“დავრჩებით მეგობრებად” – ანზორ ბიწაძე პარტიიდან გიგლა ბარამიძის წასვლის მიზეზად დაპირისპირებას გამორიცხავს
გიგლა ბარამიძის მიერ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” დატოვების მიზეზად პარტიის წევრი, ანზორ ბიწაძე გუნდის შიგნით რაიმე სახის დაპირისპირებას გამორიცხავს.
ბიწაძის თქმით, მან არ იცის, თუ სად გააგრძელებს უკვე ყოფილი თანაპარტიელი მოღვაწეობას.
“ჩვენ ვისაუბრეთ ბატონ გიგლასთან ერთად რამდენჯერმე ამ საკითხზე, ძალიან მეგობრულად. ის არის ჩვენი მეგობარი და, რა თქმა უნდა, ჩვენს მეგობრად რჩება. არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა, ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. მე რამდენადაც ვიცი, ბატონ გიგლას ჯერ ჩამოყალიბებული არ აქვს თავისი გეგმები, სავარაუდოდ, ის პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას არ აპირებს და ამის სურვილი არ აქვს, თუმცა, ჯერჯერობით, თავადაც არ არის ჩამოყალიბებული ამ გეგმებთან დაკავშირებით. როგორც უნდა იყოს, ჩვენ ვართ მეგობრებიც ძალიან ახლო და ასეთებად დავრჩებით და, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ იმ განვლილ 8 წელს, რომელიც ერთად გავატარეთ ძალიან მძიმე ბრძოლაში სხვადასხვა ეტაპზე”, – განაცხადა ანზორ ბიწაძემ.
”ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობიდან” წასვლის მიზეზად პარტიის ყოფილი გენერალური მდივანი, გიგლა ბარამიძე პირად გადაწყვეტილებას ასახელებს და ნინო ბურჯანაძესთან ან პარტიის სხვა წევრებთან დაპირისპირებას გამორიცხავს.