კახა კალაძე: გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ და ერთი ადამიანის, სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ
“გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ, მუშაობას პარლამენტში გააგრძელებდნენ და ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს.
„გამიხარდებოდა, თუკი პარლამენტში სხვა კონკრეტული ოპოზიციური პარტიები შევიდოდნენ, მუშაობას პარლამენტში გააგრძელებდნენ და ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის მძევლები არ იქნებოდნენ. ეს ნამდვილად გამიხარდებოდა! ჩვენ ხომ ქვეყნის მომავალზე ვფიქრობთ, ხომ ვფიქრობთ იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღდეს, გაჩნდნენ ახალი პოლიტიკოსები, გაჩნდეს ახალი პოლიტიკური პარტიები. კონკრეტულ პოლიტიკოსებსა და პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებში საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდა, მათ პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ და ეს ყველამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის გუშინ შედგა.