ლევან იოსელიანი: „ევროპულ საქართველოში“ არიან ადამიანები, რომლებსაც არ აინტერესებთ, შედგება თუ არა შეთანხმება

“დაახლოებით ორი თვის წინ რაზეც დავიწყეთ საუბარი, ის დაადასტურა კიდევ ერთხელ „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ, რომ მართლა არიან პარტიაში ადამიანები, რომლებიც არ არიან დაინტერესებული, შედგეს შეთანხება, ამას ვიძახდით აქამდე, ახლა კი დადასტურდა”, – ასე გამოეხმაურა „მოქალაქეების“ წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ „ევროპულ საქართველოს“ შეთანხმების ჩაშლა უნდოდა.

იოსელიანის თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ „ევროპული საქართვლოს“ ლიდერები პარლამენტში ვერ მოხვდნენ.

„ჩვენ დავინახეთ ერთი კონკრეტული პარტიის ძალიან აქტიური პოზიცია ამ მიმართულებით. გამოვედით და ამის შესახებ ხმამაღლა დავიწყეთ საუბარი. ამის გამო, ათასი სიბინძურე დაგვაბრალეს, გამყიდველობა, მოღალატეობა, მაგრამ დამტკიცდა, რომ ეს ასე ყოფილა. სიმართლე არ დაიმალება. მათ არ უნდათ, რომ შეთანხება შედგეს. არ უნდათ, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ხელისუფლებასთან რაიმე ტიპის შეთანხმებას და შევიდეს პარლამენტში. ეს იმიტომ, რომ მათი ლიდერები ვერ მოხვდნენ პარლამენტში და ყველანი არიან უმანდატოდ დარჩენილი. ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, ისე პოზიციონირებდნენ, მათი გამოსვლები შინაარსობრივად იყო მიმართული იქითკენ, რომ შეთანხება არ და ვერ ყოფილიყო მიღწეული. ფაქტია, რომ სხვა პარტიებიც იზიარებენ იმ მოსაზრებას და არგუმენტებს, რასაც თავის დროზე ეს პარტია აყალიბებდა, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა – ეს ადამიანები დადიოდნენ შეხვედრებზე, სხვა ჩვენ იქ არ გვინახავს. პარლამენტში შესვლა-არშესვლა საბოლოოდ დამოკიდებული არის იმაზე, როგორ დასრულდება ჩვენს შორის მოლაპარაკება, შეთანხმებით თუ შეთანხმების გარეშე. ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ლაპარაკზე ამბობენ ეს პარტიები უარს, ჩვენ ხომ არ ვთხოვთ პოზიციის გაზიარებას ან წინასწარ რაიმე თანხმობის მიღებას. ჩვენ ვეუბნებით, რომ გვაქვს რაღაც კონკრეტული წინადადება, რომელიც გვინდა თქვენთან განვიხილოთ. ჩვენ გვინდა, რომ საჯაროდ მოხდეს ყველაფრის განხილვა, სადაც ჩართული იქნება კამერა და ლაივში გავა ყველაფერი. მთავარი არის, ჩვენმა მოქალაქეებმა გაიგონ, რაზე მიდის ლაპარაკი. გვინდა, რომ იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე“, – აცხადებს ლევან იოსელიანი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები