“ვაქცინის მწარმოებლების მოთხოვნაა, ზიანის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ, საქართველოც უზრუნველყოფს, რომ პასუხისმგებლობა საკანონმდებლო დონეზე დააფიქსიროს”

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის, რაც გულისხმობს ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინის სწრაფად შემოტანას.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, გარდა ინფრასტრუქტურული მზაობისა, საკანონმდებლო ბაზაც უნდა არსებობდეს.

„საქართველო კორონავირუსთან ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რაც შეიძლება სწრაფად ქვეყანაში მაღალი ხარისხის ვაქცინა შემოვიტანოთ და, პირველ ყოვლისა, მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაცია მოვახდინოთ. შემდეგ ის გავრცელდეს, პრაქტიკულად, მთელ მოსახლეობაზე. ინფრასტრუქტურული მზაობის გარდა, ამისთვის საჭიროა, საკანონმდებლო ბაზა იყოს მზად და გარანტირებული. სახელმწიფოს მხრიდან იყოს აღებული პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესში შესაძლო დამდგარ ზიანთან დაკავშირებით, თუ ეს ზიანი არ არის მედპერსონალის, კლინიკის ან იმპორტიორის შეცდომით განპირობებული. ასეთი მოთხოვნა მწარმოებლებს აქვთ.

ჩვენ ვკონტაქტობთ მწარმოებლებთან კოვაქს პლატფორმის საშუალებით, რომელიც შექმნილია ვაქცინაციის გლობალური ალიანსის მიერ. მწარმოებლებს აქვთ მოთხოვნა, რომ, ზიანის დადგომის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ქვეყნებმაც გაიზიარონ. ასეთი საკანონმდებლო ცვლილება და ამ მოთხოვნის უზრუნველყოფა მოახდინა უკვე ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და არა მხოლოდ მათ. ამიტომ, საქართველოც უზრუნველყოფს, რომ აიღოს ეს პასუხისმგებლობა და საკანონმდებლო დონეზე დააფიქსიროს, ხელი არ შეუშალოს, ქვეყანაში ვაქცინა სწრაფად შემოიტანოს და ის მაღალხარისხიანი იყოს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები