ზაალ უდუმაშვილი: საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს
„აქ მთავარი ის არის, რომ 3 თვის შემდეგ რაც უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად, ვერაფერს მივაგნებთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე საუბრისას განაცხადა.
უდუმაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ საგამოძიებო კომისიის შექმნას აზრი არ აქვს.
„აქ მთავარი ის არის, რომ 3 თვის შემდეგ რაც უნდა გამოვიძიოთ და ვიკვლიოთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბუთებში, პრაქტიკულად, ვერაფერს მივაგნებთ. წარმოიდგინეთ, 31 ოქტომბრის ღამეს როგორ დაწერეს ოქმები, ახლა, ამ 3 თვის განმავლობაში ყველაფერი გადასწორებული, ჩასწორებული და მართლაც გადაწიკწიკებული ექნებათ, ხომ, ვინ შეუშლიდათ ხელს. ამიტომ, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას არანაირი აზრი არ აქვს. საგამოძიებო კომისია კი არა, 31 ოქტომბრის შემდეგ რაც მოხდა და როგორც მიიტაცეს არჩევნები, აქედან ერთადერთი გამოსავალი არის მხოლოდ ახალი არჩევნები“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თებერვლის პირველივე კვირაში საპარლამენტო არჩევნების შესახებ საგამოძიებო კომისია შეიქმნება და ოპოზიციურ პარტიებს საპარლამენტო მუშაობასა და საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში ჩართვისკენ მოუწოდა.