გიგი წერეთელი: ჩვეულებრივი ამბავია მტრის ხატის შექმნა და ოპოზიციაში განხეთქილების სურვილი

“არავის მოსწონს პარლამენტში რომ არ არის, მაგრამ ვინ შექმნა ის ვითარება, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ მანდატებზე უარს? ჩვეულებრივი ამბავია მტრის ხატის შექმნა და ოპოზიციაში განხეთქილების სურვილი”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.

მისი თქმით, თუკი პარლამენტი რეალურად მრავალპარტიული გახდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას რაღაც კომპრომისები აქვს გადაწყვეტილი და ეს კარგი პერსპექტივაა.

„ვერ გეტყვით რა აძლევს ამ შემთხვევაში თალაკვაძეს ან „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს განცხადების საფუძველს, რომ ოპოზიცია  მრავლად იქნება წარმოდგენილი პარლამენტში. აქვე უნდა ითქვას, რომ არავის ოცნება არ იყო, რომ პარლამენტში არ ყოფილიყო, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ასეთია მოცემულობა. თუ ვინმე ცალკე თითო-ოროლა შევა, როგორც ახლა ხდება, ეს რა თქმა უნდა არ შექმნის საერთო სურათს და ეს იქნება უბრალოდ ფალსიფიკაცია იმისა, რომ პარლამენტში არის მრავალპარტიულობა. ამიტომ, რა არის კონკრეტული საფუძველი ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს არის რაღაც თვითდაჯერებულობის გარკვეული გზავნილი, რომ აი, ჩვენ ამას მაინც შევძლებთ, თუ მართლა არის ასე, ე.ი.რაღაც კომპრომისები აქვს ხელისუფლებას გადაწყვეტილი და ეს კარგი პერსპექტივაა. ჯანსაღი ოპოზიციის კრიტერიუმები რა არის, არ ვიცი. ვინმეს ჯანმრთელობის მდგომარეობა შეამოწმეს და ამით საუბრობენ თუ სხვა რამით, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილში, ვფიქრობ ან ყველა ჯანსაღია ან ყველა არაჯანსაღი. დაახლოებით, ასე გამოდის, რადგან თუ კრიტერიუმად ავიღებთ პარლამენტში არშესვლას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არავის მოსწონს პარლამენტში რომ არ არის, მით უმეტეს ადამიანები, ვინც მანდატი მიიღო, მაგრამ ვინ შექმნა ის ვითარება, რომ ოპოზიციური პარტიები აცხადებენ მანდატებზე უარს? ჩვეულებრივი ამბავია მტრის ხატის შექმნა და ოპოზიციაში განხეთქილების სურვილი. ცდილობენ, რომ ვიღაც უკეთესად დახატონ და ვიღაც ცუდად. ვფიქრობ პიარული გზავნილებია, შესაბამისად ეს არ არის შედეგის მომტანი. შედეგის მომტანი იქნება გონივრული ნაბიჯების გადადგმა და მოლაპარაკებები მთავარ თემებზე, რაც ოპოზიციას აქვს წამოყენებული“, – განაცხადა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები