„ვახტანგ გორგასალი“ არ არის მხოლოდ ჩემი დაწერილი, უფალი შემეწია“

ცხოვრობს კასპში. დაამთავრა ჯერ ამავე ქალაქის 1 საშუალო სკოლა, შემდეგ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ფილოლოგიის ფაკულტეტიც იზიდავდა, მაგრამ პრიორიტეტი ჟურნალისტიკას მიანიჭ.
თავიდან ლექსებს წერდა, შემდეგ პროზაულ ნაწარმოებებს მიანიჭა უპირატესობა.
„27 წლამდე ვფიქრობდი, მას მერე – ვწერ. ერთი წიკლაურის ცოლი და სამი წიკლაურის დედა ვარ. სადაა ყოველთვის დრო და მოცალეობა?! – ამბობს.
წიგნად დაბეჭდილი ნაწარმოები არ აქვს… „საბაზე“ დევს მისი ელექტრონული წიგნები: მოთხრობების კრებული „უკან, ზევით“… ისტორიული რომანი „ვახტანგ გორგასალი, რომელსაც თავად დიდ შეფასებას აძლევს. ესაა, ალბათ, ის, რისთვისაც უნდა დამეწყო წერა. ამბობს, რომ „ვახტანგ გორგასალი” მხოლოდ მისი დაწერილი არ არის და  უფალი შეეწია.
წერასთან ერთად ხატავს. შექმნა ხატწერის რამდენიმე ნიმუში. აპირებს საკუთარი წიგნების ილუსტრაციებით გაფორმებას.
2020 წელი მის ცხოვრებაში წარმტების წელი იყო – რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის“ კონკურსში მეორე პრემია დაიმსახურა მოთხრობისათვის „ბერდია“. – მწერალ ნინო მანძულაშვილის პერსონა.

ნინო მანძულაშვილის ხატწერა

– ბავშვობა სხვადასხვაგვარად მახსოვს, ფერებით, ხმებით, სურათებით, სურნელით…
მამის სახე მაგალითივით შემომრჩა: მშვიდი, გაწონასწორებული კაცი, მისი პირიდან უწმაწური სიტყვა არ მოხვედრია ჩემს ყურს. სამი ქალიშვილის პატრონი, ვფიქრობდი, სხვაგვარი ვერ იქნებოდა. არასდროს გვსჯიდა და გვემუქრებოდა. მეგობრულად გვარიგებდა. ხშირად ამაყობდა შვილებით. იმ დროიდან თუ მომდევს უხერხული შეგრძნება ქების დროს.  ახლაც ყველაზე მეტად, მგონია, მან,  ბატონმა ანზორმა გაიხარა. დამირეკა, პანდემიის პირობებში შორს მყოფმა, შენს ბიძებთან ერთად  შენი წარმატების სადღეგრძელოს ვსვამო.
დედა… ლენა, ელენე, ილიანა… მოლდაველია… ეროვნულ ქორეოგრაფიულ ანსამბლს ჩამოჰყვა საქართველოში და მეორე სამშობლო იპოვა… ჩემთან ერთად ისწავლა ქართული ანბანი, წერა-კითხვა.  მეზობლებთან ყავის დასალევად დამჯდარი არ მახსოვს. მთელი დღე საქმობდა. ხელსაქმე, ხატვა ეხერხებოდა. გასართობად და თავშესაქცებად სად ეცალა?! ბუღალტერი იყო ცემენტის ქარხანაში. საკანცელარიო ნივთების, ქაღალდის სუნი მის უჯრებში ძრომიალისას თუ შემიყვარდა.
მამასთან ერთად წაიკითხა ახლა „ბერდია“. მისაყვედურა ღიმილით: ცოტა იოლად გასაგებად ვერ დაწერე, მამაშენი გავაწვალეო.
  კასპის №1 საშუალო სკოლა დაამთავრეთ. წერა სკოლიდანვე გიყვარდათ?

