონავირუსის 11 369 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 989 ადამიანი გარდაიცვალა, დღეს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რეგიონების ხელმძღვაელებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც, სავარაუდოდ, კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული ნაწილობრივი „ლოქდაუნის“ გახანგრძლივებასა და გამკაცრებაზე იმსჯელებენ.

იტალია სამთო-სათხილამურო კურორტებს არ ხსნის
იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იტალიური სამთო-სათხილამურო კურორტები, რომლებიც გეგმის მიხედვით 18 იანვარს უნდა გახსნილიყო, სულ მცირე, 15 თებერვლამდე არ გაიხსნება;
18 იანვრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 8 828 და გარდაცვალების 377 ფაქტი გამოვლინდა.
იტალიაში 1,1 მილიონმა მოქალაქემ ვაქცინაციის პირველი ეტაპი გაიარა, თუმცა, ვაქცინის დაგვიანებული მიწოდების გამო, იტალიაში ვაქცინაციის მეორე ფაზა შესაძლოა, დაგვიანებით დაიწყოს;
15 იანვარს იტალიის მთავრობამ გამოსცა ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც გრძელდება შეზღუდვები, კორონავირუსის პანდემიის მოსალოდნელი გაუარესების გამო. იტალიის 20 რეგიონში, მილანის გარშემო და ჩრდილოეთ ლომბარდიის ჩათვლით, იმოქმედებს მაქსიმალური მაღალი,  „წითელი ზონის“ შეზღუდვები. ასევე, ლაციო გადავიდა ყვითელიდან ნარინჯისფერ ზონაში, რაც ნიშნავს იმას, რომ დაიხურა რესტორნები და ქალაქიდან გასვლა შესაძლებელია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, სამედიცინო ან გადაუდებელი მიზნით. ასევე, რეგიონებს შორის მიმოსვლა აკრძალულია და ქვეყნის მასშტაბით ნარჩუნდება ე.წ. კომენდანტის საათი – ღამის 10 სთ-დან დილის 5 სთ-მდე.

მას შემდეგ, რაც დიდ ბრიტანეთში ამოქმედა ახალი რეგულაციები ქვეყანაში შემსვლელთათვის, აეროპორტებში რამდენიმესაათიანი რიგები შეიქმნა. ლონდონის აეროპორტის მგზავრების განცხადებით, მათ საათზე მეტხანს მოუწიათ ე.წ. პასპორტის კონტროლის ლოდინი. რიგები იყო ასევე აეროპორტში მოწყობილი კოვიდ ტესტირების ზონის გარეთაც. ცნობისათვის, შეზღდვები ქვეყანაში შემსვლელეთათვის დაწესდა 15 იანვრიდან, თუმცა, საავიაციო სფეროს წარმომადგენლებმა მოუწოდეს მინისტრებს, უზრუნველყონ შეზღუდვების შემსუბუქებისთვის მოსამზადებელი გეგმა.

18 იანვრის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირების 37 535 შემთხვევა დაფიქსირდა,  599 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ე.წ. ლოქდაუნი და სხვადასხვა რეგულაცია მოქმედებს ქვეყნის მასშტაბით, დიდი ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლი განცხადებით, საზოგადოების ყველა წევრმა, რომელიც არღვევს რეგულაციებს, უნდა გაითვალისწინოს, რომ მის ქმედებებს მოყვება შესაბამისი ზომები. „ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ ისევ მზარდია და ჩემი მთავარი მესიჯი არის „დარჩით სახლში“, დაემორჩილეთ კოვიდრეგულაციებს და იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ იცავთ ამ წესებს, იცოდეთ, რომ დაჯარიმდებით. აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, ატაროს პირბადე, დაიცვას სოციალური დისტანცია და ყველა კოვიდ რეგულაცია“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მდივანმა. მისივე თქმით, სამედიცინო სფეროს თითოეული წარმომადგენელი არის გმირი, რადგან ისინი იბრძვიან ადამიანების სიცოცხლეების გადასარჩენად და პანდემიის შესაჩერებლად.

17 იანვარს ბირმინგემში დააჯარიმეს უკანონოდ შეკრებილი 49 ადამიანი კოვიდ რეგულაციების დაუმორჩილებლობისთვის. პოლიციამ მიიღო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 50-მდე ადამიანი იყო შეკრებილი მანქანებით და მათი დიდი ნაწილი არ იცავდა სოციალურ დისტანაციას. „მიუღებელია ადამიანების მიერ კოვიდრეგულაციების დარღვევა მაშინ, როდესაც ქვეყნის ჯანდაცვის სფერო ასეთი დიდი ზეწოლის ქვეშაა. ისე, როგორც არასდროს, აუცილებელია, რომ ადამიანებმა ზედმიწევნით დაიცვან რეგულაციები. კოვიდწესები არის ძალიან კონკრეტული და ადამიანების ეგოისტურ ქცევას არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება“, – წერია პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ასევე, 16 იანვარს დიდ ბრიტანეთში პოლიციამ დააჯარიმა უკანონო წვეულების რვა მონაწილე, რომლებმაც განაცხადეს, რომ წვულების ორგანიზატორებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მსოფლიო პანდემიის შესახებ, რადგან ისინი ტელევიზორს არ უყურებენ.

ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საფრანგეთში გაცილებით ნაკლები ადამიანია აცრილი. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარი გამოწვევა ვაქცინაციის პროცესში იყო შეფერხებები პრეპარატებით მომარაგებაში. მისივე თქმით, დღევანდელი მდგომარეობით, ქვეყანაში მოქმედებს ვაქცინაციის 800 ცენტრი. მიუხედავად ვაქცინაციის პროგრამის ტემპის აჩქარებისა, ქვეყანა ჩამორჩება ევროპის სხვა ქვეყნებს.

პორტუგალიაში მოქმედი „ლოქდაუნის“ ფონზე, ქვეყანაში COVID-19-ით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 167 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების კი 9 028 ფაქტი გამოვლინდა. ამასთან, ჰოსპიტალიზებულ ინფიცირებულთა რაოდენობა ჯანდაცვის სისტემაზე დიდ წნეხს ქმნის. შედეგად, ქვეყანაში შეზღუდვების გამკაცრება იგეგმება. იმათ, ვისაც დისტანციურად მუშაობა არ შეუძლიათ, გადაადგილებისას თან სამსახურიდან ცნობა უნდა იქონიონ. უქმე დღეებში საქალაქთაშორისო გადაადგილება შეიზღუდება;

18 იანვარს რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 22 857 და გარდაცვალების 471 ფაქტი გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები