„14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ჩვენი აივნებიდან, სარკმლებიდან გადმოვფინოთ დროშა და ამით გამოვხატოთ პატივისცემა“
“მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს ჩვენი აივნებიდან, სარკმლებიდან გადმოვფინოთ დროშა და ამით გამოვხატოთ პატივისცემა”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფოტოგრაფმა – გოგა ჩანადირმა, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერმა – რუსუდან თევზაძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ – მირიან ხოსიტაშვილმა განაცხადეს.
იდეის ავტორები ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და მედიაჰოლდინგ „კვირას“ დამფუძნებელი, ქეთი ხოსიტაშვილი არიან.
„2004 წელს ახალი სახელმწფო დროშა დამტკიცდა, ეს, ორგანული კანონის საფუძველზე, 17 წლის წინ, 14 იანვარს მოხდა. შესაბამისად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ დადგინდა. დროშა ჩემთვის ასოცირდება სახელმწიფოს თვითმყოფადობის ერთ-ერთ სახესთან, რადგან ესაა სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლიკა. ჩვენი წინაპრები სახელმწიფო დროშის ღირსებას სახელმწიფოსთან ერთად იცავდნენ.
დღეს, სამწუხაროდ, უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არ არის მძაფრად სახელმწიფო დროშის, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სიმბოლოს ღრმა პატივისცემა. მინდა, საქართველოში სახელმწიფო დროშის მიმართ პატივისცემა გაიზარდოს. ის არა მხოლოდ ჩემპიონებისთვის იწეოდეს მაღლა, არამედ თითოეული მოქალაქისთვის იმიტომ, რომ ამ დროშის ქვეშ სრულიად საქართველოა გაერთიანებული.
წელსაც გადავწყვიტეთ, აღვნიშნოთ დროშის დღე. მოვუწოდოთ განსაკუთრებულად კერძო პირებს – ჩვენი აივნებიდან, სარკმლებიდან გადმოვფინოთ დროშა. შევახსენოთ ერთმანეთს, რომ გვაქვს ფანტასტიკური ფორმის, შინაარსის დატვირთვის ხუთჯვრიანი დროშა. გამოვფინოთ დროშა და ამით გამოვხატოთ პატივისცემა მის მიმართ.
არ შემიძლია, მადლობა არ ვუთხრა ქეთი ხოსიტაშვილს. ქეთიმ და მე წლების წინ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დროშის პატივისცემის კულტურა გაზრდილიყო ჩვენთან. ქეთი „კვირას“ დამფუძნებელია, შესაბამისად, თავმდაბლობს, რომ არ გამოჩდეს აქ. მინდა, მას მადლობა ვუთხრა ამ მოტივაციისთვის. ეს მე მარწმუნებს, რომ მას ძალიან უყვარს სახელმწიფო დროშა, სახელმწიფო სიმბოლოები, შესაბამისად, სახელმწიფო. ეს მაფიქრებინებს, რომ ვიდრე ქეთი არის ამ იდეის გვერდით, კიდევ უფრო მეტი გაკეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებაში სახელმწიფო დროშის პატივისცემა გავზარდოთ“, – განაცხადა გოგა ჩანადირმა.
შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ-კანცლერის, რუსუდან თევზაძის განცხადებით, დროშისადმი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეობასა და სახელმწიფოებრიობის განცდას განსაზღვრავს.
„14 იანვარს აღინიშნება საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე. ამ დღის აღნიშვნას თეატრისა და კინოს უნივერსიტეტიც უერთდება. შარშანაც შევუერთდით, გარკვეული ტიპის ღონისძიებები ჩატარდა. წელს კი, სამწუხაროდ, პანდემიის გამო ვერ ხერხდება დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება. ვწუხვართ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მოგეხსენებათ, სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. მხოლოდ საუბარიც ძალიან მნიშვნელოვანია ამასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ სახელმწიფო დროშის დღეა, ძალიან მნიშვნელოვანია. დროშისადმი პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ჩვენს მოქალაქეობასა და სახელმწიფოებრიობის განცდას განსაზღვრავს.
რაც შეეხება 14 იანვრის მეორე მხარეს – 14 იანვარი გახლავთ ქართული პროფესიული თეატრის დღე, რომლის დასაბამი არის 1850 წლიდან, მაშინ – როდესაც დაიდგა ერისთავის „გაყრა“ და პირველად შედგა მისი წარმოდგენა. ამ დღის შემდეგ ქართულ თეატრის დღე აღინიშნება, რომელიც მაღალი ღირებულების მატარებელია და ამ ორი თარიღის დამთხვევა, შეიძლება ითქვას, რომ კონცეპტუალურად ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რადგან დროშა სახელმწიფოს იდენტობის მაჩვენებელია. ვფიქრობ, ქართული თეატრიც ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ღირებულებების მატარებელია. შესაბამისად, ქართული თეატრის დღის აღნიშვნაც ძალიან არსებითია საქართველოსთვის.
რაც შეეხება ღონისძიებებს. სამწუხაროდ, ვერ შედგება გარკვეული ღონისძიებები, რომლებიც დაიგეგმა. ერთადერთი შესაძლებლობა, რაც დღეს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში გვაქვს, არის ის, რომ ჩვენს უნივერსიტეტში ფუნქციონირებს პროფესიული ტელევიზია – Tafu Tv. აღნიშნულ პლატფორმაზე 14 იანვარს გავა გარკვეული ტიპის მიძღვნები და გადაცემები ამ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, ერთი პატარა პასაჟი: მოვუწოდებ განათლების სამინისტროს, რომ ინსტიტუციურად, პროცედურულად განათლების ყველა საფეხურზე დაინერგოს გარკვეული ტიპის ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად სავალდებულო აღნიშვნის იქნება“, – განაცხადა რუსუდან თევზაძემ.
ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილის, მირიან ხოსიტაშვილის თქმით, პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახელმწიფო დროშის დარბაზია გახსნილი.
„მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო, ქართული თეატრი, გარკვეულწილად, ქართული იდენტობის გამომსახველი იყო. თითოეული დადგმული სპექტაკლი სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ქართულ, ეროვნულ მახასიათებელს ატარებდა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ამ დღის აღნიშვნა სახელმწიფო დროშის დღესთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფო დროშა არ უნდა აღვიქვათ მხოლოდ ამ ქვეყანაში მცხოვრები ერთი ეთნოსის დროშად. ცხადია, ეს დროშა ეკუთვნის ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს. უნდა მოვუწოდოთ საზოგადოებას, რომ კიდევ უფრო აქტიურად გამოხატონ პატივისცემა დროშისადმი, რაც გამოიხატება თუნდაც აივნიდან დროშის გადმოკიდებით.
გასულ წელს დავაანონსეთ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნებოდა დროშის დარბაზი. ცხადია, გავხსენით ასეთი დარბაზი, უბრალოდ, პანდემიურმა მდგომარეობამ შეგვიშალა ხელი, რომ ეს სივრცე ფართო საზოგადოებისთვის ყოფილიყო ღია. მინდა, გითხრათ, რომ ეს ის დარბაზია, სადაც 2003 წელს პირველად, ელდარ შენგელაიას ხელმძღვანლობით შეიკრიბა ჰერალდიკის გაფართოებული საბჭო, სადაც განიხილებოდა ეს დროშა. სწორედ ამ სივრცეშია წარმოდგენელი ის ისტორიული დოკუმენტები, რომლებიც აღნიშნავს იმას, რომ მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში ევროპელი ვაჭრები, მოგზაურები თუ სახელმწიფოები საქართველოს აღმნიშვნელად სწორედ ხუთჯვრიან დროშას გამოიყენებდნენ. როგორც კი საშუალება გვექნება, ფართოდ გავაღებთ ამ დარბაზის კარს. რასაკვირველია, ვუერთდებით იმ მოწოდებას, რაც გულისხმობს განათლების სამინისტროს უფრო მეტად გააქტიურებას, რათა სკოლამდელ ასაკში თუ სასკოლო პერიოდში მოსწავლეებს გარკვეული ღონისძიებებით მივაჩვიოთ სახელმწიფოსადმი, მისი სიმბოლიკისადმი პატივისცემას. ამ დარბაზში ვუმასპინძლებთ არაერთერთ ექსკურსიას, სადაც ჩვენს მომავალ თაობას ვაჩვენებთ, ისტორიული თვალსაზრისით რა დატვირთვა ჰქონდა ამ დროშას და რა დატვირთვა აქვს დღეს, რატომ უნდა ვცეთ პატივი სახელმწიფო დროშას“, – განაცხადა მირიან ხოსიტაშვილმა.
თამუნა შეყილაძე