ნინო მანძულაშვილის ხატწერა

– წერა მიყვარდა-მეთქი, ვერ ვიტყვი, უფრო – გამომდიოდა. სკოლაში ქართული ენის  საკონტროლო სამუშაოს დაწყებამდე მეშინოდა; რომ დავწერდი, მიკვირდა. სიყვარულით ახლა მიყვარს. თუმცა ახლაც მიკვირს, ჩემს დაწერილს რაღაც პერიოდის შემდეგ რომ წავიკითხავ ხოლმე. თითქოს სხვამ დაწერა. ვაღიარებ, ცუდი მახსოვრობა მაქვს. წაკითხული წიგნებისა ბევრი არაფერი მახსოვს ხშირად.
ჟურნალისტობას რაც შეეხება…  ცამეტი წლის ვიყავი, ჩემი უფროსი და, მაია რომ გათხოვდა. სიძე, სპორტული ჟურნალისტი, ბესტსელერად ქცეული „მესისა” და სხვა რამდენიმე წიგნის ავტორი, ვაჟა სიმონიშვილი, მაშინ ტექნიკური უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე იყო. ნანატრი უფროსი ძმა გამომიჩნდა. ჩემდაუნებურად, მივბაძე პროფესიის არჩევისას, თუმცა ეროვნული გამოცდების სპეციფიკამაც მოახდინა გავლენა: ფილოლოგიის ფაკულტეტიც მიზიდავდა, მაგრამ პრიორიტეტი ჟურნალისტიკას მივანიჭე.
სტუდენტობის პერიოდი…
– სტუდენტობის პერიოდი ჩემთვის სახალისო არ ყოფილა. ახლაც ჩემი ქალაქის სტუდენტების დიდი ნაწილი კასპიდან ყოველდღიურად დადის თბილისში. მე და ჩემს მეუღლესაც ასე გვიწევდა. იმდენად დამღლელი იყო, მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებაზე არც მიფიქრია. მეცადინეობა ხშირად გზაში, მატარებელში მიწევდა.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ვთვლი, რომ იმ წლებმა შემცვალა. თავქარიანი ბავშვიდან პიროვნებად ჩამომაყალიბა. ახლაც მახსოვს ბატონი თამაზ ჯოლოგუას ღიმილნარევი ლექციები… მისი თბილი ხმა… თითქოს, მონატრებულ, შინ მისულ შვილებსა და შვილიშვილებს გვიყვებოდა თავშესაქცევ ამბავს, ასე წარმართავდა ლექციას, საინტერესოდ, სახალისოდ და სააზროვნოდ.
27 წლამდე ვფიქრობდი, მას მერევწერო. ხან ვწერ, ხან ისევე ფიქრად მეკარგება აზრებიოპირველი ნაწარმოები

ნინო მანძულაშვილის ხატწერა

– ცოტ-ცოტას ვწერდი ბავშვობაშიც, მაგრამ ორი-სამი წლით რომ „დავბრძენდებოდი” ხოლმე, რომ გადავიკითხავდი, ვანადგურებდი… არაფერი შემომრჩა სკოლისდროინდელი. მხოლოდ რამდენიმე ლექსი. ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, 27 წლისამ დავიწყე წერა, თუმცა  ჩემს მოგონილ ამბებს ბავშვებს მანამდეც ვუყვებოდი.
20 წლისას მეყოლა პირველი შვილი, ნიკოლოზი… რომ წამოიზარდა, აღარ ჰყოფნიდა „წიქარა“ და „კომბლე“. თავნება იყო, ძილის წინ იმდენ ზღაპარს ითხოვდა, რამდენი წლისაც იყო. სამი, ოთხი, ხუთი… ემატებოდა ნელ-ნელა. ვიგონებდი მეც… მერე როდისღაც, ხელახლა მოყოლა მოინდომა. სხვანაირი რომ გამომივიდა, აჯანყდა, ეგრე არ იყოო. მივხვდი, აჯობებდა, ჩამეწერა. ნიკას შარიანობის ამბავი რომ ვიცოდი, ვერ გამოვაპარებდი უნებლიე შეცდომებს.
ახლა ნიკოლოზი 12 წლისაა. მიხარია მისი მაშინდელი ბავშვური სიჯიუტე. ჩემზე ბევრად კარგი მკითხველია. მისი დამსახურებაა პირველი ნაწარმოები – „მაგდა ქართველიშვილის თავგადასავალი“.
ამბობთ, რომ სტატიებზე მეტად მხატრული ნაწარმოებების წერა გიყვართროგორ დაახასიათებდა ჟურნალისტი ნინო მანძულაშვილი მწერალ ნინო მანძულაშვილს?
– არ ივარგა ჟურნალისტად! საკუთარი თავი მხატვრულ ლიტერატურაში იპოვა და აღარ თვლის, რომ უსარგებლოდ ფანტავს უფლის მოცემულ ტალანტებს.
უკან, ზევით“, – „საბაზედევს თქვენი კრებული, რომელშიც მოთხრობები, ჩანახატები და მოგონებებია გაერთიანებული. რატომ არის ეს კრებული თქვენთვის, როგორც შემოქმედისთვის, მნიშვნელოვანი?
– კრებული ჩემი ბავშვობის დროინდელი (და არა მარტო) მოგონებებითაა სავსე. უკან, ზევით, უნდა დავბრუნდეთ.  არა უფალს არ ვგულისხმობ, თუმცა ესეც გარდაუვალია, არამედ მთის სიწმინდეს.  ნატვრად მაქვს მთაში დაბრუნება, მიუვალებში მიკარგული ტაძრებისა და სალოცავების დაბზარული კედლებისათვის ლოცვის გაგონება.
საბჭოთა ხელისუფლების მიერ ერთ ღამეში დაცლილ სოფელზე, ვარჯაანზე თუ სმენია ვინმეს, ანდა თუ ყოფილა იქ, დამეთანხმება, ღირს ოცნებად.
კასპის რაიონში, თრიალეთის ქედზეა ეს სოფელი, ჩრდილოეთით უცქერის თავჭაღარა კავკასიონს. მის ფერხთითაა კასპი გადაშლილი. როგორი ნისლივით მტვერიცაა ხანდახან კასპში, იმისი შესაფერი სიწმინდეა იქ მუდმივად. გამჭვირვალეა ცა. ყვავილებითაა მორთული მინდვრები. შველიც კი ვნახეთ ტყის პირას, ხელის გასაწვდენზე.
ჩემს მეუღლეს, ვანოს აქვს ბებიის დანატოვარი მიწები. სახლის აშენებამდე შორია. უგზოობაა. სიყვარულისთვის და მონატრებისთვის არაა დაბრკოლება. ვცდილობთ, ბავშვებსაც შევაყვაროთ. ჩვენი აივნიდან ჩანს. წელამდე თოვლია ზამთარში. რისი ბაკურიანი და გუდაური?!
 saba.com.ge –ზე განთავსებულია აგრეთვე თქვენი ისტორიული რომანივახტანგ გორგასალი“, რამ განაპირობა ისტორიული რომანის დაწერა ვახტანგ გორგასალზე?
– ვერ გეტყვით, რამ გამაბედვინა. წმინდან მეფეზე წერა  იოლი არაა, თუკი მართლმადიდებლად თვლი თავს. კასპის საკათედრო ტაძარი სწორედ ვახტანგ გორგასლის სახელობისაა. შთაგონებად  ვახტანგ ჭელიძის „ქართლის ცხოვრების ქრონიკები” იქცა. იმდენად ვერ მოვერიე თავს, გავკადნიერდი და კურთხევა გამოვთხოვე მოძღვარს, ანდრია მინდოდაშვილს.
თავისთავად დაიწერა 2015 წლის შობის მარხვაში, სულ რაღაც ორიოდ თვეში. ჩემი უძვირფასესი მასწავლებელი, მარინა მენაბდიშვილი ახლაც პირველ საჯარო სკოლაში ასწავლის ქართულ ენასა და ლიტერატურას. გავბედე და მას წავაკითხე პირველი ორმოციოდე გვერდი. მოეწონა. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი რეცენზია იყო. გასაგრძელებლად გამაქეზა. მისი იმედების გამართლება დიდი სიხარული იყო.
ვთვლი, რომ ამისთანა  რთულად დასაწერი, მაგრამ იოლად შესრულებული არც ერთი სხვა ნაწარმოები არ მაქვს. ვერც მასზე ღირებულსა და მნიშვნელოვანს დავწერ ვერასდროს. ესაა, ალბათ, ის, რისთვისაც უნდა დამეწყო წერა. ამპარტავნობაში არ ჩამითვალოთ. „ვახტანგ გორგასალი” არ არის მხოლოდ ჩემი დაწერილი, მხოლოდ ჩემი დამსახურება. უფალი შემეწია. მადლობა ამ წყალობისათვის. მისი ნების გარეშე ხომ თმაც არ ჩამოუვარდება კაცს თავიდან.
ლექსების ონლაინკრებულიფერისცვალება“… როდის წერთ ლექსებს და როდის პროზას?
– ახლა ლექსებს თითქმის აღარ ვწერ. 2015-16-17 წლები იყო ჩემი პოეტური ხანა.  მგონი, დასრულდა.  იმ პერიოდში სულიერად მიჭირდა. ლექსებიც მგონია, რომ  სულის წუხილის ნაყოფია.
თქვენმა მოთხრობაბერდიამრევაზ ინანიშვილის სახელობისერთი მოთხრობისკონკურსში გაიმარჯვა და მეორე პრემია  მოიპოვა. სიუჟეტი რეალურ ამბავს ხომ არ ეფუძნება?
– როდესაც დავასრულე „ვახტანგ გორგასალი”, საოცარი სიცარიელის, უკმაყოფილების განცდა დამრჩა, როგორც მკითხველს: დიდებული მეფე დაიღუპა! საქართველო დაობლდა! გაგრძელება შეუძლებელია! მორჩა და გათავდა…
ამ სიცარიელიდან შემდეგში გაჩნდა პატარა მოთხრობები… ზოგი გაიზარდა  და მოთხრობაც აღარ ეთქმის… იქნებ მეორე ნაწილადაც შედგეს… ერთ-ერთია „ბერდია”. აქ ნახსენები ლუკა ბერი აქტიური პერსონაჟია „ვახტანგ გორგასალში”. სხვა მოთხრობებიცაა ონისეს ძმებზე, მამაზე, დაჩი უჯარმელზე.  სიუჟეტი არაა რეალური.
თავად თქვენ თქვენი შემოქმედებიდან რომელ მოთხრობას გამოარჩევდით შექმნის საინტერესო ისტორიით?
– ერთი მოთხრობაა, „ღვთისა ვარ”. ონისეს ძმაზეა, ღვთისავარზე. სულ ორიოდე გვერდია. კასპის რაიონის სოფელ გუდალეთში ვიყავით იმ ზაფხულს მე და ჩემი და ბავშვებით. მოქმედი ტაძარი არსად იყო. კვირაობით წირვაზე წასვლის სურვილი არ ასვენებდა დას, ფოფოდია ირინეს. არ ვიცი, როგორ მიაგნო… იქვე, სახლთან ახლოს… მიტოვებული ბაღი უნდა გადაგვევლო, მუხების ძირში, მთსავე ფესვებში გამომწყვდეული უსახურავოდ, უკაროდ დარჩენილი მცირე ეკვდერი რომ დაგვენახა. არ ჩანდა გზიდან. სწორედ ამ ეკვდერის ამშენებელია იმ მოთხრობაში ღვთისავარი. ერთი ხარის ანაბარა მარტო ეზიდება ლოდებს. არ დავუფასეთ შთამომავლობამ.
ხატავთწერთ ხატებს, მუშაობთ ილუსტრაციებზე მომავალში გამოსაცემი საბავშვო წიგნებისათვის

ნინო მანძულაშვილის ხატწერა

– ხატწერა სულიერი საზრდოა, ნიჭის ღვთის სადიდებლად გამოყენება. პროფესიონალი ხატმწერი, ასე თუ შეიძლება თქმა, მე არ ვარ. ჩემი და – ირინეა. მე უბრალოდ ასე გამომივიდა. ერთხელაც ავიღე მისი მოცემული ფუნჯი და საღებავი და დავიწყე. როდესაც ხატი მაქვს დასაწერი, მოთხრობების წერაზე ვერ ვფიქრობ. მაშინ მთლიანი ჩემი თავისუფალი დრო ხატწერას ეთმობა. შეიძლება, ორი-სამი თვე ვერ დავასრულო ერთი ხატი. მას განსაკუთრებული მდგომარეობა, სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა სჭირდება. ყოველთვის არ გამოვა.
ილუსტრაციებს რაც შეეხება, სულ ახლახან გართობასავით დაიწყო. როგორ განვითარდება, მომავალში ვნახავთ. არ მინდა, ჩემს ანც და კუდრაჭა პერსონაჟებს სხვისი დახატული სახეები ჰქონდეთ. ამიტომაც მე მომიწევს მათი დახატვა.
ჰობი
– სამი შვილის დედას, აბა, ამისთვის სად უნდა მეცალოს?! თუმცა მაქვს. ვცდილობ ვადების გამრავლებას, დაკალმებას. ხან ვახერხებ, ხან ვერა. სათითაოდ ვყარაულობ გასაშლელ კოკრებს. მიყვარს მათ სურნელში გახვეულს ეზოში მარტოდ ჯდომა. მარტოობაა, ალბათ, ჩემი ჰობი. ახლა დავფიქრდი, კითხვამ მოიტანა. მარტოობაში ფიქრი და წერა. შესანიშნავადაა საქმე, როცა ჰობი და ძირითადი საქმიანობა ემთხვევა. თუმცა ჩემი ძირითადი საქმიანობა ჰობი არაა, არამედ დედობა.
ოჯახი

ჯვრისწერა სამთავისის ტაძარში – მოძღვარი მამა გიორგი მურღული

– მყავს მეუღლე, ვანო წიკლაური. სამი შვილი: 12 წლის ნიკოლოზი, 8 წლის სალომე და 1 წლის ანა. ანა უფლის საჩუქარია, „არასავალდებულო შვილი” ახლანდელი გაუკუღნმართებული დედაშვილობის შეხედულებებითა და სტანდარტებით. ოჯახის ძალა, სიხარული და სიტკბო.
ვფიქრობ, უმთავრესი ვალი და საქმე დედისა შვილების აღზრდაა. ამიტომაც უარი ვთქვი ისეთ სამსახურზე, რომელიც სახლიდან გასვლას მაიძულებდა. მირჩევნია, აკლდეთ დედის ხელფასი, საჩუქრებით განებივრება და არა – აღზრდა. ვწუხვარ იმ დედების ნაცვლად, ვისაც არა აქვთ არჩევნის საშუალება, ვინც იძლებულია, იმუშაოს. მადლობა ამისათვის ჩემს მეუღლეს. რომ არა ის, წერისთვისაც არ მეცლებოდა. ჩვენს სხვანაირი თვისუფლებით სავსე ეპოქაში ძნელია, სამსახურში მორბენალმა მცირეწლოვან შვილებს მიხედო, დარწმუნებული იყო, ცუდს არაფერს გააკეთებენ, თუნდაც დედის მოსვლამდე თვალებს არ დაიბრმავებენ ეკრანის ცქერით. ჩემთვის ურთულესი გამოდგა, ვერ შევძელი.
სამომავლო გეგმები
– ვეცდები,  ნაბეჭდ წიგნად გამოვცე „ვახტანგ გორგასალი”. ქალაქ კასპის მერია აფინანსებდა მინიმალურ ტირაჟს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარის, ბატონ ბაღათერ არაბულისგან მიღებული რეცენზიის საფუძველზე. საქმე თითქმის დასრულებული იყო, პანდემიამ და სხვა ფაქტორებმა შეგვიშალა ხელი.
ვწერ და არა მგონია, ოდესმე აღარ მინდოდეს წერა.
ახლა საბავშვო ნაწარმოებზე ვმუშაობ. „ამბავი ლილეს და თევდორეს წარსულში ხეტიალისა” – ასე ჰქვია მას. მინდა ქართველმა ბავშვებმა საქართველოს ისტორია შეიყვარონ. ამიტომ დავახეტიალებ ლილეს და თევდორეს ჩვენი ერის წარსულის ლაბირინთებში.
უდიდესი სტიმული იყო ჩემთვის რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის” კონკურსში გამარჯვება. თითქოს აქამდე მხოლოდ საკუთარი თავისა და შვილებისთვის ვწერდი, ამ კონკურსში გამარჯვებით ის ბარიერი დავძლიე, რომელიც მკითხველამდე მაშორებდა. უდიდსი მადლობა თქვენ დაუღალავი შრომისათვის, მისი ორგანიზებისათვის ასეთ რთულ პირობებში.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები