ზაჰესის მთავარი ინჟინერ-ელექტრიკოსი, რომელიც 1937 წელს დახვრიტეს

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.


მიხეილ ივანეს ძე მაჭავარიანი დაიბადა 1898 წლის 28 მაისს მთარგმნელის, ივანე მაჭავარიანისა და ნინო სულხანიშვილის ოჯახში.

1916 წელს ჩააბარა პეტროგრადის პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული განყოფილებაზე, თუმცა იმავე წელს ჩაეწერა მოხალისედ და იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის ახალციხის ფრონტზე. 1917 წელს დაბრუნდა პეტროგრადში.

1919 წელს, ნოე ჟორდანიას მთავრობის დაფინანსებით, სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა საფრანგეთში, გრენობლის უნივერსიტეტში და 1924 წელს მიიღო ინჟინერ-ელექტრიკოსის დიპლომი.

თავისუფლად ფლობდა რუსულ, ფრანგულ და იტალიურ ენებს.

საქართველოში დაბრუნდა 1927 წელს, კითხულობდა სალექციო კურსს საქ. პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იყო საქართველოს პირველი ელექტროსადგურის, ზაჰესის მთავარი ინჟინერ-ელექტრიკოსი.

დააპატიმრეს: 1937 წლის 2 სექტემბერს.

სამუშაო ადგილი დაპატიმრებისას: ამიერკავკასიის რკინიგზის ელექტრიფიკაციის განყოფილების საპროექტო განყოფილების უფროსი.

ოჯახური მდგ.: ცოლშვილიანი.

საცხოვრ. ადგილი: თბილისი, გორკის ქ. №31.

ბრალად დასდეს, რომ:

იყო გადაბირებული ამიერკავკასიის რკინიგზის კ/რ ტროცკისტულ ორგანიზაციის წევრის, ლევინის მიერ, ეწეოდა მავნებლობას რკინიგზის ელექტიფიკაციის დაპროექტების ხაზით, რის შედეგადაც თბილისი-აღსთაფის მონაკვეთზე ზარალმა შეადგინა ოთხი მილიონი მანეთი. მენშევიკურმა მთავრობამ საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად, სადაც 1925 წლამდე რჩებოდა საქართველოს მოქალაქედ. სსრკ-ში დაბრუნების შემდეგ ინარჩუნებდა კავშირს საზღვარგარეთთან. იყო შოვინისტურად განწობილი და ეწეოდა ა/ს აგიტაციას.

სხდომის თარიღი: 1937 წლის 25 დეკემბერი.

სხდომაში მონაწილეობდნენ: გოგლიძე, წერეთელი, ტალახაძე, მოროზოვი.

დახვრეტის თარიღი: 1937 წლის 26 დეკემბერი.

ნათესავებს განუცხადეს, რომ გარდაიცვალა 1945 წლის 25 იანვარს, ტვინში სისხლჩაქცევით.

რეაბილიტირებულ იქნა საქართველოს უმაღლესი სასამართლოს 1956 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები